ყოველთვიური არქივები: იანვარი2021

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“    არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“  გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ  პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ საქმიანობას კონსტრუქციული ოპოზიციის  საქმიანობის ჭრილში.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა ამა წლის 9  იანვარს „საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“  კანონის სრული დაცვით. ყრილობაზე მოხდა პარტიის წესდების მიღება და ყველა საჭირო დოკუმენტების ნოტარიუსის მიერ დამოწმება“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია აგრძელებს თავის საქმიანობას და საჯარო რეესტრში  შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება პარტიის საბოლოო რეგისტრაცია.

„ამა წლის 15 იანვარს პარტიამ საჯარო რეესტრში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია პარტიის ოფიციალურად რეგისტრაციისათვის. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრი განიხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და დადგენილი წესით განიხილავს პარტიის რეგისტრაციის საკითხს. პარტიას საჯარო რეესტრის მხრიდან რაიმე ხარვეზის შესახებ შეტყობინება არ მიუღია.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა  წარიმართება კონსტრუქციული ოპოზიციის სახით.

„ევროპელი სოციალისტების“  პოლიტიკური საქმიანობა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთ, იქნება კონსტრუქციული ოპონირება ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა უოურველესად, სოციალური საკითხების დროულად გადაჭრა.  ვიმედოვნებთ, აღნიშნული არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დასარეგისტრირებელად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ფრიდონ ინჯია – პარლამენტი ჩვეულებრივად მუშაობს, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ ვხედავ

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შიდა პარტიული საქმეა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან სხვა თანანამდებობის პირი „ქართულ ოცნებაში“.

„ეს პარტიის საქმეა, გადაწყეტილებებს თვითონ იღებენ, ჩვენ სხვა პარტია ვართ-  „ევროპელი სოციალისტები”.  რას გადაწყვეტს სხვა პარტია, ეს მათი საქმეა, ამიტომ, კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხული იქნება ჩემთვის. ეს მათი შიდა სამზარეულოა. შიდა პარტიული საქმეა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან სხვა თანანამდებობის პირი „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გახდა გადაწყვეტილების მიზეზი“, ინჯიამ განაცხადა, რომ ის საქართველოში მძიმე პოლიტიკურ ფონს ვერ ხედავს.

„უნდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ მძიმე პოლიტიკურ ფონს, რაში გამოიხატება ეგ? პარლამენტი მუშაობს, პარლამენტში არის ორი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება“ და „ევროპული სოციალისტები“. მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ აქ პოლიტიკურ კრიზისს. სულ სხვა საქმეა ეკონომიკური მდომარეობა. პანდემიიდან გამომდინარე მძიმე მდგომარეობაა და როდემდე გასტანს, ეს კიდევ არ ვიცით. ამიტომ, აქ არის საფიქრალი. აქ ყველანაირი მობილიზაცია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა გლეხი და ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი, ეს როგორმე კომპესირებული იქნას. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.

ფრიდონ ინჯია – როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა?

როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა? –  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს.

ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიას მიდგომა მათი პარტიის მიმართ ორმაგი სტანდარტია.

„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ.

სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა.

ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპელი სოციალისტების“ დღეს დაგეგმილ სადამფუძნებლო ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პარლამენტში ყოფნა ერთპარტიულობის დადასტურებაა.

„არ შევაფასებ საერთოდ მაგ ხალხს, ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის პარლამენტის ერთპარტიულობის დადასტურება“ – აღნიშნა ბოკერიამ.

ფრიდონ ინჯია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ინჯიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ისინი ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ, რაც ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს.

„როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საჭიროდ, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები. დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად, პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია თითქოს ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთი და არც მეორე არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს“, – განაცხადა ინჯიამ.

„საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო” – ევროპელი სოციალისტები

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები  ქართველებს და ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ყოველგვარ დაპირისპირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პარტიის წევრები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხება ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადგაზე დაწყებულ კონფლიქტს.

„მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში,  მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ადამიანის უფლებები და მათი რელიგიური კუთვნილება სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უზენაესი პრინციპი და არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ უდიდეს მონაპოვარს.

„სხვადასხვა აღმსარებლობის პატივისცემა, მოსახლეობის მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრება დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას და გარდაუვალ პირობად მიაჩნია არსებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა“ – ნათქვამია განცხადებაში.