ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, არ დაამშვენებს როგორც საქართველოს პარალმენტის ისტორიას, ასევე დეპუტატ ირაკლი ბერაიას პირად ისტორიას

📍 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ბოლო ინციდენტი არ დაამშვენებს საქართველოს პარლამენტის ისტორიას;

📍 ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით არ გაჩერდება, რადგან მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, ამიტომ ე.წ. ანტიმაიდანის პროცესისთვის ყოველწუთიერად უნდა ვიყოთ მზად;

📍 „შუა დერეფნის პროექტის განხორციელებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჩართულობა „3+3 ფორმატში“.

📍 მსოფლიოში მიმდინარე ურთულეს პროცესებთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია;

📍 რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას ალტერნატივა არ აქვს;

📍 პატიმარ სააკაშვილის ბოლო დროინდელი გააქტიურება რადიკალების ალტერნატიული ბ – გეგმის შემადგენელი ნაწილია;

🔷 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, არ დაამშვენებს როგორც საქართველოს პარალმენტის ისტორიას, ასევე დეპუტატ ირაკლი ბერაიას პირად ისტორიას.

🔷 თუმცა, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინციდენტი არის იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს განახორციელოს საქართველოში.

🔷 „მსგავსი ინციდენტები პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს. ამომრჩეველი ალბათ ფიქრობს, ვინ ავირჩიეთ და რატომ ავირჩიეთ. რაც მოხდა ამ დღეებში, უპრეცედენტოა. ფაქტი ერთია, რომ ყოველივე უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციური ძალების გეგმას. ეს იქნება მაიდანის მოწყობის ფარგლებში, თუ სხვა რადიკალური გეგმები, რომელიც ქვეყანაში არეულობას ისახავს მიზნად, რაც მათ არა მგონია გამოუვიდეთ, თუმცა საშიშროება დღემდე არის.

🔷 მე არ ვამართლებ ბერაიას, მაგრამ ზოგს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს და გამოვიდეს მწყობრიდან, მით უფრო, თუ გავიხსენებთ რადიკალური ოპოზიციის წინა ქმედებებს, გნებავთ წულუკიანთან მიმართებაში, ის რაც იკადრეს და მრავალი სხვა ფაქტი …

🔷 თუმცა, ის რაც ბერაიამ გააკეთა, ვფიქრობ რომ ეს ალბათ მიუღებელია, რადგან პირადი შეურაცხყოფა დაუშვებელია და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი არ დაამშვენებს არც ბერაიას პირად ისტორიას და არც პარლამენტის ისტორიას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე შეაჩერებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებულ უკიდურეს დაძაბულობას და პოლარიზაციას, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარკვეულწილად შეაჩერებს იმ დაპირისპირებას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშია, თუმცა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაძაბულობის პიკი უფრო და უფრო მატულობს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში თავად ოპოზიციურ ფლანგზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არაფრის მომცემია, ან პირიქით, ეს იქნება ქვეყნის ხსნა.

🔷 „მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც ათეული წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მითუმეტეს, იგი ნატოს წევრი ქვეყანაა. თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკუთარი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

🔷 მისთვის არ არის ამომავალი წერტილი ევროკავშირის მოთხოვნები და იგი მოქმედებს მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე და ეს მართლაც სამაგალითოა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის თქმით, ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დღეს დღეისობით ქვეყნებს შორის გარკვეულწილად შეჯიბრია გამოცხადებული, რეალობა კი ის არის, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე არაფრის მომცემია საქართველოსთვის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის წევრი საქართველო შესაძლოა არც 2030 წელს გახდეს.

🔷 „ამასთან, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რაც დღეს არის ევროკავშირში, კერძოდ, 0.5 %, და ზოგ შემთხვევაში უფრო უარყოფითი მაჩვენებელიც არსებობს, მაშინ როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8% -ია, ისმის კითხვა – რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რთული სათქმელია, რა მდგომარეობაში იქნება თავად ევროკავშირი 2030 წელს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔷 „ნებისმიერი პროექტის განხორციელება, ნებისმიერი კანონპროექტის მიღება უნდა იყოს დაკავშირებული ხალხის მომავალ კეთილდღეობასთან. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქე იყოს დაცული. ამასთან უმნიშვნელოვანესია დემოგრაფიული საკითხის გადაჭრა იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს. დღეს ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ქართველი ერი პრაქტიკულად, გაქრობის პირასაა, რასთან დაკავშირებითაც მთავრობის მიერ უნდა იყოს შემუშავებული და მიღებული სპეციალური პროგრამები“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ე.წ. მაიდანის მოწყობის საშიშროებაზე, და აღნიშნა, რომ საფრთხე მართლაც რეალურია.

🔷 „თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთი საერთო პატრონი ჰყავთ, უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ გეგმა ბ-ს ამუშავებას, რადგანაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ეს ძალა არ გაჩერდება, ვინაიდან მათი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. აქედან გამომდინარე, უახლოეს დროში ცხადი გახდება ამ გეგმის შესახებ, რადგანაც უკვე ნელ-ნელა ამ პოლიტიკური პროცესის კონტურები იკვეთება რადიკალური ოპოზიცის ახალი გეგმიდან გამომდინარე. ამიტომ ე.წ. ანტიმაიდანის პროცესისთვის ყოველწუთიერად უნდა ვიყოთ მზად“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, შუა დერეფნის პროექტი და „3+3 ფორმატი“ უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავლსაზრისით, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით.

