ყოველთვიური არქივები: სექტემბერი2021

„იძულებული გამხადეს, გამეცა პასუხი იმ გამიზნულად  შეთხზული  ბრალდებების ნაწილზე, რომელიც „ახალმა პატრიოტებმა“ ეთერიდან გააჟღერეს“ ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია წინასაარჩევნოდ კარგად დაგეგმილ და პოპულიზმზე აგებულ  განცხადებებს უწოდებს  23 სექტემბერს,   ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა  – „საქართველო ირჩევს 2021“  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გაჟღერებულ  ბრალდებებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტაციის წინააღმდეგ.

ფრიდონ ინჯია თვლის და ადასტურებს მას, რაც  ისტორიული ფაქტებია, კერძოდ,  რომ სწორედ ნანა დევდარიანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეობის დროს, 2003 წელს, მოხდა არჩევნების გაყალბება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მეთაურობით მოიყვანა ხელისუფლებაში.

„სწორედ,  ნანა  დევდარიანის მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიყვანა ათი  ათასობით ადამიანი  ქუჩაში და სააკაშვილმა ოსტატურად  გამოიყენა ეს თავის სასარგებლოდ და შემდგომში მან ასევე, ოსტატურად ჩამოიშორა ჟვანია და ბურჯანაძე. რის შედეგადაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლით – ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები. დევდარიანის მიერ ამ პროცესების ხელშეწყობამ და „თავდადებამ“ მიანიჭა მას  ხელშეუხებლობა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. დევდარიანის და სააკაშვილის ალიანსმა, სხვებთან ერთად,  2003 წელს მოგვცა ის,  რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 22%, მოხდა ადამიანების მასობრივი დაპატიმრებები, ქონებების ჩამორთმევა, საპატიმროებში გაუპატიურებები, ადამინების წამება, მკვლელობები, ადამინების შავ ზღვაში გადაყრა. ძირითადი დამნაშავეები კი გარეთ არიან, ხოლო დევდარიანი, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანის ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი, არჩევნებზე საუბრობს. რომ არა მისი  ეს გაყალბება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც ფრიდონ ინჯია აღნიშნავს, სამწუხაროდ, საზოგადოებას დაავიწყდა ის რეალობა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობთ – ვინ მოიყვანა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“  ხელისუფლებაში. არჩევნების გაყალბება, ეს იყო დაგეგმილი, როგორც შემდგომში გამომჟღავნდა, რითაც უნდა ესარგებლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს – სააკაშვილს, რაც მან პირნათლად შეასრულა. ეს იყო  სოროსის მიერ დაგეგმილი სცენარი  და უფრო მეტიც, ამას ხალხის მიერ მოწყობილი  „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს. გავიდა წლები და იგივე სცენარით, 2020 წლის არჩევნებში ეცადა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები „გაყალბებების სცენარით“ აეგორებინათ ქვეყანაში არეულობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დევდარიანი არ ჰყავდათ ცესკოს თავმჯდომარედ.

რაც შეეხება  „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის  დაფუძნებას, მისი თავმჯდომარის განცხადებით,  სწორედაც, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. „დიახაც, საქართველოში დაფუძნდა – სოციალისტური პარტია, სახელწოდებით – „ევროპელი სოციალისტები.“

„ვფიქრობ, პარტიის კონცეფცია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, მისი განხორციელების შემთხვევაში,  იქნება ქვეყნის გადარჩენის გზა. პარტიას, რომლის ძირითადი ბირთვია საკანონმდებლო ორგანოში 4 პარლამენტარი, არავისთან არავითარი ვალდებულება არ გააჩნია და ის მოქმედებს და იმოქმედებს თავისი შეხედულებით, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენაა  მიმართული“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

დევდარიანის ბრალდებას, თითქოს  „ევროპელი სოციალისტები“  შეიქმნა „ქართული ოცნების“  მხრიდან გაცემული გარკვეული ბიზნესდაპირებების სანაცვლოდ, ან თითქოს თურქი ბიზნესმენების მხრიდან ადგილი აქვს დეპუტატების  შევიწროებას, ფრიდონ ინჯია კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მსგავსი თურქი ბიზნესმენი   ბუნებაში არ არსებობს და თუ ვინმეს ჰქონდა  რაიმე ურთიერთობა თურქ ბიზნესმენებთან, ეს  მხოლოდ უმაღლეს დონეზე და სრულ ურთიერთგაგებაზე  და ურთიერთპატივისცემაზე იყო დამყარებული.

