„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიასა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრა საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მრჩეველებთან

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიასა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მრჩეველებთან ისაუბრეს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ პოპულარიზაციას გაუწევს იმ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიმზიდველი და მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.

🔶 „ჩვენი წინადადებაა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მხრიდან მონაწილეობას მიიღებს პარტიის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფი. ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“. – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოცდილებას.

🔶 „თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, რომელიც თავისი პოლიტიკით და ეკონომიკური განვითარებით არის სამაგალითო. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი პარტიის პოლიტიკური ხედვა და კონცეფცია ძალიან ახლოს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძირითად ხედვებთან და სოციალურ პოლიტიკასთან, რასაც სათავეში უდგას ჩინეთის კომუნისტური პარტია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობების დამყარება იდეოლოგიურად ერთ პლათფორმაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ მას რეგიონში უკავია მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი თავისი უძველესი კულტურით, ტრადიციებით, ადათ-წესებით, ადგილმდებარეობით, ისტორიით და მრავალი სხვა, რაც ქვეყნის ქონებას და ძირითად ფასეულობას წარმოადენს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის თქმით, საქართველო, რეგიონში როგორც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანა, ორ სახელმწიფოს შორის უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბი, როგორც სატრანსპორტო, საჰაერო, ასევე საზღვაო დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის;

🔶 დეპუტატმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერსებულია იმ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საკმაოდ მაღალ დონეზე არის განვითარებული და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

🔶 ამასთან როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფი მზად არის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკანომდებლო დონეზე შემუშავდეს სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის პროექტები.

🔶 „ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ახალი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა რეგიონში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განახლებადი წყაროების გამომუშავებისა და გამოყენების მიზნით. ამასთან ხაზი მინდა გავუსვა მაღალტექნოლოგიურ სფეროში ჩინური გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას, მათ შორის, მზის ბატარეების ერთობლივი საწარმოების შექმნის იდეას და ასევე ქარისა და სხვადასხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროების დანერგვას“, – აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔶 ფრიდონ ინჯია შეხვედრაზე გამოვიდა ინიციტივით, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში განხორციელდეს „სადემონსტრაციო ერთობლივი სოფლის მოდელი“, რომლის მიზანი იქნება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სოფლის აღორძინება, რაც გააჩენს შესაძლებლობას შეიქმნას სოფლის სრულიად ახალი მოდელი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელსაც გარკვეულ წილად სადემონსტრაციო ხასიათი ექნება.

🔶 „ასევე, მნიშვნელოვანია ქართველ და ჩინელ მეწარმეებს შორის ეფექტური თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. უპირველეს ყოვლისა, ქართულ-ჩინური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება; გარდა ამისა, სასწავლო პროგრამების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა ერთობლივი პროგრამების განხორციელება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის განაცხადებით, იგი მიესალმება ორ ქვეყანს შორის კონტაქტების გაღრმავებას, განსაკურებით ეკონომიკისა და ბიზნეს თანამშრომლობის კუთხით.

🔶 „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის რესპუბლიკასთან კონტაქტების გაღრმავებას და ეს ორივე ქვეყნისთვის იქნება კარგი და პირველ რიგში, საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთი ჩინეთის პრინციპს“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

🔶 პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში მოხდეს ელექტრომობილების წარმოება და ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოში გახსნილიყო ჩინეთის წარმომადგენლობა, რაც ელექტრომობილების ევროპაში რეალიზაციისთვის იქნება კარგი.

🔶 პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი მაღლაკელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ამ მხრივ ჩინეთის გამოცდილების გაზიარება როგორც კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით.

🔶 პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ვიქტორ ცაავას თქმით, პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტია“ ერთ იდეოლოგიურ პლათფორმაზე დგას, აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს და მზად არის როგორც მეგობარი, ყოველთვის გვერდში დაუდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.

🔶 თავის მხრივ საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკური მრჩევლის ჭაო ჩუანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და სავაჭრო მოცულობა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა სწრაფი ზრდის ტენდენციას.

🔶 „საქართველო იყო პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში ვისთანაც ჩინეთმა ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს. ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ 380 მილიონ დოლარს მიაღწია და ჩინეთი კვლავ რჩება საქართველოს მესამე ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად. საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკა, ეკონომიკური თავისუფლების მარალი მაჩვენებელი და კარგი საინვესტიციო გარემო.

🔶 ენერგო რესურსების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს დიდი პერსპექტივა აქვს. ამასთან უმნიშვნელოვანესია შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა.

🔶 ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართულ კომპანიებს ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით და მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში საერთაშორისო გამოფენებში ეს იქნება ალკოჰოლური სასმელების გამოფენა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

შესაბამისად, ვფიქრობ, გაიზრდება ცნობიერება და ქართულ კომპანიებს ჩინეთის დიდ ბაზარზე წარმოჩინების შესაძლებლობა მიეცემათ.“ – განაცხადა მან.

🔶 ელჩის პოლიტიკური მრჩევლის, სიუ ხაიჭენგის განცხადებით, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ „ევროპელ სოციალისტებთან“ აქვს.

🔶 „ჩვენ მომავალში ჩინეთის ელჩის მითითების შესაბამისად, აქტიურად დავუჭერთ მხარს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიასთან“ – აღნიშნა სიუ ხაიჭენგმა.

🔶 მან ასევე მიმოიხილა ის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც საქართველო ჩინეთის მთავრობებს შორის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე საქართველოში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.

🔶 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს საინტერესო თემების მიმოხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობისა და შეხვედრების მზაობა გამოთქვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*