ფრიდონ ინჯია – როგორც ჩანს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეკრებების ნოსტალგია აქვს და ამით მას სურს აჩვენოს მმართველ ძალას რომ წარმოადგენს პრეზიდენტს რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას

📍 ხელისუფლების ბანაკებად დაყოფის მცდელობად და საერთო ჯამში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას საქართველოს მოსახლეობისადმი, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე.

🔹 ფრიდონ ინჯიას აზრით, როგორც ჩანს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეკრებების ნოსტალგია აქვს და ამით მას სურს აჩვენოს მმართველ ძალას, რომ „წარმოადგენს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, თავისი სიტყვა თქვას“.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემა „ტელეგრამის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

🔹 „უნდა გითხრათ, რომ ყველა აქციას და შეკრებას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. დღევანდელ მდგომარეობაში და იმ ეტაპზე რა ეტაპზეც დღეს საქართველოა, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ყველა ჩვენი ნაბიჯი, შეკრებები, აქციები ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მე ვიტყოდი სათუთი. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია უმრავლესობამ „ოცნების“ სახით და მე ეს ერთ გუნდად მიმაჩნია. ვუბრუნდები იმას, რომ ყველა შეკრებას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე თვის უკან, პრეზიდენტს ჰქონდა იდეა პარტიების შერიგების შესახებ. ჰქონდა შეხვედრებიც, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. მე მაშინაც ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ იდეიდან არაფერი არ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ რადიკალურად არიან დაპირისპირებული ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, აქ სანამ კანონის უზენაესობა არ იქნება და დამნაშავე არ იქნება დასჯილი, მანამდე, რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი ზედმეტია.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება 16 ივნისის შეკრებას, რომელიც დაანონსა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ შეკრების მიზანი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული.

🔹 „ჩემი აზრით, მე თავიდანვე ვთქვი, რომ პრეზიდენტი და „ოცნება“, ეს ერთი გუნდის მიერ არჩეული ხელისუფლებაა. ამ შეკრებით, ამ მოწოდებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდელობა და კვლავ მიმართული ამ დაპირისპირების გაღრმავებისკენ. ეს არის ხელისუფლების ბანაკებად დაყოფის მცდელობა და საერთო ჯამში, ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის აზრით, სალომეს ზურაბიშვილს ქვეყნისთვის კარგი უნდა, მაგრამ ამისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო, წინასაწარ დალაპარაკება და მოფიქრება.

🔹 რაც შეეხება ევროპარლამენტის ხედვას საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათი ხედვა ნათლად გამოჩნდა იმ რეზოლუციაში, რომელიც საქართვლომ იხილა, სადაც ხელს აწერდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებმაც დაზუსტებით ისიც კი არ იციან როგორი წყობის სახელმწიფოა საქართველო, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

🔹 „მაგალითისთვის ავიღოთ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელსაც დღესაც მიაჩნია, რომ პრემიერ მინიტრი გახარიაა, აი ასეთი პარლამენტარების მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია გვაქვს ჩვენ მიღებული და ქალბატონი სალომეც გადადის იმ ეპოქაში, როდესაც იყო გახარია“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მისთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მიუღებელია ის სიცრუე, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა. მისი თქმით, ეს შეურაცხყოფა მარტო მმართველ პარტიას არ ეკუთვნოდა, ეს ეკუთვნოდა მთლიანად ხალხს და საქართველოს.

🔹 „ამიტომ, მე სალომე ზურაბიშვილის ადგილას დავრჩებოდი ევროპაში, მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვს საქართველოსთან, მიეღოთ რეალური ინფორმაცია. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის წევრობის სტატუსს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის აზრით, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაანონსებული აქციები არავითარ გავლენას არ მოახდენს ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხზე.

🔹 „მე ასე ვფიქრობ, რომ ქალბატონ სალომეს უნდა, რომ აჩვენოს ხელისუფლებას, – „ქართულ ოცნებას“, რომ მასაც შეუძლია ხალხის შეკრება. პირველ რიგში, ის წარმოადგენს „ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ქალბატონი სალომე ზოგჯერ გამოირჩევა ასეთი არათანმიმდევრული ქმედებებით. მაგალითისთვის, მე ვიტყოდი მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ის დანიშნა საგარეო საქმეთა მინიტრად, რამდენიმე თვეში, მათ საერთო ენა ვერ გამონახეს და ამით მან დაამთავრა თავისი მოღვაწეობა საგარეო საქმეთა მინიტრის პოზიციაზე. მერე იყო ის შეკრება, რომელსაც ზურაბიშვილი ხშირად გვახსენებს, რომ მასთან შესახვედრად ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა იპოდრომზე და ასე მეჩვენება რომ მას ამ შეკრებიდან აქვს ნოსტალგია და ამით მას უნდა აჩვენოს მმართველ ძალას, რომ წარმოადგენს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი აზრით, იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე რაც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ქვეყნის პრეზიდენტს, მას უფრო მეტად სჭირდება შეხმატკბილებული მუშაობა მთავრობასთან იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს. არა მხოლოდ მან როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ ქვეყანამ მიიღოს შედეგი.

🔹 „ის რა მიღწევებიც აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს იქნება უვიზო რეჟიმი, ასოცირების ხელშეკრულება თუ სავაჭრო ხელშეკრულებები, ეს ყველაფერი იმ გუნდმა მოუტანა საქართველოს, რომელმაც აირჩია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*