ფრიდონ ინჯიას აზრით, უცოდინრობაა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მალხაზ თოფურიას განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ბიზნეს საქმიანობა და სოციალიზმი ერმანეთთან შეუთავსებელია. იგი გაკვირვებას გამოთქვამს მალხაზ თოფურიას ამ განცხადების გამო და აღნიშნავს, რომ მალხაზ თოფურია, რომელმაც კარგად იცის ისტორია, უყვარს იგი, დაუჯერებელია,    არ იცოდეს, რომ პირველი სოციალისტები,  სოციალისტური იდეების ავტორები, სწორედ  ბანკირები და მსხვილი კაპიტალისტები იყვნენ და დღესაც ევროპის განვითარებული სახელმწიფოები თანამედროვე სოციალიზმის თვალსაჩინო  მაგალითს წარმოადგენენ. მაგრამ აქ უბრალოდ, მალხაზ თოფურია,  ჩვენი აზრით, სამწუხაროდ,  გაუაზრებლად,  სხვის დავალებას ასრულებს.

„ჩვენ გვინდა და გვაქვს ამოცანად  წარმატებული ქვეყნებიდან, ავიღოთ ყველაფერი  საუკეთესო,  რასაც  თანამედროვე  სოციალისტებმა მიაღწიეს. ეს იქნება ევროპული, აზიური თუ ამერიკული სოციალიზმი.“  – აღნიშნავს ფრიდონ ინჯია.

მისივე თქმით, მაქსიმალური თავშეკავების მცდელობის მიუხედავად, იძულებული გახდა, პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რომელიც „ახალი პატრიოტების“ მიერ ტელეეთერიდან გაჟღერდა.

„ძალიან არ მინდოდა მესაუბრა „პატრიოტთა ალიანსზე“, მაგრამ იძულებული გამხადეს გამეცა პასუხი იმ გამიზნულად  შეთხზული  ბრალდებების ნაწილზე, რომელიც „ახალმა პატრიოტებმა“ ეთერიდან გააჟღერეს. იმედია, მათი გამონათქვამები არ ემთხვევა „პატრიოტთა ალიანსის“ შეგნებული უმრავლესობის აზრს.   ინფორმაცია ყველაფერზე საკმაოდ ბევრი გვაქვს და ეს აღებული გეზი თუ გააგრძელეს „პატრიოტთა ალიანსის“ ზოგიერთმა  „ახალგაზრდა წევრებმა“, მე იძულებული ვიქნები, თვალის  ასახელად,  ყველა ბრალდებას შესაბამისი პასუხი გავცე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს „პატრიოტთა ალიანსის“  სხვა წევრთათვის.

მათი პოპულისტური გამოსვლებიდან (თოფურია, დევდარიანი) კარგად გამოჩნდა, რომ მიუხედავად თავიანთი ასაკისა, „პატრიოტთა ალიანსში“ ამ ორ დამწყებ პატრიოტს არ აქვს სრული ინფორმაცია ჩვენზე, თუ რა წვლილი მიგვიძღვის   იმაში, რომ „პატრიოტთა ალიანსი“  საპარლამენტო პარტია  გამხდარიყო. ვთხოვ, ვისაც ეს ეკუთვნის, დაარიგონ ეს „ახალგაზრდები“  გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

 

 

 

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პროგრამის ძირითადი მიმართულებები

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

საქართვლოს სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი მოდელი და მმართველობითი ფორმა

ეკონომიკური განვითარების მოდელი

ენერგეტიკა

სოფლის მეურნეობა

განათლება

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

მეცნიერება და გამოყენებითი დარგები

ბუნებრივი რესურსების მართვა

მრეწველობა და გადამამუშავებელი წარმოება

კულტურა და სპორტი

ტურიზმი

სახელმწიფო და ეკლესია

სამეზობლო პოლიტიკა

საბანკო, საფინანსო სექტორი

სამხედრო მრეწველობა და ჯარი

დიასპორის საკითხები

პროგრამის ძირითად მიმართულებებს პარტიის  პოლიტსაბჭო დამტკიცებს და იგი პრეზენტაციის შემდეგ გასაჯაროვდება.

