საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯია სტუმრად ტელეკომპანია სეზონი ტვ- ზე

🔴 რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე და ბირთვული ომის საშიშროება;

🔴 მესამე მსოფლიო ომის პირველი ეტაპი – არსებული საფრთხეები;

🔴 საქართველოს როლი გლობალური პოლიტიკური მოვლენების პარალელურად;

🔴 მუქარები და ომის რიტორიკა საქართველოში;

🔻 ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ სტუმრად ტელეკომპანია „სეზონი ტვ“- ზე.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ეხმაურება ევროპის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა განცხადებებს, რომელთა რიტორიკაც დეპუტატის აზრით, იძლევა საფუძველს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოედოს მთელს მსოფლიოს.

🔶 „ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მოედოს მთელს მსოფლიოს. ის განცხადებები, რასაც აკეთებს ბლინკენი (ენტონი ბლინკენი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ის რიტორიკა და ქმედებები, რომელიც გააჩნია შულცს (მარტინ შულცი – გერმანიის კანცლერი) და ამის პარალელურად გერმანული საბრძოლო ტანკების ჩართულობა (ლეოპარდ 1, ლეოპარდ 2) მიმდინარე პროცესებში, რასაც ემატება ავიაცია, რომელიც საჰაერო სივრცეზე გადის, ეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფართო მასშტაბებია და დიდ საფრთეს ქმნის მსოფლიოსთვის“.

🔶 „თუკი, პირველ ეტაპზე იყო ქვემეხები, რომლის სროლის მანძილი იყო, სადღაც 70 კილომეტრი, შემდეგ ის გახდა 150 კილომეტრი. მერე კი, ქვემეხები გახდა უფრო მეტი სიმძლავრის, რასაც დაემატა ტანკები. ეხლა კი, ემატება ავიაცია და ყველაფერი მიდის საბრძოლო მოქმედებების გაძლიერებისკენ. ეს არის ერთი ნაბიჯი სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. ყველაფერი ეს კი, მესამე მსოფლიო ომისკენ მიემართება, რასაც ემატება ის მდგომარეობა და ის პოზიცია, რაც აქვს ირანს რუსეთთან მიმართებაში და თუ ირანი რუსეთთან ერთად ჩაერთვება პროცესებში, კოლექტიური დასავლეთის არსებობის ფონზე, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია.“

🔶 „უნდა აღინიშნოს, რომ მესამე მსოფლიო ომის პირველი ეტაპი ნათლად არის ფორმულირებული. ეს ყველაფერი დაწყებულია იმ დისბალანსით, რაც სათავეს ევროპაში იღებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში. მხედველობაში მაქვს, ის გარემოება, როდესაც ევროპიდან მოხდა საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანა და ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო ნაწილის დატოვება. სწორედ ამ დისბალანსმა გამოიწვია დღევანდელი მოვლენები.“

🔶 „უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოშიც ერთგვარი ომია. მართალია, არ ისვრიან. ის ზეწოლა, წინააღმდეგობა, რომელიც დღეს ყველა მხრიდან მოდის საქართველოზე, პრაქტიკულად, ომს ნიშნავს. წარმოიდგინეთ თქვენ, აქ ჯარი სადღაც 150 მეტრში დგას ცენტრალური გზიდან. ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს, საქართველო იმ წამსვე იქნება გაყოფილი აღმოსავლეთად და დასავლეთად. დასავლეთი ისედაც გაყოფილია, იქეთ აფხაზეთი, აქეთ აჭარა და თურქეთი. აღმოსვალეთ საქართველო კი, ქვემო ქართლად და სამცხე-ჯავახეთად. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ოთხად გაიყოფა. შეიქმნება უკონტროლო სიტუაცია. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უკვე ვართ ერთგვარ ომში და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. საქართველოსთვის ეს არის ერთგვარი ომი, ასეთ მარწუხებში როცა ვიმყოფებით“.