🔷 „შუა დერეფნის პროექტის განხორციელებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჩართულობა „3+3 ფორმატში“. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „3+3 ფორმატის“ ინიციატორი გახლავთ ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, ხოლო ირგვლივ უზარმაზარი სახელმწიფოებია, როგორიც არის რუსეთი და ირანი“. -აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა „3+3 ფორმატის“ პოლიტიკურ ნაწილზე, რაც საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

🔷 „3+3 ფორმატის“ სამიტზე, რომელიც ირანში ჩატარდა, ირანის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ რეზა აშტიანიმ განაცხადა, რომ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ირანის ერთ-ერთი წითელი ხაზია.

🔷 ამასთან მნიშვნელოვანია რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს პასუხი ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგას და აღნიშნა, რომ „3+3 ფორმატი“ კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

🔷 „შუა დერეფნის პროექტის ამუშავება და საქართველოს მონაწილეობა „3+3 ფორმატში“, პრაქტიკულად, ეს იქნება გარანტი კავკასიის ქვეყნების – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის. ეკონიმიკურ საკითხების გადაჭრასთან ერთად ეს იქნება საშულება „3+3 ფორმატის“ ფარგლებში მოხდეს პოლიტიკური ნაწილის მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობა.

🔷 ზემოთ აღნიშნულ განცხადებებში ცალკე არ არის ნახსენები საქართველოს არცერთი რეგიონი. „3+3 ფორმატის“ ფარგლებში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული 6 ქვეყანა – საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, , თურქეთი, ირანი“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 „მიმაჩნია, რომ „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა არის მომგებიანი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ ფორმატში, მაგრამ ვფიქრობ ხელისუფლებას დასაფიქრებლად ჯერ კიდევ აქვს დრო. მით უფრო, როცა ეს არის ქვეყნისთვის მომგებიანი ფინანსურად და პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის კეთილდღეობასთან, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან. ეს რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ ნაწილს. ხოლო ის უდიდესი პრობლემა და ტკივილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, აქ ჩნდება ნათელი სხივი, გზა თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება იმ გზის გაგრძელება, რომელმაც 30 წელი არანაირი შედეგი არ მოგვიტანა“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად სწორი შეფასება მოჰყვა რადიკალური ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხრიდან „იუთუბზე“ გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობენ, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ ორი ფორმატით გრძელდება. ესენია: ჟენევის დისკუსიები, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართული და მეორე – პირისპირ, ეგრეთ წოდებული, აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

🔷 „ყველასთვის ცნობილია, რომ ზურაბ აბაშიძე გახლავთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ჟენევის ფორმატი კი, შეფასებულია როგორც, აუცილებლად საჭირო და, ლამის, ერთადერთი გზა პრობლემების გადაწყვეტის და ურთიერთობის დასალაგებლად. აქედან გამომდინარე, სწორედ ზურაბ აბაშიძე გახლავთ ის უფლებამოსილი და ვალდებული პირი, რომელსაც უნდა ესაუბრა სხვადასხვა საკითხზე, ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, იმ ფორმატისა და მანდატის ფარგლებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ურთულეს პროცესებთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, და ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი მიდგომა და დამოკიდებულება აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

🔷 „საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე უმძიმეს გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებში საქართველოს ჩათრევას გამოიწვევს. მით უმეტეს, საქართველოს არ აქვს იმის ძალა, რომ ამ პროცესებზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირებას, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას ალტერნატივა არ აქვს.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ამ დიალოგისთვის უნდა იყოს გამოყენებული ყველა საერთაშორისო პლატფორმა ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც დიალოგის გარეშე ორ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემა შეუძლებელია გადაჭრას მესამე მხარემ, ან ქვეყანამ.

🔷 „მეზობლებს არ ირჩევენ. ეს არის საქართვლოს გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ აქ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები საერთო ენის გამოსანახად. ხოლო ამ გზების მოსაძებნად აუცილებელია პირდაპირი დიალოგი.

🔷 ამისთვის კი, მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა როგორიცაა, „3+3 ფორმატი“, სადაც საქართველო არ იქნება მარტო. საქართველოსთან ერთად იქნებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ამინდს ქმნიან კავკასიის რეგიონში და საქართველოც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგიდან და რეალობიდან გამომდინარე იძენს ახალ ფუნქციას და ახალ როლს.“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელი გააქტიურება არის იმ ბ – გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომლის ამოქმედებასაც აპირებს რადიკალური ოპოზიცია საქართველოში. სწორედ ამასთანაა კავშირში იგივე სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნის ისევ დღის წესრიგში ჩასმა.

🔷 დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება საჭიროა იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი მთავარი გეგმა განახორციელოს, რაც არსებული ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებს, რისთვისაც უზარმაზარი თანხებია გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*