“ევროპელი სოციალისტების” კონცეფცია

საქართველოს პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტების” ძირითადი

კ ო ნ ც ე ფ ც ი ა

მისია: სოციალური სამართლიანობა

საქართველოს ისტორიის ბოლო სამი ათეული წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მოსახლეობა, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად საგრძნობლად გაღატაკდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ძირითადად, ეკონომიური სიდუხჭირის გამო, ტოვებს თავის სამშობლოს და ფიზიკური გადარჩენის საშუალებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეძებს. ამ ძებნაში გადის დრო და ის სამუდამოდ იკარგება ქვეყნისთვის. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა. 1989 წლის მონაცემებით, საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ქვეყანა ფაქტობრივად განახევრებულია. საპენსიო უზრუნველყოფა შეადგენს მეოთხედს იმ თანხისა, რაც პენსიონერს სჭირდება დამსახურებული, უზრუნველი და ღირსეული სიბერისთვის. სოფლის მოსახლეობამ დიდი ოდენობით სასოფლო სამეურნეო მოსავლის მოყვანის მოტივაცია დაკარგა შიდა გასაღების ბაზრის დაუცველობის, არამსყიდველუნარიანობის და გარე ბაზართან ხელმიუწვდომელობის გამო. სახელმწიფო კი სოფლის გადარჩენის სასიცოცხლო საკითხზე პასუხს არ აგებს. განათლების დონემ მიაღწია კრიტიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ ნიშნულს. თუ ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა გამოჩნდა, ის სხვადასხვა ქვეყნების ფონდებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში ექცევა და გარკვეული მექანიზმების მეშვეობით სასწავლებლად, ან სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება. იქიდან კი, უმეტეს შემთხვევაში, უკან აღარ ბრუნდება. ამასთან, სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის არქონის გამო, წასული ახალგაზრდების ოჯახის წევრები ამ პროცესს ხშირად მიესალმებიან, რაც განაპირობებს სოციალური კაპიტალის გაზრდის მაგივრად, მის განუხრელად შემცირებას. სახელმწიფო კი არ მოქმედებს, რათა აღნიშნული პროცესი შეაჩეროს. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების ფუნდამენტს, არააქტუალური და მეორეხარისხოვანი გახდა.

ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი ცვლილებებს საჭიროებს. ქვეყნის ინტერესები მოითხოვს პრაგმატულ, მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას და ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სოციალურ თანასწორობაზე აგებულ, თანამედროვე პროგრესულ სოციალისტურ სისტემაზე გადასვლას. ამ მიზნის მისაღწევად „ევროპელმა სოციალისტებმა“ შევიმუშავეთ ქვეყნის გადარჩენის და სწრაფი განვითარების პროგრამა, (სრული ვერსია იხილეთ ვებ გვერდზე:  www.eurosocialists.ge რომლის თანახმადაც:

საქართველომ უნდა აწარმოოს მრავალვექტორული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, გაიზიაროს წარმატებული ქვეყნების (ევროპული, აზიური, ამერიკული) სწრაფი ეკონომიკური განვითარების გამოცდილება და გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ისტორიული, ეთნიკურ-რელიგიური, კულტურული და მენტალური თავისებურებები;

საქართველომ კარდინალურად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა დიასპორებთან მიმართებაში. საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ჩვენ დასაკარგი ქართველი არ გვყავს. ქართული სისხლის მატარებელი და ყველა ვინც მიიღებს ქართველობას, უნდა ჩავაყენოთ სამშობლოს სამსახურში;

გაცნობიერებული უნდა იქნას, რომ სახელმწიფოს ქონება ხალხის საკუთრებაა და ის ხელშუხებელია. საკითხის ღრმა შესწავლის და გაანალიზების შედეგად, საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით, კანონით, უნდა განისაზღვროს და დამკვიდრდეს ცნება საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი – მიწა, წყალი, ბუნებრივი სიმდიდრეები, სასრგებლო წიაღისეული და სხვა. აქედან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად ხალხის კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს და არა, როგორც ეხლა, პრაქტიკულად გაედინებოდეს საზღვარგარეთ ან რამოდენიმე ათეული პირის საკუთრებაში გადადიოდეს. სახელმწიფომ ეტაპობრივად, გამოსყიდვის გზით, ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა სამართლებრივი ნორმებით, უნდა დაიბრუნოს ყველა ის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც ამ ნუსხაში შევა;

საბანკო სექტორში ოლიგოპოლიზმის რეგულირების მიზნით, მოსახლეობისთვის ფულად-საკრედიტო მომსახურების თავისუფალი წვდომისთვის, სახელმწიფომ უნდა შექმნას სახელმწიფო კომერციული ბანკი;
მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს კანონი მიწის და ბუნებრივი რესურსების შესახებ. პირველ რიგში უნდა შეწყდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უკონტროლო გაცემა-გასხვისება;

