საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრი დავით ზილფიმიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ჰ.ე. ჟოუ ციანს შეხვდენ

🇬🇪 🤝 🇨🇳 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრი დავით ზილფიმიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ჰ.ე. ჟოუ ციანს შეხვდენ.

🔹 შეხვედრა ელჩის პირადი მიწვევით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში შედგა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის როგორც „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისთვის, დიდი პატივია შეხვდეს ჩინელი ხალხის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რომლის ძალისხმევა და ინიციატივები მიმართულია ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებისა და მათი მეგობრობის გაღრმავებისკენ.

🔹 ფრიდონ ინჯიამ ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთის ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში და რომლის მმართველი პარტია თავისი სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტებით მოსახლეობის მიმართ ერთ-ერთი წამყვანია მთელ მსოფლიოში.

🔹 განსაკურებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ „ევროპელი სოციალისტების“ კონცეფცია და ძირითადი მიმართულებები თანხვედრაშია ჩინეთის მმართველი პარტიის კონცეფციასთან, მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსთან და ქვეყნის ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ძირითად პრინციპებთან.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტიის ძირითად კონცეფციაზე, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხებზე.

🔹 „ჩვენი პარტია შეიქმნა წელიწად ნახევრის წინ და მის ძირითად გუნდს წარმოადგენს საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ხალხი. პოლიტიკური პარტია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია 4 დეპუტატით. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც პარტიამ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ხოლო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში კი „ევროპელი სოციალისტების“ პარტია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ძალას და მმართველ პარტიასთან ერთად ვქმნით უმრავლესობას. რა თქმა უნდა, ვემზადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, პარტიის ძირითადი ამოცანა და მიმართულებაა სოციალურ საკითხებზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, პარტიას გააჩნია კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობი კეთილდღეობისთვის ბრძოლას. პარტიის კონცეფციის ძირითადი მიზანია, მიიღოს და ცხოვრებაში გაატაროს ის კანონები, რაც სჭირდება მოსახლეობის კეთილდღეობას, განვითარებას, მათ სოციალურ დაცულობას.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე ჩინეთის ელჩს გააცნო პარტიის კონცეფციის ძირითადი ასპექტები:

• გაცნობიერებული უნდა იქნას, რომ სახელმწიფოს ქონება ხალხის საკუთრებაა და ის ხელშეუხებელია. საკითხის ღრმა შესწავლის და გაანალიზების შედეგად, საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით, კანონით, უნდა განისაზღვროს და დამკვიდრდეს ცნება საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი – მიწა, წყალი, ბუნებრივი სიმდიდრეები, სასარგებლო წიაღისეული და სხვა. აქედან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად ხალხის კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს და არა, როგორც ეხლა, პრაქტიკულად გაედინებოდეს საზღვარგარეთ ან რამდენიმე ათეული პირის საკუთრებაში გადადიოდეს. სახელმწიფომ ეტაპობრივად, გამოსყიდვის გზით, ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა სამართლებრივი ნორმებით, უნდა დაიბრუნოს ყველა ის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც ამ ნუსხაში შევა;

• საბანკო სექტორში ოლიგოპოლიის რეგულირების მიზნით, მოსახლეობისთვის ფულად-საკრედიტო მომსახურების თავისუფალი წვდომისთვის, სახელმწიფომ უნდა შექმნას სახელმწიფო კომერციული ბანკი;

• მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს კანონი მიწის და ბუნებრივი რესურსების შესახებ. პირველ რიგში უნდა შეწყდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უკონტროლო გაცემა-გასხვისება;

• მტკნარი წყლის რესურსები უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებული დაცვის და კონტროლის ობიექტი. „თუ ჩვენ ქონებას არ გავუფრთხილდებით და ყველაფერს დაუფიქრებლად გავასხვისებთ, საქართველო დაკარგავს თავის სუვერენიტეტს, ის გარდაიქმნება ტრანსნაციონალური ჰოლდინგებისა და კორპორაციების ფილიალად, რომლებიც, თავისთავად, უკვე გარედან იმართებიან, და საქართველო მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებად დარჩება“;

• საქართველოში სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს სოფლად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და ჭარბი პროდუქციის რეალიზაციის გარანტი უნდა იყოს. მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლად ეკოლოგიურად სუფთა ბიომეურნეობების შექმნას, რაც ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის;