🔶 „თუ ბირთვული ომი დაიწყო, იქ ვერავინ ვერ გადარჩება. სამწუხაროდ, ყველაფერი მიდის ესკალაციისკენ, ვითარება უფრო ღრმავდება. თუ დღევანდელ მოვლენებს თანმიმდევრობით გავყვებით, დავინახავთ, რომ უკვე ღიად მიდის საუბარი ავია გამანადგურებლების გამოყენებაზე, რომელსაც სჭირდება სპეციალური აეროდრომები, რაც შესაძლოა არ იყოს უკრაინის ტერიტორიაზე. აქ საუბარია თანამედროვე თვითმფრინავებზე, რომლის ინფრასტრუქტურა დღეს უკრაინაში, პრაქტიკულად, არ არსებობს. შესაბამისად, ავია გამანადგურებლები საბრძოლო დავალებების შესასრულებლად უნდა აფრინდნენ ევროპის კონტინენტიდან. მე მხედველობაში მაქვს ნატოს ქვეყნებიდან, რაც იწვევს ნატოს ქვეყნების პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებებში, რაც ყველაზე დიდ საშიშროებას ქმნის და პროცესები ჯერჯერობით, სწორედ აქეთკენ მიდის.“

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მხრიდან გაჟღერებული პოზიციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნების მოსახლეობის 70-80 პროცენტს არც კი აქვს გაცნობიერებული.

🔶 „ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის სახელმწიფოებზე და ქვეყნების მეთაურთა პოზიციებზე. მაგალითისთვის ავიღოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. დღეს მოსახლეობა ისე არ არის ომში ჩართული, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ თუ იბრძოდა ჰიტლერი, ამ ომში მთლიანად იყო ჩართული მთელი გერმანია, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან, მთელი საბჭოთა ხალხი იბრძოდა. ამით განსხვავდება დღევანდელი პროცესები იმ პროცესებისგან. ხალხმა არ იცის რას აკეთებს მაგალითად, პრეზიდენტი მაკრონი (ემანუელ მაკრონი- საფრანგეთის პრეზიდენტი), რას აკეთებს შულცი (მარტინ შულცი – გერმანიის კანცლერი). უფრო მეტიც, გერმანიის მთავრობაში ერთი ერთს ამბობს და მეორე მეორეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მეთაურები ყველაფერზე მიდიან და აქ ჩანს ერთადერთი იმედი. კერძოდ, როცა აშკარა გახდება, რომ სახელმწიფო ერთვება საომარ მოქმედებაში, და ხალხი ღიად დაინახავს ამ საფრთხეებს, მაშინ შესაძლებელია შეჩერდეს ეს ომი. სხვა დანარჩენ შემთხევაში, საკმარისია ბირთვული იარაღის ერთი გასროლა, რომ მას მეორე მოყვება ავტომატურად. სამწუხაროდ, ევროპის მოსახლეობას ჯერ სათანადო დონეზე არ აქვს გაცნობიერებული, თუ საით მიდის მისი ხელისუფლება.“

🔶 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს.

🔶 „ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ მსგავსი საფრთხეები თავიდან იქნება აცილებული“.

🔶 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ბოლო ათეული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, რომლის წინააღმდეგაც ღიად მიდის ბრძოლა ქვეყნის იდენტობისა და მთავარი ღირებულებების დასანგრევად.

🔶 „ათეული წლებია ებრძვიან ჩვენს ადათ-წესებს, რწმენას. იმ იდეოლოგიას, რაზედაც დგას ხალხი. ეს არის იდენტობა, ეროვნული თვითმყოფადობა, ისტორია, წინაპრების პატივისცემა. მით უმეტეს, ტექნოლოგიური მონობის პერიოდში, როდესაც განათლება არ არსებობს, ინფორმაციის მიღება ხდება ინტერნეტით, რაც იძლევა საშუალებას, ადამიანი იყოს მართვადი. შეიძლება უკვე შექმნან ისეთი მიკრო კლიმატი, რომ დაიბადოს ადამიანი, რომლის გენებში იყოს ჩადებული ის თვისებები, რაც ადამიანის სამართავად არის საჭირო. პირდაპირ მიდის მუშაობა იმაზე, რომ ადამიანმა დაკარგოს იდენტობისთვის მახასიათებელი ნიშნები. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე პოსტ საბჭოთა ქვეყნებში იდეოლოგია აღარ არსებობს, მათ შორის რუსეთშიც.“

