ფრიდონ ინჯია: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცები ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დაცვას ეწირებიან და ქვეყანა ყველა პარამეტრით უსწრებს იგივე მოლდოვას – უსამართლობაა

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დეტალებსა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეზოლუციის შესრულების მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, ევროპარლამენტარებმა გააჟღერეს თხოვნა იმის შესახებ, რომ ყველა ჩაერთოს პროცესში, რათა ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს.

„მე დავსვი კითხვები შეხვედრაზე, თუ რატომ არის ასეთი უსამართლობა საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, ის ომობს, და იქ სხვა პირობებია, მაგრამ მოლდოვა, რომელიც დღეს დსთ-ს წევრია და კონსტიტუციაში უწერია სამხედრო ნეიტრალიტეტი, ამასთანავე საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, ის მიიღეს… სად არის სამართლიანობა? საქართველომ ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და მათი კეთილდღეობისთვის 32 ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა, ხოლო 400 დასახიჩრდა, მაშინ როცა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ამ ოპერაციებში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო მსხვერპლზე საერთოდ საუბარიც არ არის. ეს არის უსამართლობა.

ამას ყველა ხედავს, და ამ ქმედებით კიდევ უფრო გაამძაფრეს დაპირისპირება, მათ ენაზე თუ ვიტყვით, გაამძაფრეს პოლარიზაცია. პოლარიზაცია მათი მოგონილია იმისთვის, რომ ხელისუფლება საქართველოში გადააბარონ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის არც მხარდაჭერა და არც ნდობა გააჩნიათ. თუმცა ოპოზიციის ამ ნაწილშიც არიან პიროვნებები, რომლებსაც მართლაც უყვართ საქართველო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა ემუშავა ხელისუფლებას, ეს რეზოლუცია მაინც იქნებოდა მიღებული, რადგან ეს ასე იყო დაგეგმილი.

„აშშ-სა და ევროკავშირის გარკვეულ წრეებს უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. ეს ყველაფერი ამისთვისაა. რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს, ის ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მას არ ეხება, და შესაძლოა, მისმა ასეთმა გაუაზრებელმა განცხადებებმა უფრო დაძაბოს ურთიერთობა და ზოგიერთი ძალის მიერ პრეზიდენტი გამოყენებული იქნას ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*