„ევროპელმა სოციალისტებმა“  ეუთო-ODIHR -ისა და ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე ისაუბრეს

„ევროპელმა სოციალისტებმა“  ეუთო-ODIHR -ისა და ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე ისაუბრეს

ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების აღმოფხვრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტაციამ  ეუთო-ODIHR -ისა და ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას პარლამენტში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  და ვენეციის კომისიის ერთობლივი დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტით, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარა.

როგორც „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ხმის მიცემისა და დათვლის პროცესის ელექტრონული მეთოდით განხორციელება.

ამასთანავე, დეპუტატის თქმით, უმნიშვნელოვანესია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხის აღმოფხვრა, თუმცა ამ მიმართულებით ჯარიმის გაორმაგება არაეფექტური იქნება.  

„არჩევნების წინა პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების  აღმოსაფხვრელად ჯარიმების გაორმაგება მე არ მიმაჩია ქმედითად. საჭიროა მკაცრი ადმინისტრაციული ზემოქმედება. პირს, რომელიც უკანონო ქმედების ჩადენას შეეცდება, აღარ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება და სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს. ხოლო ჯარიმის გაორმაგების შემთხვევაში, ამ ჯარიმას გადაიხდის დამკვეთი და არა შემსრულებელი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისი თქმით, ასევე გამოსასწორებელია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელიც ამჟამად საჭირო 90 ხმის არარსებობის გამო, 6 თვის ვადით ირჩევა.  

„ეს არანორმალურია – მთავრობას ვირჩევთ 76 ხმით, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს – 90 ხმით. ეს არის მმართველი პარტიის უკან დახევა და მისი არათანმიმდევრული ქმედება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.  

როგორც პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა  დავით ზილფიმიანმა  განაცხადა,  არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პრობლემას მოხსნის ელექტრონული არჩევნები, თუ კი მასში გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი, არამედ ამომრჩევლის  ელექტრონული მეთოდით იდენტიფიკაციაც, ე.წ. ვიდეო-იმიჯის სახით. 

„ამჟამინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით ნაკლებად კრიტიკული ვარ და ძირითადი აქცენტი გადამაქვს 5%-იან სარჩევნო ბარიერზე, რომელიც დღემდე უცვლელი რჩება. ბარიერის დაახლოებით 2,5%-მდე შემცირების მომხრე ვარ, რაც მცირე პარტიებს გასვლის შანს მისცემს, ხოლო ბარიერგადალახულ სუბიექტებს – საკუთარი ჯგუფის ან ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალებას“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*