„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

🔹️ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პერიოდულად გაიმართება და იგი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ერთ-ერთი ნაწილია.

🔹️„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ევროპასა თუ ამერიკაში, უფრო მეტად ამერიკაში, იმიტომ, რომ ამერიკა მეორე ძალას აფინანსებს 88 მილიონი აშშ დოლარით და ძირითადი მმართველი ძალა არის დაჩაგრული.“

🔹️ „რაც შეეხება თავად ამ 12 პუნქტს… თუნდაც, რომ შევასრულოთ, თქვენ თუ იმის იმედი გაქვთ, რომ შევასრულებთ, ჯერ ერთი – ეს შეუსრულებადია, და ჩვენ მოგვცემენ რაღაც არარსებულ, მოგონილ სტატუსს, ამის იმედი ნუ გექნებათ, არც მე ვარ ამ იმედით მოსული. მე მივიღებ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, იმიტომ, რომ ეს ჩემს მოვალეობაში შედის, როგორც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატისა, მე მონაწილეობა უნდა მივიღო ყველა კანონის განხილვაში,“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹️ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციიდან „დეპოლარიზაციის პუნქტი გამოგონილია სწორედ საქართველოსთვის“. დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ პროცესში უდიდეს როლს ასრულებენ საქართველოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 88 მილიონი დოლარით ფინანსდებიან და რეალურად პოლიტიკური პარტიების ფუნქციას ასრულებენ.

🔹️ „დეპოლარიზაციის პუნქტი ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის არის მოგონილი, იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფოშია პოზიცია-ოპოზიცია, მაგრამ ასეთ დონეზე არ გამოუტანია არავის ეს საკითხი. ის 88 მლნ. არ მისცეთ იმ ხალხს, ვინც აქ იდგა და ებრძოდა მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, ან იგივე თანხა მიეცით სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და პოლარიზაცია ავტომატურად აღმოიფხვრება. ისინი არასამთავრობოები კი არ არიან, ისინი არიან პოლიტიკური პარტიები. შეუწყვიტონ დაფინანსება და თუ შეუწყვეტენ დაფინანსებას, აღარ იქნება პოლარიზაცია, ან მმართველმა პარტიამ გადასცეს ხელისუფლება „განთქმულ“ „სირცხვილიას“ და არ იქნება პოლარიზაცია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹️ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, თავის მოტყუება იქნება ის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებით საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამიტომ, უმჯობესია ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედოს, მით უფრო, როცა საქართველო ევროკავშირის ასოცირების წევრი ქვეყანაა და ამ ხელშეკრულებაში ყველაფერია გაწერილი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამის შესრულებით მოგვანიჭებენ არაფრის მომცემ სტატუსს. ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, ასოცირების ხელშეკრულებაში ყველაფერია გაწერილი, რაც უნდა გავაკეთოთ“,- დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

🔹️ რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში „უნდა არსებობდეს სტრატეგია, როგორი უნდა იყოს სასამართლო, ხოლო ტაქტიკა კი არის – საჭირო კანონების მიღება“.

„სასამართლო რეფორმის განხორციელების პროცესში უნდა იყოს ჩადებული და გათვალისწინებული მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს ისეთი ადამიანების დანიშვნას სასამართლო სისტემაში, რომლებიც არ იმსახურებენ თავისი ერუდიციით, გამოცდილებით და სხვა თვისებებით ამ პოზიციაზე ყოფნას. მთავარია, რომ იქ მოსამართლე იყოს უმაღლესი დონის. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. სასამართლო პროცესები არ უნდა ჭიანურდებოდეს, არც საკონსტიტუციო და არც სხვა ინსტანციის სასამართლოში“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*