ფრიდონ ინჯია ჯოზეფ ბორელს – ნუ ჩავერევით ქვეყნის შიდა საქმეებში, პატივი ვცეთ ქვეყნის კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას

📍 „ნუ ჩავერევით ქვეყნის შიდა საქმეებში, პატივი ვცეთ ქვეყნის კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას.

📍 დაე, აღსდგეს სამართლიანობა, დაგვიჭირეთ მხარი, იმ ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანას როგორიც ვართ. დამერწმუნეთ, ჩვენი მიღება, მრავალმხრივ გაამდიდრებს და გაამაგრებს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“. – ფრიდონ ინჯია

🔷 ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელსა და დელეგაციის წევრებს.

🔷 „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,

🔷 მივესალმები ჩვენს სტუმარს ბატონ ჯოზეფ ბორელს და მის თანმხლებ პირებს, დელეგაციას.

🔷 მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენს მიმართ. ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა თქვენს წარმომავლობას, როგორც ესპანეთის მოქალაქის. ქვეყანამ, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა პიკასო, სერვანტესი, დალი და ჰყავდა ისეთი სახელმწიფო მოღვაწე როგორიც იყო დედოფალი იზაბელა კასტილსკაია. ასევე, უნდა გამოგიტყდეთ ბატონო ვიცე პრეზიდენტო, რომ ფანი ვარ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასი“.

🔷 ჩემს გამოსვლაში მე არ ვაპირებ, ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებებზე საუბარს, ეს ჩვენი საშინაო საქმეებია. ცნობისთვის, ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, ჩვენს პარტიას ამ ხელისუფლებისთვის ხმა არ მიუცია, არ აურჩევია.

🔷 ეხლა კი მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველომ, მსოფლიოში და რეგიონში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიაღწია უმთავრეს მიზანს – ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ვერ შეძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.

🔷 ამასთანავე, ქვეყანამ შეძლო რეფორმების გატარება. რომ არა ეს რეფორმები და სწორი საგარეო პოლიტიკა, ქვეყანას არ ექნებოდა 7% -ზე მეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირის ვერცერთ ქვეყანაზე.

🔷 ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ პრაგმატულად შევხედავთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებს და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საქართველო ადრეც და დღესაც უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და უფრო მეტი, წევრობასაც კი. თუმცა, ეს საკითხი ყველამ ვიცით, პოლიტიკურია, რისი დასტურიც გახლავთ, დსთ-ს წევრი ქვეყნის მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყანა, რომელზეც საქართველო ყველა პარამეტრით, ერთი თავით მაღლა დგას, მაშინაც და დღესაც.

🔷 აქედან გამომდინარე, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ქვეყანა არ დარჩეს იმედგაცრუებული და არ მოუწიოს სხვა არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი დღეს არსებობს. ამას თქვენც ხედავთ.

🔷 ამიტომ ხელებს ნუ გადაგვიგრიხავთ. ზეწოლას ნუ გვიკეთებთ! იმედია ჩემს გამონათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებთ. პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ, ჩვენს ქვეყნას ჰყავს ხელის გადაგრეხვაში მსოფლიო ჩემპიონი – ლევან საგინაშვილი. ასევე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ძალოსნობაში – ლაშა ტალახაძე.

🔷 ვაგრძელებ, როგორც თქვენთვის ცნობილია, არსებობს, ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი. არ ვიცი მომავალში თურქეთი რას გააკეთებს, რას აირჩევს? – ევროკავშირს, რომელშიც მას 24 წელია არ იღებენ, თუ ბრიქსს (BRICS), სადაც მთელი რიგი ქვეყნები რიგში დგანან მიღებაზე.

🔷 ასეთ შემთხვევაში, ჩვენთვისაც არსებობს ორი გზა:

🔷 პირველი : საქართველომ საერთოდ უარი თქვას რომელიმე სახელმწიფოთა შორის კავშირში გაწევრიანებაზე და გახდეს ნეიტრალური ქვეყანა.

🔷 მეორე : ან, დროულად და ღირსეულად თუ არ მიგვიღებთ, შესაძლოა აღმოვჩნდეთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ბრიქსის (BRICS) გაერთიანებაში.

🔷 გთხოვთ, დროულად მხარი დაუჭიროთ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, მის სწრაფვას – ევროპის დიდ ოჯახში, რაც დღეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე და მიმზიდველი ქვეყანა გახდება რეგიონში.

🔷 გინდათ ეს? თუ არ გინდათ ისიც დროზე გვითხარით, თურქეთის მაგალითი არ გავიმეოროთ.

🔷 რომელ 2030 წელზეა საუბარი!

🔷 კიდევ ერთი თხოვნა – ნუ ჩავერევით ქვეყნის შიდა საქმეებში, პატივი ვცეთ ქვეყნის კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას.

🔷 ბატონო ჯოზეფ, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკურ მოღვაწეს, პირადად თქვენი იმედი მაქვს. დაე, აღსდგეს სამართლიანობა, დაგვიჭირეთ მხარი, იმ ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანას როგორიც ვართ. დამერწმუნეთ, ჩვენი მიღება, მრავალმხრივ გაამდიდრებს და გაამაგრებს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

🔷 დიდი მადლობა“

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტებისა“
და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე

ფრიდონ ინჯია

08.09.2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*