ფრიდონ ინჯია: სადამდე უნდა ვიცხოვროთ მემორანდუმებით? სად არის ზღვარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და მემორანდუმის პირობების შესრულებას შორის?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას სიტყვით გამოსვლა ევროპული საბჭოს პრეზიდენთან შარლ მიშელთან ბათუმში, ოპოზციასთან გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებით!
განსაკუთრებით მინდა მიველსალმო ბატონ შარლ მიშელს და დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ასე აქტიურადაა ჩართულია ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში ხელოვნურად ინსპირირებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და პარლამენტში ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ. გაფორმდა დოკუმენტი “სამომავლო გზა საქართველოსთვის”, თუმცა მემორანდუმი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცალმხრივი, მიუხედავად ამისა მან თავისი დადებითი როლი უდაოდ შეასრულა.
დღეს თქვენ საქართველოში ძალიან პოპულარული ადამიანი ხართ. არ არის თითქმის ახალი ამბების არცერთი გამოშვება თქვენი სახელი რომ არ გაჟღერდეს. პარლამენტშიც კი გვაქვს თქვენი სახელობის დოკუმენტის ფრაქცია. პოლიტიკური პატირები კი განუხრელად აპელირებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე და ყველა განცხადებისა თუ ქმედებისას ამ დოკუმენტს იშველიებენ.
ბევრის აზრით, შეიძლება ეს არ არის საუკეთესო დოკუმენტი, მაგრამ მისი საშუალებით მოხერხდა კრიზისული სიტუაციის განმუხტვა.
მაგრამ აუცილებელია ერთი რამ ავღნიშნოთ:
საქარველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თვითმყობადობით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სწრაფვით. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და ვისწრაფით, რომ ის ევროპული ტრადიციები დავამკვიდროთ, რომლის მიზანიც, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების ბედნიერება და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობაა. ჩვენ ვინარჩუნებთ სურვილს ვიყოთ დასავლური თანამეგობრობის წევრები, მაგრამ ამასთან ვიყოთ დამოუკიდებელნი, ვიმოქმედოთ ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი არ გახდეს იარაღი და საშუალება, ჩვენი პარლამენტის პარალიზების, კონსტიტუციის ნიველირების, სასამართლოს ფუნქციონირების შეჩერების, ხელისუფლების შტოებზე – პრეზიდენტზე, მოსამართლეებზე, იუსტიციის საბჭოზე და სხვ. ზეწოლის მექანიზმი ან უფრო მეტი – ვიცხოვროთ მემორანდუმით.

თუ მმართველმა პარტიამ ხელი მოაწერა ამ მემორანდუმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მან, განა ცალმხრივად, უნდა შეასრულოს იგი?! ამ დროს, ე.წ. დესტრუქციული ოპოზიიცია ხან შემოდის, ხან ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, განუხრელად არღვევს პოლიტიკურ ეთიკას და ახდენს პარლამენტის სხდომების პარალიზებას. ეს კი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აღშფოთებას იწვევს და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას განაპირობებს.

სადამდე უნდა ვიცხოვროთ მემორანდუმებით? სად არის ზღვარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და მემორანდუმის პირობების შესრულებას შორის? მე მგონი, თუ ასე გავაგრძელებთ, ეს ზღვარი წაიშალება, როგორც წყლის ზედაპირზე კენჭის ჩაგდებით შექმნილი ტალღები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონში ვცხოვრობთ და ამასთან ვაშენებთ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოს ევროპული ფასეულობებით და ეროვნული თვითმყოფადობით. ამით ჩვენ გვინდა გავხდეთ, მიმზიდველი რეგიონში. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დავიბრუნოთ რეგიონის ლიდერი სახელმწიფოს როლი, როგორც ეს ოდითგანვე იყო. ჩვენთვის ამის განხორციელება შეუძლებელია, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ბალანსის დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობას, ევროპული პილიტიკური კულტურის დამკვიდრებას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სუვერენიტეტის და თვითმყობადობის შენარჩუნებას გულისხმობს.

ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ევროპელი ელჩების, ზეწოლა პარლამენტის უმრავლესობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ ჩაერიონ სასამართლო ხელისუფლების მუშაობაში და ამით უგულველყონ ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია, ოცნების ცალმხრივად ხელმიწერილი მემორანდუმის საფუძველზე. თუ გნებავთ სიმართლე – მემორანდუმი ჯერ ყველა ოპოზიციურ პარტიებს, უნდა მოეწერათ ხელი, მხოლოდ შემდგომ მმართველ პარტიას, თუმცა ეს მმართველი პარტიის საქმეა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საბუთი არ იქნებოდა კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი და სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმძღვანელო საბუთი.
მმართველი პარტია, შეცდომებს შეცდომებზე უშვებს, თავისი არათანმიმდევრობით, რისი შედეგიცაა შექმნილი ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოში სუფევს.

ამასთანავე, გამოვთქვამ მწუხარებას იმ ბუნებრივი კატასტროფისა, რაც გამოიწვია წყალდიდობებმა ევროპაში და თქვენს სამშობლოში – ბელგიაში.
სურვილი მაქვს ვიყო თქვენთან და გვერდში დაგიდგეთ, მიუხედავად ჩემი წლოვანებისა, თუ ეს ვერ შევძელი მიგულეთ თქვენს გვერდით.

დიდი მადლობა.
ფრიდონ ინჯია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*