ფრიდონ ინჯია – საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ;

📍 საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ;

🔴 ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

🔴 „საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა და ბოლო პერიოდის ყველა განცხადება არის მიმართული ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ინტერსებისკენ, რითაც იგი სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების საქმეში საკუთარ მცირე წვლილს შეიტანს.

🔸 „ქალბატონო სალომე, თქვენ ჯერჯერობით გაქვთ კიდევ ერთი წელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, და მე გთხოვთ, გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც ჩაგეთვლებათ ქვეყნის ინტერსების სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად, ქართული სახელწმიფოს გადარჩენისკენ გადადგმულ ნაბიჯად – ამაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ამაში შედის ქართული დიასპორის ინტერსებიც. სხვა დიდი უფლებამოსილება თქვენ არ გაგაჩნიათ. ამიტომ, თუ ამას გააკეთებთ, ქართული სახელმწიფოს გადარჩენის საქმეში თუნდაც სულ პატარა ზომის აგურის დადებად ჩაგეთვლებათ.

🔸 რა მაძლევს მე უფლებას, რომ თქვენ ასე გესაუბროთ?

🔸 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციური პარტია ვართ, ორი კვირის განმავლობაში სამეგრელოში დღე და ღამე გავასწორეთ და იმ ძალიან რთულ რეგიონში თქვენ რვავე რაიონში გაიმარჯვეთ. აი, ეს მაძლევს მე იმის თქმის უფლებას, რომ ხელები არ ჩამოვუშვათ და პრეზიდენტი, რომელსაც ხმა მივეცით, ქვეყნისთვის საჭირო საქმეებს გააკეთებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა თავის გამოსვლაში მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, გააკეთოს განმარტება თავისი განცხადებებიდან გამოდინარე, თუ რა განსხვავებას ხედავს იგი 7-8 მარტის მოვლენებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაპიტოლიუმში აქციის მონაწილეთა შეჭრის ფაქტს შორის.

🔸 „ქალბატონო პრეზიდენტო, რა განსხვავებას ხედავთ თქვენ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეჭრასა და საქართველოს პარლამენტის შენობაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან შტურმს შორის?

🔸 თუ იქ, კაპიტოლიუმში შეჭრა მიჩნეულია უკანონო ქმედებად და დამნაშავეები დაისაჯნენ – მათ მიესაჯათ 10-15 და მეტი წელი, აქ საქართველოში შეიძლება თუ არა, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა განახორციელონ შტურმი პარლამენტის შენობაზე, ცეცხლი წაუკიდონ მას და არაერთგზის გამოიყენონ მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელების სიცოცხლის ხელყოფისთვის?

🔸 თქვენ, თქვენი განცხადებებით, მხარდაჭერას უცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილნი, რომლებიც ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ სამართალდამცავებს, უმოწყალოდ ანადგურებენ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას და ქონებას. იყო თუ არა ეს ქმედებები კონსტიტუციურ ჩარჩოებში?

🔸 როგორ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აღმართავენ პოლიციელებზე ამერიკაში? აქ, 7-8 მარტის აქციის დროს რამდენი დასახიჩრდა? დაისაჯნენ დამნაშავეები? ან თუ დაისჯებიან, ფიქრობთ თუ არა მათ შეწყალებას?“ – მიმართა პრეზიდენტს ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მოვა დრო, როცა 7-8 მარტის აქციის მონაწილეები სიმართლეს გააცნობიერებენ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პრეზიდენტს შეახსენა იმ პოლიტიკური თამაშის წესებისა და თანამშრომლობის გუნდური პრინციპების შესახებ, რომელი პრინციპების დაცვითაც უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები.

🔸 „მე მინდა გესაუბროთ იმ თამაშის წესებზე, რა თამაშის წესებითაც თქვენ მოევლინეთ საქართველოს პრეზიდენტად.

🔸 ყველას გვყავს შვილები, ოჯახები და ვიცით, თუ რა პასუხისმგებლობა გვაქვს მათ წინაშე. საქართველოში არსებობს ბევრი ისტორიული მაგალითი, სადაც ჩვენი მეფეები, სახელმწიფო მოღვაწეები და პირველი პირები ქვეყნის ინტერსებს ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ. შეგახსენებთ, როცა თქვენ იყავით საგარეო საქმეთა მინისტრი და მოგიწიათ გადადგომა, სწორედ იმიტომ მოგიწიათ ამ გადაწყევტილების მიღება, რომ არ იცოდით თამაშის წესები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიუხედავად ჩემთვის მიუღებელი ბევრი ფაქტორისა, იცის თამაში წესების დაცვა და ხალხი, რომელიც თქვენ შეკრიბეთ არ გეგონოთ, რომ ვინმე თქვენი პატივისცემით მოვიდა ამ შეკრებაზე. მათ ჰქონდათ პროტესტი წინა ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, თქვენ იფიქრეთ და მიიღეთ ის ლეგიტიმაცია, რომ თქვენ შეგეძლოთ ხალხის სახელით საუბარი. (სალომე ზურაბიშვილმა 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ შეკრიბა მოსახლეობა იპოდრომზე).

