„ხელისუფლებამ მაქსიმალური პირობები უნდა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ შრომითი მიგრაცია შემცირდეს“ – ფრიდონ ინჯია

📍 „ხელისუფლებამ მაქსიმალური პირობები უნდა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ შრომითი მიგრაცია შემცირდეს“ – ფრიდონ ინჯია

შრომითი მიგრაციის პრობლემებზე, უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერსების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის წინაშე შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენებით წარსდგნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი.

როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, შრომის ინსპექცია არ არის სათანადო დონეზე, ათასობით უცხოელი მუშაობს საქართველოში და ისინი არ არიან რეგისტრირებული.

„30 წლის განმავლობაში გამოცდილება უკვე უნდა დაგვეგროვებინა და საჭირო მექანიზმიც შეგვექმნა, თუნდაც მთავრობის დადგენილებით, რომ ყველა ტენდერი, რომელიც აღემატება 1 მლნ. ან 10 მლნ. ლარს, იქ უნდა იყოს წარმოდგენილი შრომის ინსპექცია და სამინისტრო და ჩადებული უნდა იყოს სათანადო პირობები, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი, აღრიცხვიანობა და შემოსავალი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ხელშეკრულება შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს დადებული აქვს, მხოლოდ გერმანიასთან, ისრაელთან და საფრანგეთთან, მაგრამ არ აქვს დადებული მეზობელ სახელმწიფოებთან, რის გამოც იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველნი არიან.

„მე მაინტერესებს, რა შედეგს მივაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში? ჩემთვის შედეგი იქნებოდა: მათი უფლებების დაცვა, ვინც წასულია და საქართველოში მაქსიმალური პირობების შექმნა, რათა შემცირდეს შრომითი მიგრაციის მაჩვენებლები. ეს უკვე იქნებოდა შედეგი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მან მიმართა სამინისტროს წარმომადგენლებს ინიციატივით და განაცხადა, რომ უცხოეთში მოღვაწე თუნდაც 100 წარმატებული ექიმის საქართველოში დასაბრუნებლად, სამინისტროს ბიუჯეტიდან, (რომელიც 6 მლრდ. 237 მლნ ლარია), წელიწადში მხოლოდ 18 მლნ. ლარი იქნება საჭირო, იმისთვის, რომ მათ შევთავაზოთ ისეთი საშუალო ხელფასი, როგორიც, შესაძლოა, უცხოეთში ჰქონდეთ.

„მე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, გულით გეუბნებით და მხოლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე… ეს 18 მლნ. მოახმარეთ იმ ხალხის ჩამოყვანას, რომლებიც ასე სჭირდება საქართველოს და რომლებიც ძალიან გამოადგებიან ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*