ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებულ კანონის პროექტს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ცვლილებებს შეეხება.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 15 სექტემბერს წარადგინა.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც თავისი მოქმედების ფარგლებში, გააადვილებს საქართველოდან რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანების და მათი შვილების მოქალაქეობის მიღების საკითხს.“
პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საკუთრივ იდეის ირგვლივ დაინტერესება გამოთქვა და საკითხის სისტემურად და კომპლექსურად შესწავლის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, ფრიდონ ინჯიას თავმჯდომარეობით.
სამუშაო ჯგუფი მუშაობის პროცესში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიის, ასევე, სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებისა და რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც ზემოთ აღნიშნული საკითხები ეხება.
სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.




