Category Archives: განცხადებები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 
???? პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აამოქმედონ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რომლის თანახმადაც მოხდება ადეკვატური რეაგირება პიროვნების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, ცილისწამების თუ პირადი შეურაცხყოფის ფაქტებზე.
???? „დღევანდელ რეალობაში დამკვიდრებულია სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად, უშედეგო და არაფრის მომტანია ადმინისტრაციული ჯარიმები. ქართულ საზოგადოებაში პიროვნების ლანძღვა-გინება, პირადი შეურაცხყოფა, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ადეკვატური ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება არ ხდება. სასამრთლო კი, შემოიფარგლება მხოლოდ ჯარიმების გამოწერით და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ლამის ავტომატურ რეჟიმში ხდება, თითქოს და იქ მოსამართლეები კი არა, არამედ რობოტები არიან“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
???? ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო ხელისუფლება და გარკვეული პოლიტიკური ოპოზიციური ძალები მოქმედებენ შეთანხმებულად, რადგანაც არსებული ფინანსური სანქციები, რომლითაც ხდება დამნაშავის დასჯა, არ არის ამ სასჯელის ადეკვატური ფორმა და სრულიად არაეფექტურია.
???? „დღეს დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პიროვნება, რომელიც ჩადის შეურაცხმყოფელ ქმედებებს, ან აკეთებს ამ ტიპის ცილისმწამებლურ განცხადებებს, წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას და ასრულებს კონკრეტულ დავალებას. შესაბამისად, აღნიშნული ჯარიმის საფასურს მას უხდის კონკრეტული პოლიტიკური პარტია, სადაც ის არის გაწევრიანებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.
???? პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე, ხელისუფლებას გაატარონ ადეკვატური და ქმედითი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე.
განცხადება

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

???? პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.
 
???? პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ხელისუფლების მხრიდან, რაც ვრცელდება დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყოფების მხრიდან პარტიული ტელევიზიებისა, თუ სხვა მასობრივი ინფორმაციების საშულებებით.
 
???? „მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქის მერობის მეორე ტურის არჩევნებზე და ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
 
➡ პოლიტიკური პარტია აპირებს ბოლომდე და უკომპრომისოდ იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა 3+3 კავკასიის 3 ქვეყნის – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და   რუსეთის, თურქეთის, ირანის ერთობლივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ, არის უმნიშვნელოვანესი.

„რეგიონულ  პროექტებში მონაწილეობა უზრუნველყოფს სახელმწიფოს მყისიერ სოციალურ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც     მისი სიძლიერისა და პოლიტიკური ურყეობის გარანტიაა.“ – აღნიშნულია პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.

ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ.   ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ   მეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება, იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური  პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს  კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.

შეთავაზება, რომელიც მივიღეთ, ნატოს წევრი – ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, ბევრის მთქმელია. იგი, თავისი მასშტაბით, რეგიონულ ინტერესებს სცილდება და   შეიძლება კარგ გამოცდილებად და  საგზაო რუკად იქცეს სხვა რეგიონული პრობლემების გადასაჭრელადაც.  მსგავსი წინადადება, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და იგი ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ეს არის ინიციატივა, რომელიც მრავალწილად  განაპირობებულია, საქართველოს ხელისუფლების  ბოლოდროინდელი გონივრული, თამამი სამეზობლო პოლიტიკით და  ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.

ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ ამ ფორმატში  ჩვენი ინტერესები კოლექტიურად დავიცვათ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანები განვახორციელოთ, საჭიროების შემთხვევაში  ვისაუბროთ ერთი – ერთზე, რომლის აუცილებლობაც ნამდვილად არის, მაგრამ   სხვადასხვა ძალები ამას  ყოველმხრივ ეწინაღმდეგებიან. დღეს კი,  ამ წინადადებით, ახალი შესაძლებლობები იკვეთება. მაგრამ, უკვე გამოჩდნენ ამ შესაძლებლობის მოწინააღმდეგეები როგორც შინ, ასევე,  გარეთ. ისინი  ორკესტრირებულად მოქმედებენ, ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტები მოჰყავთ და  არად დაგიდევენ ქვეყნის ინტერესებს.

 მიგვაჩნია,  დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის  პრაგმატულად იმოქმედოს.  თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და  ქვეყანა  ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი,  სახელმწიფოსთვის  საბოლოო დაღუპვა იქნება.