• სოფლის დემოგრაფიული სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისთვის, აუცილებელია სოფელს დაუბრუნდეს მის გარშემო არსებული საძოვრები და სამოსახლო მიწის რესურსები, ტყის, წყლის და თევზის რესურსებზე სარგებლობის უფლებების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციულად ამ რესურსებით სარგებლობდნენ;

• ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტულ დარგს უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და, ძირითადად, უფასო – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყნაშია, საავადმყოფოების უმრავლესობა მუნიციპალიტეტების საკუთრებში უნდა იყოს. ყველა სოფელში პირველადი დახმარების გასაწევად, უნდა აღდგეს ამბულატორიები;

• სახელმწიფომ, თავის მხრივ, უნდა შექმნას ფარმაცევტული წარმოება, რომელიც ოლიგოპოლიის მარეგულირებელი მექანიზმი იქნება და მოსახლეობა შეძლებს მედიკამენტები მათთვის მისაწვდომ ფასში შეიძინოს;

• სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება უნდა გახდეს უფასო – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფუნდამენტური მეცნიერების აღორძინებას და ტექნოლოგიური დარგების განვითარებას;

• სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები უნდა იყვნენ პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ვეტერანები. მათი პენსია განსაზღვრული უნდა იყოს იმ ოდენობით, რომელიც მათ მისცემს ღირსეულად ცხოვრების პირობებს და დასვენების საშუალებებს;

• მრავალშვილიანი ოჯახები ქვეყნისთვის განსაკუთრებული ზრუნვისა და სტიმულირების ობიექტები უნდა გახდნენ;

• ენერგეტიკა ეს ის დარგია, რომელიც მომავალი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია, ამიტომ სახელმწიფომ ამ დარგის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, 10 მგვტ-ზე ზემოთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მეტი წილი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს მათი მართვის, ტექნოლოგიურად განახლების და განაწილების ძირითად მეთოდებსა და ფუნქციებს;

• ქვეყანაში უნდა აღიკვეთოს მონოპოლია წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მოწოდებაზე. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, ვისგან იყიდოს ის;

🔹 აქედან გამომდინარე, ფრიდონ ინჯიამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახელწიფოს მმართველი პარტიის გამოცდილების გაზიარება საქართველოში.

🔹 „საგულისხმო და აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „კომუნისტური პარტიის“ მიდგომები და პოლიტიკა სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, რომლის გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება საქართველოში იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ქვეყანაში უნდა აღდგეს სამეცნიერო დაწესებულებები, როგორც ეს იყო წინა პერიოდში.

🔹 „ისტორიულად საქართველოს გააჩნდა და დღესაც გააჩნია მიღწევები მეცნიერების დარგში და ამას ადასტურებს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების წარმატება ქიმიის (IChO 2022) 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს დისტანციურად გაიმართა ჩინეთში. ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გუნდი 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და 1 დიპლომით დაჯილდოვდა. ეს ნამდვილად საინტერსო გამოწვევა იყო, რაც საამაყო და მისასალმებელი ფაქტია“, – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დავით ზილფიმიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი კულტურის შესახებ, რომელმაც უდიდეს მიღწევებს და წარმატებებს მიაღწია დროის უმოკლეს მონაკვეთში, მმართველი პარტიის სწორი ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკით.

🔹 „მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. საქართველო ყოველთვის იყო მაღალი მეცნიერული პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებდა სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებს და იყო ერთ-ერთი მოწინავე ამ კუთხით და დღესაც გააჩნია ამის შესაძლებლობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საკანონმდებლო დონეზე ყველა იმ საინტერესო საკითხებისა და ინიციატივების წამოწყებას, რომელიც საქართველო-ჩინეთის სამომავლო ურთიერთობას შეეხება“,- აღნიშნა ზილფიმიანმა.

🔹 ამასთანავე, მან დასძინა, რომ კარგი იქნებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღწევების შესახებ, ქვეყნის კულტურის, სპორტის, ხელოვნების დარგების და ახალ ტექნოლოგიებზე ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციების საშუალებით, რასაც „ევროპელი სოციალისტების“ გუნდი სიამოვნებით შეუწყობს ხელს თავის შესაძლებლობების ფარგლებში.

