მანამ, სანამ აფხაზებს პირდაპირ არ დაველაპარაკებით, არაფერი იქნება – მარტო შეშფოთებული განცხადებებით საქმე არ გაკეთდება – ფრიდონ ინჯია

https://youtube.com/watch?v=ZmnT0Sya3Ws
📍 „მანამ, სანამ აფხაზებს პირდაპირ არ დაველაპარაკებით, არაფერი იქნება, მარტო შეშფოთებული განცხადებებით საქმე არ გაკეთდება“! – ფრიდონ ინჯია
🔴 „თქვენ, როგორც მინისტრი, ვერ იყენებთ ბევრი ადამიანის შესაძლებლობებს, კონტაქტებს, ურთიერთობებს, ცოდნას, გამოცდილებას, ტაქტიკას, რაც არსებობს აფხაზეთთან და აფხაზებთან მიმართებაში. საქმე არის ნული. ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოვებულიყავით აფხაზებთან. ცენტრი აფხაზეთშია და იქ წყდება ყველაფერი, ჩვენ კი ირგვლივ დავდივართ. არაფერი გამოგვივა, სანამ მათ პირდაპირ არ დაველაპარაკებით. მხოლოდ რეზოლუციებით, შეშფოთებებით, განცხადებებით და ფონდებით, რომლებიც აფხაზეთის გარეთ ხორციელდება, არაფერი არ მოხდება, საქმეს ძვრა არ ექნება. განათლების, ჯანდაცვის დაფინანსება და სხვა, ეს არის ჰაერში მოფარფატე ბუმბულივით და არაფერი იცვლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს მოუსმინეს, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
„მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშით წარსდგა.
🔴 დეპუტატის თქმით, უნდა მოხდეს აფხაზების დაინტერესება ყველა იმ წარმატებული პროექტებით, რაც დანარჩენ საქართველოში ხორციელდება.
🔴 „გამოსაყენებელია ყველა გზა… რა ინტერსები აქვთ მათ, რატომ არ მოდიან შენთან და ურჩევნიათ რუსეთთან. ეს უნდა გავაანალიზოთ. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ რაც დანარჩენ საქართველოში სასიკეთო კეთდება, მათთვისაც მისაღები იყოს. ხომ არის რაღაც ინტერსები, რაც მათ აჩერებთ…დალაპარაკება აუცილებელია. პირველად, შესაძლოა, არ გამოვიდეს, მეორეჯერ, მესამეჯერ… შემდეგ, მათ შორისაც მოიძებნება ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან. ისინი ჩვენი ძმები არიან, მათ ვერსად გადავასახლებთ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. ამიტომ, თუ ჩვენ რამეს ვაკეთებთ, ეს მათთვისაც მომგებიანი უნდა იყოს, თუნდაც ის ანაკლიის პორტი და სხვა…“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დე-ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარი, და ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ის კონსტიტუცია, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, საერთოდ არ არის გამოყენებული სანათესაო კავშირები, აფხაზური უხუცესთა ინსტიტუტი და ბევრი სხვა არსებული შესაძლებლობა.
🔴“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ წამოაყენა ინიციატივა საქართველოს პარლამენტში კონფლიქტების დარეგულირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე შესაბამისი კომიტეტის შექმნის შესახებ.
🔴„კომისია კი არა პარლამენტში უნდა იყოს კომიტეტი, რომელიც დარეგულირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს. იაპონიას, რომელიც, ისევე როგორც ჩვენ, დაპირისპირებულია რუსეთთან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტში ჰყავს მინისტრი, რომელიც რუსეთის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს კურირებს. ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა“, – განაცხადა დეპუტატმა.
🔴მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, თუ ვის ინტერესებშია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი არ შედგეს.
🔴 „ალბათ არიან ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან, რომ ეს დიალოგი შედგეს. აშშ-ს საელჩოს ბოლო წლებში ერთხელაც არ გაუკეთებია განცხადება მხარეებისადმი დიალოგთან დაკავშირებით, არ გაუჟღერებია მოთხოვნა რუსეთისადმი, მზადყოფნა არ გამოუთქვამს… რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე დაშორებულები? თქვენ, როგორც მინისტრმა, უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე დაუმტკიცოთ ყველას, ვინც ხელს გიშლით, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თეა ახვლედიანის მოსმენის დაწყებამდე პლენარულ სხდომაზე დააყენა საკითხი სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მინისტრმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა მსჯელობა და განხილვა ნებისმიერ ფორმატში.
🔴 ფრიდონ ინჯიას შეფასებით, ეს იყო მინისტრისთვის ტესტი, თუ რამდენად გამოიჩენდა იგი ინიციატივას, რომ მხარი დაეჭირა სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების საკითხისთვის.
🔴 „ეს იყო ტესტი მინისტრისთვის, გამოიჩენდა თუ არა იგი ინიციატივას, რომ მას ჰქონდა სურვილი დახურულ ფორმატში განხილულიყო საკითხი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მინისტრისთვის ეს სულ ერთი იყო, რადგან მას განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა სალაპარაკო.“
🔴 „მე ვაკეთებ განცხადებას ჩვენი ძმების, აფხაზების მიმართ. ჩემო აფხაზებო, ჩემო ძმებო, ჩვენ ღია ვართ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. როგორც მინისტრმა თქვა არაფერი დასამალი არ აქვს, რადგანაც არაფერი არ კეთდება და ამას მე ვეუბნები ჩვენს ძმებს, რომელთანაც საერთო სახელმწიფო ისტორია გვაქვს, სადაც ჩვენი ნათესავები ჩვენი მიცვალებულები არიან და ეს საყურადღებო და საფიქრალია“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 დეპუტატის აზრით, მისთვის ბევრად მისაღები და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ნაცვლად აფხაზეთიდან ომში დაღუპული მიცვალებულების თბილისში გადმოსვენებისა, სამინისტროს ძალისხმევით გაჩენილიყო შესაძლებლობა საეკლესიო დღესასწაულებზე ადგილზე ჩასვლის.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში ასევე, ყურადღება გაამახვილა „ევროპელი სოციალისტების“ კანონპროექტზე, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
🔴 „ცვლილებები ეხებოდა იმ მოქალაქეებს, რომელთა შვილებს და შვილიშვილებს იძულების წესით მოუწიათ ქვეყნიდან წასვლა, რომლებიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა, და ამ დროს, დღევანდელი ჩვენი კანონმდებლობით, მათ უარს ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, რადგანაც მათ ქართული ენა არ იციან.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*