საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაფასა

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაფასა.
🔹 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმინეს.
🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურაში, და ამ სამინისტროს გამართულ მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყნის საკეთილდღეოდ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სამინისტროს მუშაობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში და აღნიშნა, რომ უწყებამ სერიოზული სამუშაო ჩაატარა ამ მიმართულებით და მართლაც, მაღალ დონეზე შეასრულა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაო.
🔹 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით და მინისტრს მიმართა თხოვნით დაინტერესდეს იქ მიმდინარე სამუშაოებით, ვინაიდან შეშფოთებას იწვევს დღეს არსებული მდგომარეობა.
🔹 „სამუშაოები, რომელიც იქ მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის. მოგმართავთ თხოვნით, აიყვანოთ ცალკე კონტროლზე აღნიშნული საკითხი. გთხოვთ, ჩაიხედოთ იმ 4 კომპანიის ხელშეკრულებაში, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა მონაკვეთში ახორციელებენ სამუშაოებს, რომ თავიანთი მუშაობის პარალელურად ამ კომპანიებმა ბუნების დაცვის სამუშაოების ჩატარებაზეც იზრუნონ. ისე არ მოხდეს, რომ მომავალში დანგრეული მთა და ფერდობები შეგვჩრეს და მერე ცალკე სამუშაოების ჩატარება მოგვიწიოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც იწარმოება საქართველოში.
🔹 „მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება უნდა იყოს პრივილეგირებული და ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია დავიცვათ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
🔹 ამასთანავე, ფრიდონ ინჯიას აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოში ბიო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან.
🔹 „საქართველო გამოირჩევა არომატული ხილით. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი დავაინტერესებთ მეწარმეებს, ფერმერებს და ამ მიმართულებით სწორი იქნებოდა გარკვეული წამახალისებელი პროექტების შექმნა. ეს მთავრობის პრეროგატივაა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 დეპუტატის აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სამთავრობო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს არსებული პროგრამები, ხშირ შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, კერძოდ, გლეხისთვის, მცირე მეწარმეთათვის და საჭიროა მთავრობამ იფიქროს ამ პროგრამების გამარტივების გზებზე.
🔹 საპარლამენტო ტრიბუნიდან ფრიდონ ინჯიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა წყლის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის შრომა, რომელიც მთავრობა ამ მიმართულებით გაწია.
🔹 „წყალი ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ სტრატეგიული მნიშვნელობის და მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს დაფიქსირებული საკანონმდებლო დონეზე. დადგება დრო და წყალს ნავთობზე მეტი ფასი ექნება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში დადგეს სახნავ-სათესი მიწების მაქსიმალურად გამოყენების საკითხი.
🔹 „წლების უკან, უცხოელებმა, მათ შორის, შეიძლება ჩვენმა თანამემამულეებმაც, შეიძინეს სახნავ-სათესი მიწები, რომელიც არ არის დამუშავებული სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგი ელოდება კარგ ფასში გაყიდვას, ზოგს არ აქვს საშუალება დასამუშავებლად, ამიტომ, ხომ არ არის გასაკეთებელი ისეთი რამ, რაც ამ მიწების გამოყენებას უფრო ეფექტურს გახდის. ნათქვამია, რომ მიწა არ იწარმოება. ამიტომ, რაც გვაქვს ჩვენ მიწა საქართველოში, მეტი მიწა არ გვექნება”,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 “აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მიზანშეწონილი, სამინიტრომ, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოამზადოს კანონმდებლობა, რომელიც გაამკაცრებს ამ საკითხს. რა მაქვს მხედველობაში, სახნავ-სათესი მიწა, რომელიც ადრე მუშავდებოდა, ახლა არ მუშავდება და არის გაველურებული და მიწის გადასახადს ერთნაირად იხდის ის, ვინც ამუშავებს მიწას და ისიც, ვინც არ ამუშავებს მიწას. ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, გაკეთებულიყო ინვენტარიზაცია და გაგვეფრთხილებინა მიწის მესაკუთრე, მიგვეცა დრო და ობიექტური მიზეზის არ არსებობის შემთხევაში, მიწის გადასახადი გაგვეორმაგებინა, ან მოიძებნოს სხვა მექანიზმი, რომლითაც შემოსავალი დაკომპენსირდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*