ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ელოდება

14 აპრილს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, კომიტეტის ბიუროს სხდომა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. საქართველოს მხრიდან ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხრიდან ბიუროს თანათავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.
 ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.
 ბიუროს ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას.
ბიუროს სხდომაზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ტიბელსმა ისაუბრეს.
 ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
 სხდომაზე COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მოხსენება გააკეთა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*