„დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის შესრულება საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“.
„ეს კანონი ზღუდავს ადამიანის უფლებებს“.
„მსგავსი კანონი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიღებული არ არის, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებში, სადაც ძალიან გვინდა მოვხვდეთ და ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.
ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წინაშე განაცხადა.
სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.
გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება – არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.