ფრიდონ ინჯიამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორის, მატეო მეკაჩის და თანმხლები დელეგაციის წევრებთან შეხვედრაში, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა

📌 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორის, მატეო მეკაჩის და თანმხლები დელეგაციის წევრებთან შეხვედრაში, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა.

ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე ODIHR -ის დირექტორს მატეო მეკაჩის და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის ფორმირებისთვის.

„ეუთო/ოდირს საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის ფორმირებაში დიდი როლი მიუძღვის. კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობას ვიღებდით ჩვენ „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე „მოქალაქეები“. დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსი წინა საარჩევნო კოდექსთან შედარებით განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამაში ძალიან დაგვეხმარა ეუთო/ოდირი“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, იგი არ ეთანხმება შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან, თითქოს დღეს საქართველოში საზოგადოება არის პოლარიზებული.

„მე არ ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ დასკვნას და განცხადებას, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში პოლარიზებულია ორი-სამი პარტია. ერთ მხარეს არის „ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ რამდენიმე პარტია. ეს არის პოლარიზაცია ამ ორ პარტიას შორის, ხოლო საზოგადოებაში, განსაკუთრებით რაიონებში, სოფლებში საერთოდ არ არის. ასე, რომ ეს არის მოგონილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლარიზაცია არის პირველ პირებს შორის. აქედან არის სააკაშვილი და იქედან კი, „ოცნების“ ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც შეხვედრაზე დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.

„ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი დღეს, რადგან ასეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ამდენი პარტიაა, და ამ ცვლილებების შედეგად, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დიდი შრომა და ეს არ არის მარტივი პროცესი, ყველაზე მთავარი კი, სახელმწიფოში კანონის უზენაესობაა.
„იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, საჭიროა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გამოინახოს საერთო ენა და მიმაჩნია, რომ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში კანონის უზენაესობაა. ვინც არის დამნაშავე, ის უნდა იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარომადგენელია, ან ვინ არის,“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*