ყოველთვიური არქივები: აგვისტო2021

“ევროპელი სოციალისტების” პრიორიტეტები

პარტიის მთავარი იდეოლოგია

პარტიის მთავარი იდეოლოგია ეფუძნება ეროვნულ და პატრიოტულ სულისკვეთებას. „ევროპელი სოციალისტების“ სამომავლო გეგმაში უმთავრესი ადგილი უკავია  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც  სოციალური სამართლიანობის პრინციპზე  დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება. ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს. პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი  უნდა იყოს ორიენტირებული  მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. პოლიტიკური პარტია აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუტთან, ორგანიზაციასთან იმ ძირითადი მიზნების მისაღწევად, რაც პარტიას აქვს გაცხადებული.

პრიორიტეტები საქართველოს პარლამენტში

პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება  აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და  კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან.  ამ კუთხით   მოხდება  სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში.

პარტიის უახლოესი გეგმები

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი  მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს  გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ავთანდილ ენუქიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლის ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გაიმართა, მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ დროული რეაგირებისთვის, რომელიც აუცილებელი იყო მოსახლეობის მხრიდან ავთანდილ ენუქიძის სახელზე მიღებულ წერილებთან დაკავშირებით.

ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, დროულად გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუქტურები იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც არც საქმეს აფუჭებენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. ავთანდილ ენუქიძის შეფასებით, ასეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც სახელწიფო სტრუქტურებში მუშაობენ გადასულები არიან „სამრეწველო ქრთამზე“.

ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის შესახებ გაამახვილა ყურადღება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ფრიდონ ინჯია: თამარ ჟვანიას გადადგომა მულოდნელი იყო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მოულოდნელს უწოდებს თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. მე როგორც, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, საკმაოდ სიღრმისეულად გავეცანი და შევისწავლე არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალები. აქედან გამომდინარე, ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თამარ ჟვანიას უწყების მხრიდან, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ მცირე ხარვეზებს და ტექნიკური ხასიათის შეცდომებს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
 მისი თქმით, უნდა აღინიშნოს , რომ 8 ივლისს საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დასკვნას და დადგენილების პროექტს კომისიის მუშაობის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კომისიამ უკვე შეიმუშავა საარჩევნო კომისიისადმი გარკვეული რეკომენდაციები.
„კომისიის მუშაობა შემიძლია შევაფასო როგორც მნიშვნელოვანი პროცესი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სიღრმისეულად შეგვესწავლა კონკრეტული საარჩევნო უბნების საკითხები. კომისია დასკვნით ეტაპზეა და ვფიქრობ, შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები იქნება მნიშვნელოვანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამომავლო მუშაობისთვის“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე თვლის, რომ არასწორი საქციელი იყო თამარ ჟვანიას მისამართით აგორებული ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის კამპანია.
 „პირადად მე, თამარ ჟვანიას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეხვედრისას ბოდიში მოვუხადე იმ უდიდესი წნეხის, ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის გამო, რომელიც მისი მისამართით მთელი საარჩევნო პროცესისა და მის შემდეგაც გაისმოდა. მე ვთვლი, რომ ეს იყო არასწორი საქციელი თამარ ჟვანიას მიმართ და მას ნამდვილად არ ეკუთვნოდა ასეთი გამონათქვამები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
მისი აზრით, შეიძლებოდა, რომ ეს არჩვენები გაცილებით კარგად ჩატარებულიყო, მაგრამ ამას ჰქონდა ბევრი ობიექტური მიზეზი, როგორც იყო, პანდემია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, დაპირისპირება და ზეწოლა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან თავიანთი პარტიული მიზნების განსახორციელებლად. სწორედ აქედან გამომდინარეობდა, გარკვეული ზეწოლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.