🔶 „ერთადერთი ჩვენ რაც დაგვრჩა, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოება. ბოლო ათწლეულების მანძილზე ქრისტიანული სარწმუნოების გაძლიერებამ უფრო მეტი ადგილი დაიკავა ჩვენს ქვეყნაში. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამიტომაც დღეს გააფთრებული ბრძოლა მიდის ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ქართველი კაცი გამოიღვიძებს, რაც არ უნდა მოხდეს და ის მაინც გადარჩება. ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს სწორი განსჯა, თუ რა უდნა გაკეთდეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს ხელისუფლებაზე. ეს არის უმძიმესი პროცესი და პრაქტიკულად, ომის ტოლფასია.“

🔶 ფრიდონ ინჯიამ მიმოიხილა საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომელიც მისი განცხადებით, ორ ნაწილად უნდა გაიყოს.
„პირველი ნაწილი, ეს გახლავთ ომის რიტორიკა და მუქარები საქართველოს მიმართ, იმისათვის, რომ ქვეყნაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, გვეომა აფხაზეთში, ქვემო ქართლში… ამას გავუძელით. ამ მოვლენების მეორე ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების დაწესებას უკავშირდება, რაც მეორე ფრონტის გახსნის შემადგენელი ნაწილია.“

🔶 რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში რუსეთის როლს, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ „შესაძლოა რუსეთიც თამაშობს, ან ათამაშებენ, ან არსებობს გარკვეული წრე, ვისაც აქვს სურვილი ომი დაიწყოს ქართველებთან“.

🔶 რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა თვითონ შეწყვიტა ფრენები და თუ აღდგენის სურვილი აქვს, ამ გადაწყვეტილების გასაღები სწორედ მის ხელშია“.

🔶 აქვე დეპუტატმა ხაზი გაუსვა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცალმხრივ პოზიციას.

🔶 „საინტერესოა რატომ არ აკეთებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავე განცხადებებს, ან არა ავლენს ზეწოლას სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც პირდაპირი ფრენები ჩვეულებრივად ხორციელდება. კერძოდ, მოსკოვი-თელავივის, მოსკოვი-ბაქო, მოსკოვი-ერევანი, პეკინი, რიო-დეჟანერო, ანკარა, სტამბულის მიმართულებები. მათ შორისაა, ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა. აქ მხოლოდ ერთი მიზეზია, რომ საქართველო ჩაებას საომარ მოქმედებებში და ის პერსპექტივა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არ იქნას გამოყენებული. კერძოდ, შუა დერეფნის როლი. ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, რომელიც უმნიშვნელოვანესია აზიის ქვეყნებისთვის. მათ შორის, ჩინეთისთვის, რათა გასავლელი გზა ჰქონდეს ევროპაში. დღეს არსებული ვითარებაში, მათ რჩებათ მხოლოდ საქართველოს დერეფანი და ესეც უნდათ რომ დაიკეტოს. ეს ვის სჭირდება?… არიან წრეები როგორც რუსეთში, ისე ევროპაში, რომელთაც ამის სურვილი აქვთ. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა, მართლაც რომ ურთულესია.“

🔶 „ის ფაქტი, რომ საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის არ გვაქვს, იმ ზეწოლის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების დაპირისპირებას რუსეთის ხელისუფლებასთან. იმას რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამის წინააღმდეგ მოქმედებები შედის იმ ხალხის ინტერსებში, ვისაც საქართველოს მომავალი არ უნდა რომ ჰქონდეს. აქ არის მრავალმხრივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.“

🔶 დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაუძლებს ამ ზეწოლას და სახელმწიფო განვითარების გზით ივლის.

🔶 ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლობისტურ კომპანიებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა სიცრუის ტირაჟირებისთვის, რაც დეპუტატის აზრით, კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანის მართვის საქმეში უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს კანონის უზენაესობას. კანონის უზენაესობა არის გარანტი სახელმწიფოს სწორად განვითარებისთვის.

🔶 „პროკურატურამ უნდა ჩამოიღოს საქმეები, რომლებიც წლებია თაროზეა შემოდებული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მე ორჯერ გავაკეთე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც მოვითხოვე 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს საქართველოს სჭირდება სიმართლის დასადგენად, იმისთვის, რომ მომავალში შეცდომა არ იყოს დაშვებული.“

🔶 „კანონის უზენაესობა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი და ამას კი, სჭირდება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება.“

🔶 „ქვეყნის გადარჩენა დამოკიდებულია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს არ სურს ომი არცერთ ერთან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*