ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალჯერ დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია თავისი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გამოსვლებით, რითაც მან უგულვებელყო კანონის უზენაესობა და პოლიტიკაში დამკვიდრებული გუნდურობის პრინციპი

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალჯერ დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია თავისი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გამოსვლებით, რითაც პრეზიდენტმა უგულვებელყო კანონის უზენაესობა და პოლიტიკაში დამკვიდრებული გუნდურობის პრინციპი.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას, რომელიც მან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც დეპუტატის აზრით, მან, პრაქტიკულად, მთავრობის მთელი საქმიანობა, განსაკურებით ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივები, არაფრად ჩააგდო.

🔷 „მარტო რად ღირს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე, სადაც მან მთავრობის მთელი საქმიანობა, სამშვიდობო ინიციატივები და ხელისუფლების ძალისხმევა, რომ საქართველო ომში არ ჩართულიყო, არაფრად ჩააგდო და ხელისუფლება გააკრიტიკა ისე, რომ ლამის მთავრობის გადადგომა დააყენა დღის წესრიგში. ეს პათოსი მან გააგრძელა არა მხოლოდ საქართველოს პარალმენტის დარბაზში, არამედ ევროპის პარლამენტშიც.

🔷 ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი განცხადებები, ის რაც არ ეკადრებოდა არც თავად პრეზიდენტს, და, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა.
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი, შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს“,- განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს დემარში უწოდა, რაც პრეზიდენტის მხრიდან ევროპაში სხვადასხვა ვიზიტებში გამოიხატა ქვეყნის მთავრობასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.

🔷 „მაშინ, როდესაც ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში საქართველო და ევროკავშირის დროშის ქვეშ პოზირებს, აქ უკვე ჩანს არა პირადი ვიზიტი, არამედ ის, რომ იგი წარმოადგენს საქართველოს. ეს რომ კერძო ვიზიტი ყოფილიყო, ზურაბიშვილს შეეძლოს შარლ მიშელი მიეწვია პარიზში, ან პირიქით, შარლ მიშელს მიეწვია ზურაბიშვილი თავისთან სახლში.

🔷 ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება აწარმოოს წარმომადგენლობითი საუბრები სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება იგი თავად გადადგეს ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე.

🔷 „თუ არსებობს კანონის უზენაესობა და თუ საკონსტიტუციო სასამრთლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, მაშინ მე ვფიქრობ ლოგიკური იქნება ზურაბიშვილი გადადგეს თვითონ ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე. რადგანაც მან დაარღვია ის ფიცი, რომელიც სახალხოდ დადო, სადაც მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ის შეასრულებს და პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნას. მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გარკვეულწილად ბოდიშის მოხდა იქნება.

🔷 ხოლო, თუ საკითხი დადგება პარლამენტში კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენი გუნდი ხმას მისცემს მის გადადგომას“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, კანონისა და კონსტიტუციის დაცვის გარდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გუნდური პრინციპით მოქმედება, სალომე ზურაბიშვილმა უგულვებელყო როგორც კონსტიტუცია, კანონის უზენაესობა, ასევე გუნდური პრინციპით მოქმედების პოლიტიკური წესები.
„კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი არის გარანტი ერთიანობის. აქ რა თქმა უნდა, იგულისხმება ხელისუფლების ერთიანობა და გუნდური პრინციპის ერთგულება. იმ ხელისუფლებასთან გუნდური თანამშრომლობა, რომელმაც იგი პრაქტიკულად, მოიყვანა პრეზიდენტად.

🔷 აქედან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო ყველა საკითხი გადაეწყვიტა თავის გუნდთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობის და გუნდური მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*