რაც შეეხება, სხვადასხვა განცხადებებს და მთავრობაზე ზოგიერთი ძალების ზეწოლას, მათ ენაზე, რომ ვთქვათ, –  „ბულინგს“, ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას,  რომლის მწვერვალიც  2008 წელს გაჩაღებული ომი იყო.  2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და  ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად,  მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი,  ყველაფერზე მიდიან, დაწყებული დივერსიიდან, დამთავრებული კაცის კვლით. აღნიშნული  კარგად ჩანს  მიმდინარე  წლის მოვლენებითაც. ამ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციურია და  არ ჯდება, პოლიტიკური პარტიების მოქმედების  არანაირ ჩარჩოში. შესაბამისად, მთავრობამ, უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, უნდა გაატაროს  ყველა ზომა,  რომ არ  განმეორდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი. მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ  მთავრობაზე   განახორციელონ მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მან   ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად არ მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ ჩიხში კი,  ქვეყანა სწორედ  მათი ძალოსხმევის შედეგად აღმოჩნდა.

გვჯერა, რომ  მთავრობა  წინ აღუდგება ამ დესტრუქციული  ძალების მოქმედებას, რომლებსაც  ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა სურთ. დროა, მან იმოქმედოს საქართველოს ინტერსების შესაბამისად, მათ შორის, განიხილოს რეგიონულ პროექტში მონაწილეობის საკითხი. აღნიშნული უთუოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას და ხელს შეუწყობს რეგიონში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა სიღრმისეულად მიუდგება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„იძულებული გამხადეს, გამეცა პასუხი იმ გამიზნულად  შეთხზული  ბრალდებების ნაწილზე, რომელიც „ახალმა პატრიოტებმა“ ეთერიდან გააჟღერეს“ ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია წინასაარჩევნოდ კარგად დაგეგმილ და პოპულიზმზე აგებულ  განცხადებებს უწოდებს  23 სექტემბერს,   ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა  – „საქართველო ირჩევს 2021“  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გაჟღერებულ  ბრალდებებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტაციის წინააღმდეგ.

ფრიდონ ინჯია თვლის და ადასტურებს მას, რაც  ისტორიული ფაქტებია, კერძოდ,  რომ სწორედ ნანა დევდარიანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეობის დროს, 2003 წელს, მოხდა არჩევნების გაყალბება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მეთაურობით მოიყვანა ხელისუფლებაში.

„სწორედ,  ნანა  დევდარიანის მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიყვანა ათი  ათასობით ადამიანი  ქუჩაში და სააკაშვილმა ოსტატურად  გამოიყენა ეს თავის სასარგებლოდ და შემდგომში მან ასევე, ოსტატურად ჩამოიშორა ჟვანია და ბურჯანაძე. რის შედეგადაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლით – ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები. დევდარიანის მიერ ამ პროცესების ხელშეწყობამ და „თავდადებამ“ მიანიჭა მას  ხელშეუხებლობა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. დევდარიანის და სააკაშვილის ალიანსმა, სხვებთან ერთად,  2003 წელს მოგვცა ის,  რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 22%, მოხდა ადამიანების მასობრივი დაპატიმრებები, ქონებების ჩამორთმევა, საპატიმროებში გაუპატიურებები, ადამინების წამება, მკვლელობები, ადამინების შავ ზღვაში გადაყრა. ძირითადი დამნაშავეები კი გარეთ არიან, ხოლო დევდარიანი, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანის ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი, არჩევნებზე საუბრობს. რომ არა მისი  ეს გაყალბება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც ფრიდონ ინჯია აღნიშნავს, სამწუხაროდ, საზოგადოებას დაავიწყდა ის რეალობა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობთ – ვინ მოიყვანა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“  ხელისუფლებაში. არჩევნების გაყალბება, ეს იყო დაგეგმილი, როგორც შემდგომში გამომჟღავნდა, რითაც უნდა ესარგებლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს – სააკაშვილს, რაც მან პირნათლად შეასრულა. ეს იყო  სოროსის მიერ დაგეგმილი სცენარი  და უფრო მეტიც, ამას ხალხის მიერ მოწყობილი  „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს. გავიდა წლები და იგივე სცენარით, 2020 წლის არჩევნებში ეცადა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები „გაყალბებების სცენარით“ აეგორებინათ ქვეყანაში არეულობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დევდარიანი არ ჰყავდათ ცესკოს თავმჯდომარედ.

