ფრიდონ ინჯია – ისეთი კანონპროექტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან მიგრაციის პროცესს საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის

📍 ფრიდონ ინჯია – ისეთი კანონპროექტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან მიგრაციის პროცესს საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის

🔶 „უნდა შემუშავდეს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც საქართველოდან მიგრაციის პროცესს ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის, სტიმულს მისცემს ქართულ დიასპორებს დააბანდონ კაპიტალი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, ასევე სტიმულირებას გაუკეთებენ საქართველოს კერძო სექტორს მათთვის საჭირო კვალიფიციური კადრები ქართული დიასპორებიდან მოიზიდონ“.

🔶 ამ საკითხებზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობისა და მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას.

🔶 „ამ მოკვლევისგან ველოდებით იმას, რომ კომიტეტს ჰქონდეს დასაბუთებული, გამყარებული საფუძველი ისეთი კანონპროექტების მოსამზადებლად, რომელიც სტიმულს მისცემს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ჩამოვიდნენ და იქ დაგროვებული კაპიტალი მოიზიდონ საქართველოში. უნდა შევიმუშაოთ ისეთი კანონპროექტები, რომელიც მიგრაციას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კვლევაში უნდა იყოს არგუმენტაცია, ფაქტორები, უნდა იყოს შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ამასთანავე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში განათლებამიღებული კადრების საქართველოს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობაზეც.

🔶 „თუ იმას მოვახერხებთ, რომ აქ კერძო სექტორში დასაქმდებიან კადრები, რომლებმაც უცხოეთში მიიღეს განათლება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით. ამ პროცესს უნდა დაეხმაროს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სტიმულს მისცემს კერძო სექტორს დაასაქმოს და ხელი შეუწყოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებას საქართველოში“, – ხაზი გაუსვა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე დააყენა საკითხი საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

🔶 მისი თქმით, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო წლების წინ საქართველო დატოვა და ახლა ვერ ახერხებს მოქალაქეობის მიღებას.

🔶 ამის მაგალითად ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის წევრებს მოასმენინა მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი თანამემამულის ირინა ჯოგლიძის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მისამართით გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ემიგრანტი საუბრობს პირადად მისი და მისი აწგარდაცვლილი მეუღლის მიერ წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოსთვის და რუსეთში არსებული ქართული სათვისტომოსთვის გაწეული ღვაწლის შესახებ. როგორც ემიგრანტი აღნიშნავს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მას უარი ეთქვა, რაც მას ეჭვს უჩენს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების ობიექტურობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით.

🔶 პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ პირადად მასთანაც ძალიან ბევრი მსგავსი საქმე შედის, თუმცა არსებობს გარკვეული მიზეზები, რის გამოც კომისიის მიერ ხარვეზდება ესა თუ ის განაცხადი.

🔶 კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას ამ კონკრეტული შემთხვევის სამუშაო რეჟიმში განხილვას დაჰპირდა.

🔶 ამასთანავე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის წინაშე არსებულ საჭიროებებზეც, რაც, მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა წლიური გეგმის თანახმად უნდა განიხილოს.

🔶 „ამ დღეებში რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის დღეები იმართება, და ჩვენი სათვისტომო ყოველთვის ძალიან ღირსეულად და მაღალ დონეზე ახერხებს თავის წარმოჩენას. კარგი იქნება, თუ საქართველოში გარკვეულ ღონისძიებებზე მოვიწვევთ იმ ქართველებს.

🔶 იყო დრო, როდესაც ბევრს ანკეტაში არ შეჰქონდა თავისი ქართული ეროვნება უხერხულობის გამო… თუმცა დღეს რუსეთის ფედერაციაში შეიცვალა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ გამოჩნდა ერთი ადამიანი – დავით ცეცხლაძე, რომელმაც ჩვენი თანამემამულეები იქ გააერთიანა და მათ ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, მხოლოდ მოსკოვში შესაძლოა იყოს 400-500 ათასი ჩვენი თანამემამულე.

🔶 „რუსეთში 90 რეგიონია. წარმოიდგინეთ, ამ რეგიონებში 1000-დან 10 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს თავისი ოჯახებით. მხოლოდ დიასპორის კონცერტებზე 2000 კაცი მიდის, მათ ხომ ჰყავთ ოჯახის წევრებიც. იქ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ბევრი ამბობს მხოლოდ 100 000-მდეო, თუმცა როგორ შეიძლება 100 ათასამდე იყოს, როდესაც მხოლოდ აფხაზეთიდან, კონფლიქტის დროს 200-300 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე წავიდა იქ“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*