პარლამენტმა მეორე მოსმენით დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.
დეპუტატებმა 81-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელების თაობაზე.
როგორც ინჯიას მიერ წარდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი საარჩევნო კოდექსის ნორმის თანამხმად, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს კონსტიტუციური უფლება შეეზღუდებათ. კერძოდ, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღონ არჩევნებში და ვერ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.
ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ითქვა, რომ 2011 წლამდე გაცემული ყველა პირადობის მოწმობა გაუქმდება.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც “რელიგიური მოსაზრებების” გამო ID ბარათების აღებაზე უარს ამბობენ, გამონაკლისს დაუშვებს. კობახიძის თქმით, “რელიგიური მოსაზრებების” გამო დაახლოებით 65 ადამიანი ამბობს უარს ID ბარათის შეცვლაზე, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე რამდენიმე ათეული.