ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს ინტერსებს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ვერც ერთი შუამავალი ვერ დაიცავს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს ინტერსებს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ვერც ერთი შუამავალი ვერ დაიცავს. აქედან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს, პირდაპირი დიალოგი დაიწყონ რუსეთის ფედერაციასთან. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

🔹 „მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს არც ერთი შუამავალი არ გააკეთებს. უნდა ელაპარაკო ნებისმიერს იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერსები დაიცვა… შენ არ იცი, შუამავალმა რა პირობებით ილაპარაკა, სად ჩააქსოვა თავისი ინტერესები. 13-14 წელია გასული მას შემდეგ, რაც მოხდა 2008 წლის მოვლენები, რამეში წავიწიეთ წინ, რამე გაგვიკეთეს შუამავლებმა? როდემდე უნდა ვიყოთ ამ მოლოდინში“, – აცხადებს დეპუტატი.

🔹 – კითხვა: რატომ მიაჩნიათ „ევროპელ სოციალისტებს“, რომ დადგა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დრო, რას უწუნებენ ისინი ხელისუფლებას და როგორია მათი პოზიციები, რატომ გადაწყვიტეთ ამ იდეით მიგემართათ ხელისუფლებისთვის? იცით, რომ ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აღშფოთებას გამოიწვევს, იმიტომ რომ მოსახლეობამ თავის დროზე პლებისციტით გააკეთა არჩევანი დასავლეთისა და ევროატლანტიკური გზის მიმართულებით. ახლა ამბობთ, რომ დადგა დრო რუსეთთან დიალოგის? რაში გვჭირდება ეს სრულიად საქართველოს?

🔹 – ფრიდონ ინჯია: დღეს საქართველოს მდგომარეობა არის ასეთი – გადარჩება თუ არ გადარჩება. იმდენად სწრაფად იცვლება პოლიტიკური ველი და სიტუაცია მთელ მსოფლიოში, რომ შესაძლოა, ისეთ პირობებში აღმოვჩნდეთ, რომ ტერიტორია გეოგრაფიულად იყოს, მაგრამ საქართველო და ქართველები, ის, რაც საუკუნეები მოგვქონდა აქამდე, აღარ იყოს. თქვენ კითხულობთ, რამდენად გვჭირდება რუსეთთან საუბარი და ამავე დროს ნატო და ევროკავშირი… ასეთი კითხვაც კი მეუხერხულება იმიტომ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები მიდიან რუსეთში და ელაპარაკებიან, იგივე უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია… ჩვენს ინტერესებს ისე, როგორც ქართველი კაცი და საქართველოზე თავდადებული კაცი, არ დაიცავს არც ერთი ქვეყანა. შუამავლის იმედად ჩვენ უკვე ვართ ათეული წელი და ვერაფერი მივიღეთ, უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თქვენ ამას ვერ გრძნობთ? არ არის ადამიანი საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უახლოვდება. მეგობრობა ერთია, მაგრამ საქმის გადაწყვეტა – მეორე. შეიძლება იმეგობროს, მაგრამ შენი გულისთვის თავი არ დადოს… მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ემანუელ მაკრონი როდესაც ჩავიდა და 6 საათი ელაპარაკა, თქვენ ფიქრობთ, რომ ის საქართველოზე ელაპარაკა?ხელშეკრულება, რომელიც დადებულია და რომლითაც უკრაინას აღებული აქვს ვალდებულებები, სადაც ხელს აწერენ იგივე მაკრონი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ისეთი ხელშეკრულება ჩვენ რომ გვქონდეს, ეს იქნებოდა დიდი შეღავათი.მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს არც ერთი შუამავალი არ გააკეთებს. თუ შუამავალი დაიწყებს საუბარს, ის პირველ რიგში, თავისი ინტერსებიდან გამომდინარე ისაუბრებს.

🔹 -კითხვა: რა ფორმატით უნდა დაიწყოს საუბარი ქვეყანასთან, რომელსაც აქვს იმპერიული ზრახვები და რამდენიმე ათეული წელია ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ტერიტორია?

🔹– უნდა ელაპარაკო ნებისმიერს იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერსები დაიცვა, სხვისი საუბრით გამორიცხულია, არასწორია… შენ არ იცი, შუამავალმა რა პირობებით, რაზე ილაპარაკა, სად ჩააქსოვა თავისი ინტერესები. აგერ 13-14 წელია მას შემდეგ, რაც მოხდა 2008 წლის მოვლენები, რამეში წავიწიეთ წინ, რამე გაგვიკეთეს შუამავლებმა? არაფერი, სანამ უნდა ვიყოთ ამ მოლოდინში? დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს, მე ჩემი ინტერესები მაქვს და ვთვლი, რომ ამ ინტერსების ყველაზე უკეთ დაცვა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რასაც ის არ აკეთებს.