🔸 ნუ დაგავიწყდებათ, რომ თამაშის წესი თქვენ შემოგთავაზათ „ოცნებამ“. თქვენ ხომ დათანხმდით და მიეცით პირობა „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარეს, რომ იქნებოდით თავდადებული საქართველოსთვის და ღირსეულად შეასრულებდით იმ მოვალეობას, რაც გევალებათ პრეზიდენტის რანგში. მანაც, მხედველობაში მყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგცათ პირობა, რომ გააგრძელებდა საქართველოსთვის კოლოსალური ფინანსური დახმარების გაწევას, რასაც ასრულებს კიდეც, საქართევლოს ინეტერსებიდან გამომდინარე, პოლიტიკიდან წასვლისა და მასზე არსებული უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც ვერც კი შეედრება თქვენზე ზეწოლა და არსებული ვალდებულებები.

🔸 მე მჯერა, რომ დღეს თქვენზე არის ზეწოლა, მაგრამ თქვენ ამაზე მაღლა უნდა დადგეთ და ამის თაობაზე მე შემიძლია მაგალითები მოვიყვანო. გნებავთ, ისრაელის მაგალითი, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა, მათ თავიანთი სახელმწიფო ინტერსები აქვთ და იგი არასოდეს გახდება კიდევ ერთი დამატებითი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე.

🔸 „ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-ს დემოკრატიულ სისტემას, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისრაელი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა უბრალოდ კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე“,- ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი.

🔸 „ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ხალხის ნების შესაბამისად და არა უცხოეთიდან, მათ შორის, საუკეთესო მეგობრების მხრიდან ზეწოლის შედეგად“, – ისრელის პრემიერ-მინისტრი.

🔸 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში პრეზიდენტს ასევე, შეახსენა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, მეზობელი ქვეყნის, თურქეთის ხელისუფლების პოზიციის შესახებ, რომელიც დეპუტატის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნაა და გამუდმებით იბრძვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის.

🔸 ამასთან, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს და ხელისუფლებას სწორად უნდა ჰქონდეს გააზრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მეზობელი ქვეყნების როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔸 „ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურად ნამდვილი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნები არიან: აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი, საიდანაც საქართველო იღებს ძირითად ენერგომატარებლებს – გაზს, ნავთობს, ელექტროენერგიას, პირველადი მოხმარების აუცილებელ პროდუქტს, რაც იძლევა საშუალებას გაძლიერდეს და გამყარდეს საქართველოს ეკონომიკა“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔸 ფრიდონ ინჯიამ უარყოფითად შეაფასა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი მხარს არ უჭერს საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს.

🔸 „ვფიქრობ, წინდაუხედავად აკეთებთ განცხადებებს, ერთ მილიონამდე ქართველის ინტერესებისა და საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავების ინტერესების საწინააღმდეგოდაც, რომელთა რაოდენობაც მილიონს აღემატება, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ.

🔸 მიმაჩნია, რომ საქათველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ეს არის ჰუმანიტარული აქტი, რომ ხალხს ჰქონდეს მიმოსვლა ერთმანეთთან. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად გავუადვილოთ ყოფა საქართველოში და რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს ურთიერთმიმოსვლის კუთხით. უნდა ვეძებოთ და გავამყაროთ ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ეს იქნება ხიდი, რომელზეც გაივლის იმ ჩვენი დიდი პრობლემის, გულისტკივილის გადაწყვეტა, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია.

🔸 საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საკმაოდ დიდ შეღავათს მისცემს როგორც სახელმწიფოს ეკონომიკას ასევე, ჩვენს თანამოქალაქეებს და შეზღუდვის დაწესებისა და ფრენების აკრძალვის შემთხვევაში ვინ დააკომპენსირებას იმ ზარალს?

🔸 თქვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეს ხომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა? ვინ აგებს ამაზე პასუხს? რატომ საუბრობთ ასე? ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“ – მიმართა პრეზდენტს ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*