🔹 თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჰ.ე. ჟოუ ციანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას საუბრიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ „ევროპელ სოციალისტებს“ ბევრი საერთო აქვთ ჩინეთის „კომუნისტურ პარტიასთან“, რადგანაც ჩინეთის „კომუნისტური პარტია“ სწორედ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა.

🔹 „ჩინეთის „კომუნისტური პარტია“ გახლავთ ჩინეთის სახელმწიფოში მმართველი ძალა და პარტიას 90 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს და მოხარულები ვიქნებით საფუძველი ჩავუყაროთ თქვენს პარტიასთან სამომავლო თანამშრომლობას. თქვენს კონცეფციას ბევრი საერთო აქვს ჩვენი პარტიის კონცეფციასთან, სადაც ორიენტაცია მიმართულია სწორედ სოციალურ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს სოციალიზმი და ეკონომიკა ჩინეთის სპეციფიკით.
ეკონომიკური დარგები, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ამ დარგების უმეტესი ნაწილი გახლავთ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რათა მიღებული შემოსავლები მოხმარდეს ხალხს. სოციალიზმი ხალხს აყენებს ყურადღების ცენტრში. ჩვენი მიზანია ხალხის სოციალური დაცვა. აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთში 500 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც თავის დასკვნებში დაადასტურა გაერომ და მსოფლიო ბანკმა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს გახლავთ უპრეცედენტო შედეგი კაცობრიობის ისტორიაში.“ – განაცხადა ელჩმა.

🔹 მისივე თქმით, დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ითვლება განვითარებად სახელმწიფოდ და მის წინაშე დგას ამოცანა, რომ ჩინეთის დიდი რეგიონებისა და ქალაქების მსგავსად, დანარჩენი რეგიონებისა და ქალაქების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდოს და ეს გახდეს იმის წინაპირობა, რომ ჩინელი ხალხი იყოს მდიდარი და არა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მდიდარი და გარკვეული ნაწილი ღარიბი.

🔹 „ჩვენი ამოცანაა სახელმწიფოში შეიქმნას საერთო დოვლათი და მოსახლეობა იყოს მდიდარი, ან შესაძლებელია გარკვეული ნაწილი გახდეს მდიდარი და ხელი შეუწყოს დანარჩენი ნაწილის გამდიდრებას და შეიქმნას საერთო დოვლათი. ეს არის რეფორმების ძირითადი არსი და ამიტომაც ითვლება ჯერჯერობით ჩინეთი განვითარებად სახელმწიფოდ“, – აღნიშნა ელჩმა.

🔹 მან შეხვედრაზე, საუბრის თემებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა მეცნიერებისა და განათლების დარგების პრიორიტეტულობაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოში განათლებისა და მეცნიერების დარგების განვითარებას. სწორედ აქედან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტის მიხედვით, მეცნიერებისა და განთლების დაფინასება აღემატება თავდაცვის სფეროს დაფინანსებას.

🔹 მისივე თქმით, ჩინეთში ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება მაღალი ციფრული ტექნოლოგიების განვითრებზე.

🔹 ელჩმა ასევე დასძინა, რომ ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთან ურთიერთობა, მით უფრო, როცა დღეს, საქართველო ჩინეთისთვის გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა.

🔹 „ჩინეთის „კომუნისტური პარტია“ მზად არის ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან შემდეგი 4 პრინციპის საფუძველზე: 1. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, 2. თანაბარუფლებიანობა 3. ურთიერთპატივისცემა 4. საშინაო საქმეებში ჩაურევლობა“ – განაცხადა ელჩმა.

🔹 მისვე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ურთიერთანამშრომლობის გზაზე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარესთან ფრიდონ ინჯიასთან და მის პოლიტიკურ გუნდთან. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აქვს საერთაშორისო დეპარტამენტი და სავსებით შესაძლებელია ამ თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს საპარლამენტო დონეზე. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ელჩმა არ გამორიცხა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის ხელმძრვანელობის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

🔹 ამასთანავე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ მე-20 ყრილობაზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, რომელიც ელჩის თქმით, უმთავრესი პოლიტიკური მოვლენაა.

🔹 „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება 5 წლის სამომავლო გეგმა და ეს იქნება მნიშვნელოვანი როგორც ჩინეთის ასევე, მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ელჩმა.

🔹 შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*