რაც შეეხება  „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის  დაფუძნებას, მისი თავმჯდომარის განცხადებით,  სწორედაც, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. „დიახაც, საქართველოში დაფუძნდა – სოციალისტური პარტია, სახელწოდებით – „ევროპელი სოციალისტები.“

„ვფიქრობ, პარტიის კონცეფცია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, მისი განხორციელების შემთხვევაში,  იქნება ქვეყნის გადარჩენის გზა. პარტიას, რომლის ძირითადი ბირთვია საკანონმდებლო ორგანოში 4 პარლამენტარი, არავისთან არავითარი ვალდებულება არ გააჩნია და ის მოქმედებს და იმოქმედებს თავისი შეხედულებით, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენაა  მიმართული“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

დევდარიანის ბრალდებას, თითქოს  „ევროპელი სოციალისტები“  შეიქმნა „ქართული ოცნების“  მხრიდან გაცემული გარკვეული ბიზნესდაპირებების სანაცვლოდ, ან თითქოს თურქი ბიზნესმენების მხრიდან ადგილი აქვს დეპუტატების  შევიწროებას, ფრიდონ ინჯია კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მსგავსი თურქი ბიზნესმენი   ბუნებაში არ არსებობს და თუ ვინმეს ჰქონდა  რაიმე ურთიერთობა თურქ ბიზნესმენებთან, ეს  მხოლოდ უმაღლეს დონეზე და სრულ ურთიერთგაგებაზე  და ურთიერთპატივისცემაზე იყო დამყარებული.

ფრიდონ ინჯიას აზრით, უცოდინრობაა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მალხაზ თოფურიას განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ბიზნეს საქმიანობა და სოციალიზმი ერმანეთთან შეუთავსებელია. იგი გაკვირვებას გამოთქვამს მალხაზ თოფურიას ამ განცხადების გამო და აღნიშნავს, რომ მალხაზ თოფურია, რომელმაც კარგად იცის ისტორია, უყვარს იგი, დაუჯერებელია,    არ იცოდეს, რომ პირველი სოციალისტები,  სოციალისტური იდეების ავტორები, სწორედ  ბანკირები და მსხვილი კაპიტალისტები იყვნენ და დღესაც ევროპის განვითარებული სახელმწიფოები თანამედროვე სოციალიზმის თვალსაჩინო  მაგალითს წარმოადგენენ. მაგრამ აქ უბრალოდ, მალხაზ თოფურია,  ჩვენი აზრით, სამწუხაროდ,  გაუაზრებლად,  სხვის დავალებას ასრულებს.

„ჩვენ გვინდა და გვაქვს ამოცანად  წარმატებული ქვეყნებიდან, ავიღოთ ყველაფერი  საუკეთესო,  რასაც  თანამედროვე  სოციალისტებმა მიაღწიეს. ეს იქნება ევროპული, აზიური თუ ამერიკული სოციალიზმი.“  – აღნიშნავს ფრიდონ ინჯია.

მისივე თქმით, მაქსიმალური თავშეკავების მცდელობის მიუხედავად, იძულებული გახდა, პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რომელიც „ახალი პატრიოტების“ მიერ ტელეეთერიდან გაჟღერდა.

„ძალიან არ მინდოდა მესაუბრა „პატრიოტთა ალიანსზე“, მაგრამ იძულებული გამხადეს გამეცა პასუხი იმ გამიზნულად  შეთხზული  ბრალდებების ნაწილზე, რომელიც „ახალმა პატრიოტებმა“ ეთერიდან გააჟღერეს. იმედია, მათი გამონათქვამები არ ემთხვევა „პატრიოტთა ალიანსის“ შეგნებული უმრავლესობის აზრს.   ინფორმაცია ყველაფერზე საკმაოდ ბევრი გვაქვს და ეს აღებული გეზი თუ გააგრძელეს „პატრიოტთა ალიანსის“ ზოგიერთმა  „ახალგაზრდა წევრებმა“, მე იძულებული ვიქნები, თვალის  ასახელად,  ყველა ბრალდებას შესაბამისი პასუხი გავცე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს „პატრიოტთა ალიანსის“  სხვა წევრთათვის.

მათი პოპულისტური გამოსვლებიდან (თოფურია, დევდარიანი) კარგად გამოჩნდა, რომ მიუხედავად თავიანთი ასაკისა, „პატრიოტთა ალიანსში“ ამ ორ დამწყებ პატრიოტს არ აქვს სრული ინფორმაცია ჩვენზე, თუ რა წვლილი მიგვიძღვის   იმაში, რომ „პატრიოტთა ალიანსი“  საპარლამენტო პარტია  გამხდარიყო. ვთხოვ, ვისაც ეს ეკუთვნის, დაარიგონ ეს „ახალგაზრდები“  გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

 

 

 

ავთანდილ ენუქიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლის ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გაიმართა, მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ დროული რეაგირებისთვის, რომელიც აუცილებელი იყო მოსახლეობის მხრიდან ავთანდილ ენუქიძის სახელზე მიღებულ წერილებთან დაკავშირებით.

ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, დროულად გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუქტურები იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც არც საქმეს აფუჭებენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. ავთანდილ ენუქიძის შეფასებით, ასეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც სახელწიფო სტრუქტურებში მუშაობენ გადასულები არიან „სამრეწველო ქრთამზე“.