ყოველთვიური არქივები: იანვარი2022

ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში

🇺🇦 „უკრაინაში დღეს არსებული ვითარება არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება მთლიანად მსოფლიოს. უკრაინაში დღევანდელი მდგომარეობა თითქმის ანალოგიურია, როგორიც იყო 2008 წელს საქართველოში. თუ კარგად გავაანალიზებთ მდგომარეობა ასეთივეა.“ ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.

👉 მისი მოსაზრებით, დღეს ყველას ვისაც უნდა ომი და დაძაბულობა იარაღს აწვდის უკრაინას. ამ დროს რუსეთი ცალსახად ამბობს, რომ ის იქ ომს არ აპირებს.

🔷 „პრინციპში, ზელენსკიმაც (უკრაინის პრეზიდენტი) თქვა, რომ ომის ალბათობა არ არის. მაგრამ უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისეთი დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა შედის და არის ექსტრემალური ჯგუფები, ეს იქნება მარჯვენა სექტორი, თუ სხვა, არის ბევრი ისეთი დაჯგუფება, რომელიც შეიძლება მთლად უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ არ იყოს და ერთ „მშვენიერ“ დღეს შეიძლება მათ დაიწყონ შეტევა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მიდის საუბარი. ასეთ შემთხვევაში, გარკვეულ წილად რუსეთმაც შეიძლება უპასუხოს, იქ არიან მისი ქვეყნის მოქალაქეები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი თქმით, უკრაინის საკითხი რუსეთთან მიმართებაში არის მეორე რიგში. ის ხედავს უკრაინის ტერიტორიაზე სად რა შეიარაღებაა. მას აწუხებს ის ტერიტორიები, რომელსაც იგი ვერ აკონტროლებს. ეს ქვეყნებია რუმინეთი, პოლონეთი და ის აღმოსვალეთ ევროპის ქვეყნები, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს დარტყმა. ის იცავს თავის სახელმწიფოს.

🔷 „გერმანიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. მან აუკრძალა ესტონეთს შეიტანოს შეიარაღება. ბულგარეთმა უარი თქვა განლაგდეს ნატოს ჯარები მის ტერიტორიაზე. ხორვატიამ საერთოდ თქვა, რომ გამოიყვანს თავის ჯარს ნატოდან, ასე, რომ ევროპაში არ არის ერთსულოვნება“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „ამერიკასაც, რომელსაც დღეს დიდი ძალა და დიდი ავტორიტეტი გააჩნია არ სურს, რომ თავისი ინტერესები დათმოს ასე ადვილად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სთხოვს რუსეთს, რომ მისი პასუხები არ იყოს გასაჯაროებული. ეს კი, რაღაცას მიანიშნებს. რომ პასუხი იყოს არა საჯარო, არამედ კონფედენციალური. ეს მახსენებს მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებას (პაქტს). თუმცა, იქ ნაწილი იყო საჯარო და იყო გარკვეული ნაწილი დახურული, რომელიც 50 წლის შემდეგ გახდა ცნობილი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი აზრით, უკრაინაში არსებული სიტუაცია უფრო კონიუქტურულია, სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან, ანუ ვისაც აწყობს ეს დაძაბულობა. გარდა უკრაინელი ხალხისა, გარდა საქართველოსი, გარდა ახლო მდებარე ქვეყნებისა, რომლებიც მეზობლად არიან უკრაინასთან.

🔷 „ასე იყო 2008 წელს. ტექნიკა მოდიოდა. გაივსო საქართველო და მერე რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მერე ეს ტექნიკა ნაწილი ჩააბარეს და ნაწილი გაყიდეს და მოხდა იმ სტატუსის გაფორმება რაც არის დღეს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „შეიძლება ხვალ ვიღაცამ დაიწყოს იქ ომი, უკრაინის მხრიდან, ამას მოჰყვეს ის, რომ უკან წაიღოს თავისი სიტყვა დონეცკმა, ლუგანსკმა. რა მაქვს მხედველობაში, მათ ხომ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაგრამ 2016 წელს როდესაც იყო მინსკის ხელშეკრულება, ზეწოლის შედეგად უკან წაიღეს თავისი გადაწყვეტილება და თქვეს, რომ თუ უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ამ ოლქებს ექნება განსაკუთრებული სტატუსი, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ უკრაინის შემადგენლობაში. ერთადერთი ეხლა ამ ვითარების გამოსწორება შეილება თუ უკრაინა ხელს შეასრულებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო მინსკში“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისივე თქმით, საქმე იმაშია, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და უკრაინა. ეს უკვე ევროპაა. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ უკრაინის სახელმწიფოს გახდიან ფედერაციულს და ამით ეს ნაწილი ამოწურული იქნება. მაგრამ ჯერ რთულია თქმა ამით მიღწეული იქნება თუ საბოლოო შეთანხმება, მაგრამ ეს იქნება განხილვის საკითხი.