🔹 -კითხვა: ხელისუფლების ლოგიკა არის ის, რომ მოსახლეობის დაკვეთა არის პროდასავლური კურსი.

🔹 – ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ისე შეიცვალა მდგომარეობა, ამასთანავე 13 წლის განმავლობაში ჩვენთან არაფერი შეცვლილა, აბა, ახლა შეეკითხონ მოსახლეობას… დაელაპარაკე იმას, ვინც წყვეტს, შენ კი არა მსოფლიოს ყველა ლიდერი ელაპარაკება.

🔹 – კითხვა: თქვენ გინდათ ხელახლა ჩატარდეს რეფერენდუმი?

🔹 – რეფერენდუმამდე, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს.

🔹 უკრაინის საქმე გაცილებით იოლად არის იმიტომ, რომ იმათ ხელშეკრულება აქვთ. თუ ის შეასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, რომლისკენაც მოუწოდებს თითქმის ყველა ქვეყანა, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, ამით ქვეყანა გადარჩება. პირველ რიგში, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ იქნება ეკონომიკური წინსვლა, სიმშვიდე და ყველაფერი ის, რაზეც ვოცნებობთ, და ამისთვის მე, როგორც ერთი პიროვნება, ყველაფერს დავთმობ…ომი არავის აწყობს, რუსეთსაც არ აწყობს ომი… საფრანგეთი რომ ჩავიდა, პირველ რიგში თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა, რომ რამე არ შეეხოს. იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი, ეს არის საშიშროება, ისეთი საშიშროება, რომ მოგებული იქ არავინ იქნება. საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, და მისი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 6 საათი ელაპარაკა. რაც შეეხება გერმანიას, კაცმა არ იცის, რაზე შეიძლება მოილაპარაკონ რუსეთთან ერთად. მთელი მსოფლიო ორად გაიყო, აქეთ ჩინეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ არ უნდა გაფართოვდეს ნატო.

🔹 – კითხვა: ვინ უნდა შეხვდეს პუტინს?- პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი

🔹 – კითხვა: თქვენ ამბობთ, პრემიერი უნდა ჩავიდეს მოსკოვში პუტინთან?

🔹 – არა, დაიწყოს დიალოგი. ეს ჩასვლით იქნება, ვიდეო-კონფერენციით თუ როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, ეს არის მოლაპარაკებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. დღევანდელ დღეს დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. საქართველო სხვა ქვეყნებზე უარეს მდგომარეობაშია – მათ არა აქვთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მაგრამ ისინი მაინც ჩადიან და თავისი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკებიან. ჩვენ პირველ რიგში უნდა ველაპარაკოთ იმიტომ, რომ მათზე უარეს მდგომარეობაშია საქართველო.

🔹 – კითხვა: რა მოცემულობით უნდა დაიწყოს მოლაპარაკება?

🔹 – ამაზე წინასწარ რეკომენდაციის მიცემა პრემიერ-მინისტრისთვის გამორიცხულია. ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი ჯობია ვიდრე დღეს არაფერი იცი, თუ რას ფიქრობენ ისინი. ჩვენ არაფერი ვიცით, და ვისხდეთ აქ ათეული წლები და ვიყოთ შუამავლების იმედად, რომ ისინი წავლენ და ჩვენი გულისთვის თავს მოიკლავენ..?

🔹 – კითხვა: თქვენს მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე თუ იყო მთავრობიდან რაიმე გამოხმაურება? თქვენ საკანონმდებლო ორგანოში ხომ გაქვთ შეხება, გაქვთ საშუალება ესაუბროთ პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის ამ თემების დაძვრა. ივანიშვილის გარეშე მიგაჩნიათ, რომ საერთოდ ეს საუბარი დაიწყება?

🔹 – ეს მათი გადასაწყვეტია… რაც შეეხება კონტაქტს, არავითარი კონტაქტი, ირიბადაც კი, არ მქონია არც მე და არც ჩემი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს და ძალიან მაინტერესებს, რა გამოხმაურება იქნება მათი მხრიდან. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ დღეს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, და დიალოგი უნდა აწარმოოს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ძალის მქონე პირმა. იქიდან გამომდინარე, თუ რაზე ისაუბრებენ და რა დასკვნამდეც მივლენ, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ეს განხილული იქნეს მთავრობის, პარლამენტის დონეზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება რეფერენდუმიც გახდეს საჭირო, კაცმა არ იცის… ისე იცვლება სიტუაცია, თითქმის ყოველწუთიერად. მაგალითად, როდესაც საუბრობთ, უკრაინამ შეასრულოს აღებული ვალდებულებები, 8 რიცხვში ბერლინში შეიკრიბა პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანია და პირველმა პირებმა უკრაინის მთავრობის მიმართ მიიღეს ასეთი მოთხოვნა, რომ შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, მაშინ არავის ექნება პრეტენზია, უკრაინას რაიმენაირად შეეხოს.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*