მტკნარი წყლის რესურსები უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებული დაცვის და კონტროლის ობიექტი. თუ ჩვენ ქონებას არ გავუფრთხილდებით და ყველაფერს დაუფიქრებლად გავასხვისებთ, საქართველო დაკარგავს თავის სუვერენიტეტს, ის გარდაიქმნება ტრანსნაციონალური ჰოლდინგებისა და კორპორაციების ფილიალად, რომელიც თავისთავად უკვე გარედან იმართებიან და საქართველო მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებად დარჩება;

სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად, ქვეყნაში შემოღებული უნდა იქნეს რეფერენდუმების ჩატარების პრაქტიკა. რეფერენდუმის ჩატარება, ქვეყნის ერთიანობისა და ურყეობის ჩარჩოებში, უნდა შეეძლოთ ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომლებიც მათ წინაშე დგას. ნათლად და მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რეფერენდუმების ჩატარების წესი, ხოლო პროცედურა უნდა იყოს მარტივი;

საქართველოში სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს სოფლად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და ჭარბი პროდუქციის რეალიზაციის გარანტი უნდა იყოს. მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლად ეკოლოგიურად სუფთა ბიომეურნეობების შექმნას, რაც ჩვენი ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის;

სოფლის დემოგრაფიული სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისთვის, აუცილებელია სოფელს დაუბრუნდეს მის გარშემო არსებული საძოვრები და სამოსახლო მიწის რესურსები, ტყის, წყლის და თევზის რესურსებზე სარგებლობის უფლებების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანჭოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციულად ამ რესურსებით სარგებლობდნენ;

ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტულ დარგს უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და, ძირითადად, უფასო – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყნაშია, საავადმყოფოების უმრავლესობა მუნიციპალიტეტების საკუთრებში უნდა იყოს. ყველა სოფელში პირველადი დახმარების გასაწევად, უნდა აღდგეს ამბულატორიები;

სახელმწიფომ, თავის მხრივ, უნდა შექმნას ფარმაცეპტული წარმოება, რომელიც ოლიგოპოლიზმის მარეგულირებელი მექანიზმი იქნება და მოსახლეობა შეძლებს მედიკამენტები მათთვის მისაწვდომ ფასში შეიძინოს;
სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება უნდა გახდეს უფასო – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფუნდამენტური მეცნიერების აღორძინებას და ტექნოლოგიური დარგების განვითარებას;

სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყვნენ პენსონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ვეტერანები. მათი პენსია განსაზღვრული უნდა იყოს იმ ოდენობით, რომელიც მათ მისცემს ღირსეულად ცხოვრების პირობებს და დასვენების საშუალებებს;

მრავალშვილიანი ოჯახები ქვეყნისთვის განსაკუთრებული ზრუნვისა და სტიმულირების საგანი უნდა გახდეს;

ენერგეტიკა ეს ის დარგია, რომელიც მომავალი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია, ამიტომ სახელმწიფომ ამ დარგის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, 10 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მეტი წილი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს მათი მართვის, ტექნოლოგიურად განახლების და განაწილების ძირითად მეთოდებსა და ფუნქციებს;

ქვეყანაში უნდა აღიკვეთოს მონოპოლიზმი წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მოწოდებაზე. მოსახლეობას უნდა ქონდეს არჩევანის საშუალება, ვისგან იყიდოს ის;

ხელოვნურად შექმნილი, თავს მოხვეული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირება ქვეყნის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს. უნდა განისაზღვროს ახალი მიდგომები – საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასვლა, ყველა დაინტერესებული (შიდა თუ გარე) მხარის მონაწილეობით;

ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახური სავალდებულო უნდა იყოს ყველა სოციალური ფენისთვის. ის უნდა გახდეს პრესტიჟული და საამაყო ახალგაზრდა ადამიანისა და მისი ოჯახისათვის. ისინი შესაბამისი პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ. ყველა ახალგაზრდამ, განურჩევლად სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური. ახალგაზრდა პიროვნების ცხოვრებაში ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მასში ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გრძნობის ფორმირებას უზრუნველყოფს და სავიზიტო ბარათი იქნება კარიერული წინსვლისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ სახელმწიფოებრიობის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანობას და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, მივიღებთ მიმზიდველ, საინტერესო ქვეყანას, რომელიც ყველასათვის მისაბაძი და მისაღები იქნება. ამით გადაწყდება არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური, არამედ, დემოგრაფიული პრობლემა. ეს კი საქართველოს გადარჩენის წინაპირობაა.

დამტკიცებულია პარტია „ევროპელი სოციალისტები“-ს 2021 წლის 28 აგვისტოს გამართული პოლიტსაბჭოს მიერ, ოქმის №2021-08-42 (28.08.2021-15).

პარტიის თავმჯდომარე:
ფ. ინჯია