🔷 „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გამოძებნიან საერთო ენას. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, არცერთს არ აწყობს ომი“ – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

“ევროპელი სოციალისტების” პრეს-კონფერენცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება უკრაინის გარშემო    მიმდინარე  მოვლენებთან დაკავშირებით.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა პრეს–კონფერენცია გამართა.

  • ჩვენ „ევროპელი სოციალისტები“  ღრმა წუხილს გამოვხატავთ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო   სამხედრო  ესკალაციაზე.  წინააღმდეგი ვართ  ქმედებების, რომელიც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. უკრაინაში სამხედრო ესკალაცია   საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
  • ვემხრობით   საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში.           
  • მომხრეები ვართ  საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების;
  • ამიტომ, მოვუწოდებთ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ;
  • მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის  არდაშვება  უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება  შესაძლებელი;
  • ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო  ინტერესებიდან გამომდინარე,  მივმართავთ   საქართველოს მთავრობას,   გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და  მაქსიმალურად ჩაერთოს   უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ჩვენი ქვეყნის საზიანო რეზოლუციას“

📌„ჯერ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას უკრაინასთან მიმართებაში რეზოლუცია არ მიუღია“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ფრიდონ ინჯია თვლის, რომ თუ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს რეზოლუციას უკრაინასთან მიმართებაში, ეს უნდა იყოს საქართველოს სასიკეთო რეზოლუცია.

🔷 „მე მიმაჩნია, რომ თუ რეზოლუცია გაკეთდება ის უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო. უფრო მეტიც, რეზოლუციით ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ როგორც მხარე და თუ ჩვენ აღმოვჩნდით როგორც მხარე, რომელიმე სხვა ქვეყნებთან და გინდათ რუსეთთან, ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე შეიძლება გაგრძელდეს 2008 წლის მოვლენები და ეს მოვლენები შეიძლება დაიწყოს უკრაინაშიც. ეს მე არ მსურს. ჩვენ არ გვსურს ომი“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი აზრით, ვიღაცისთვის ეს სიტუაცია შეიძლება იყოს სასიკეთო, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის და არც უკრაინისთვის ეს არ იქნება სასიკეთო.

🔷 „ჩვენ არ გვჭირდება ომი და ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ. პირიქით, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ სიდინჯისკენ. ომი იქნება დამანგრეველი რეგიონისთვის და პირველ რიგში, უკრაინისთვის. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ის სიმშვიდე, რაც დამკვიდრდა ამ წლების განმავლობაში, და რაც იქნა მიღწეული ამ ხელისუფლების ხელში, ამის დაკარგვა ნამდვილად არასწორი იქნება.

🔷 „გამოჩნდა რაღაც სხივი ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით. მხედველობაში მაქვს რუსეთის ის განცხადება, რომელიც გულისხმობს 1997 წლის სტატუს-კვოს დაბრუნებას (ეს ქვეყნები, ეს ტერიტორიები და ბევრი სხვა). უნდა ითქვას, რომ წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა დღევანდელი მინიტრი, 1997 წელს იყო გაეროში რუსეთის წარმომადგენელი და ის ადასტურებდა და ხმას აძლევდა იმას, რომ საქართველო ერთიანი ქვეყანაა თავისი აფხაზეთით, სამაჩაბლოთი და ყველა დანარჩენით. ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და მათ ამ განცხადებაში შეიძლება ჩვენთვის სასიკეთო მივიღოთ და ამ რეზოლუციით, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ჩვენ არ აღმოვჩნდეთ დაპირისპირების ერთობაში და მხარედ არ გამოვიდეთ ჩვენ ვინმესთან“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი თქმით, თუ რეზოლუციაში იქნება ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება ავნოს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, და არ იქნება ისეთი რამ, რომელიც საქართვლოს შეუძლია მომავალში ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს, რა თქმა უნდა, როგორც ფრიდონ ინჯია აღნიშნავს, მისი პოლიტიკური ჯგუფი, ამას მხარს არ დაუჭერს.

🔷 „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო რეზოლუციას“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.