ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს აიღოს მაგალითი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან ოსტატურად გამოდიან სიტუაციიდან, რათა არ ჩაერთონ საომარ ვითარებაში და ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ქვეყანას

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს აიღოს მაგალითი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ძალიან ოსტატურად გამოდიან სიტუაციიდან, რათა არ ჩაერთონ საომარ ვითარებაში და ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ქვეყანას.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელებს შორის პოლიტიკური გამოსვლები გაიმართა.

🔹 „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, როცა მივდიოდით რაიონებში ჩვენი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქვეყანა. არ არის რაიონი დარჩენილი, სადაც რაღაც არ კეთდება, არ ლამაზდება. გაჩნდა გარკვეული ეკონომიკური საშუალებები და მთავრობას მიეცა შესაძლებლობა დაეფინანსებინა გლეხობა. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ბოლო 10 წელია საქართველოში ომი არ არის. გადავხედოთ იმ სოფლებსა და ქალაქებს და დავინახავთ, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი მოძმე ერის უკრაინის ტერიტორია.“

🔹 „მე მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, და ასე შემდეგ, რომლებიც დანის პირას დადიან, მაგრამ თავიანთი ინტერსებიდან გამომდინარე, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ომში არ მიიღონ მონაწილეობა და გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ჩვენი სიტუაცია უფრო მძიმეა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არაკონტროლირებადია, და სულ ახლოს არის ეს ხაზი საქართველოს დედაქალაქთან“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისივე თქმით, 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, ორი კვირით ადრე, მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა მოძმე უკრაინელების მხრიდან მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაზე.

🔹 „ამის შემდეგ კი, ერთი კვირით ადრე, მე და ჩემმა კოლეგამ ავთანდილ ენუქიძემ (საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი) კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ, მაგრამ დღეს ხედავთ, თუ როგორ სხვანაირად შეტრიალდა ყველაფერი. განადგურებულია ქალაქები. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იყოს უფრო ადეკვატური არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

🔹 „მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კანონები და იყოს უფრო ადეკვატური იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის ნებისმიერ ვითარებაში არის უპირველესი და ქვეყანაში აუცილებლად უნდა ხდებოდეს კანონის შესრულება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*