საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს ვალდებულება ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების საკითხი შეუთანხმოს.
ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში “ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.
აღნიშნული ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარმოადგინა.
„ბატონო გიორგი, როცა თქვენ დაგჭირდათ, მაშინ თქვით, რომ უმრავლესობამ აირჩია პრეზიდენტი. პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობა არჩეულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.
ეხლა რაც შეეხება საკითხს, უნდა შეუთანხმოს თუ არა უმრავლესობამ გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები პრეზიდენტს, ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ.
კანონი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები და ათეული და მეტი წლები უნდა მოქმედებდეს. შეუძლებელია კანონი იცვლებოდეს ახალი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე.
დღეს ის (სალომე ზურაბიშვილი) ჩემი პრეზიდენტი არ არის. მე მას მივეცი ხმა, მაგრამ შევცდი და ვფიქრობ, მე დღეს უმცირესობაში არ ვარ.
მე მგონი, თქვენ სხვა სიბრტყეში ხართ დღეს“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.