პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „საფასურზე“ და ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე ისაუბრა

📍 პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „საფასურზე“ და ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე ისაუბრა

🔴 ვიდრე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს უფრო გავააქტიურებთ, ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ეს ქვეყანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვად და ქვეყნის ფიზიკურად განადგურებად, როგორც ეს უკრაინაში ხდება…

🔴 ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ კანონი დღეს თუ არა ხვალ მაინც მისაღებია. კანონპროექტი მზადაა, ვთხოვ კოლეგებს მხარდაჭერას…

🔸ამ საკითხებზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
დეპუტატმა პარალელი გაავლო საქართველოსა და უკრაინას შორის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დაწყებამდე, რომლის დიდი მოლოდინიც აქვს უკრაინას, აშშ-ს პრეზიდენტმა წინმსწრებად განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება მანამ, სანამ მიმდინარეობს ომი.

🔸 „საინტერესო ის არის, რომ დღეს ვილნიუსში სამიტზე იკრიბებიან ლიდერები, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მანამ, სანამა უკრაინა არ გაიმარჯვებს რუსეთზე, უკრაინის ნატოში მიღებაზე საუბარი არ არის, და ეს დაუშვებელია. ახლა გადმოვიტანოთ ეს საქართველოზე… ჩვენ რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, იგივე იქნებოდა… მანამ, სანამ საქართველო უკრაინასთან ერთად, ან მარტო საქართველო, რუსეთზე არ გაიმარჯვებდა, ჩვენი ნატოში გაწევრიანება არ იქნებოდა. ეს უკვე ნათლად ჩანს და განცხადებაც ნათლად გაკეთდა“, – აღნიშნა დეპუტატმა ინჯიამ.

🔸 „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფასზე, რასაც დღეს უკრაინა იხდის, ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის, ასევე ქალაქებისა და სოფლების განადგურების სახით.

🔸 „ნატო-ზე რიტორიკამ და აშშ-ს მხრიდან შეიარაღებამ რაც მოუტანა უკრაინას, ჩვენ ყველანი ვხედავთ. ღირდა ეს ყველაფერი ასეთი რაოდენობის მოსახლეობის და ჯარისკაცების ორივე მხრიდან განადგურების ფასად? ჩვენ გვაქვს ისტორიული ძირძველი კუთხეები, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, და ეს მტკივნეული საკითხი დღეს გადაწყვეტილი არ არის. რომ არა ბუქარესტის სამიტი და აშშ-სთან დიდი მეგობრობა, ჩვენი ის 20% დაკარგული არ იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ, ვიდრე დავიწყებთ და უფრო გავააქტიურებთ ნატო-ს საკითხს, კარგად დავფიქრდეთ, გვიღირს ჩვენი ძირძველი კუთხეების სამუდამო დაკარგვა და ქვეყნის დანგრევა, როგორც ეს დღეს უკრაინაში ხდება, სადაც მთელი ქალაქები და სოფლები ნადგურდება. უკრაინის 20% დანგრეულია და მათ იურისდიქციაში არ არის. წარმოიდგინეთ ჩვენს 20%-ს კიდევ ამდენივე რომ მიმატებოდა და განადგურებულიყო, ანუ 40% საქართველოს იურისდიქციაში რომ არ ყოფილიყო, საქართველო საერთოდ იარსებებდა? ამაზე ფიქრობთ, თუ არა? შედის ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში?“ – აღნიშნა ინჯიამ.

🔸დეპუტატი სექსუალური უმცირესობების კვირეულის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მზად არის შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლგბტ პროპაგანდისა და სექსუალური კუთვნილების დემონსტრირების აკრძალვას, და რომლის მხარდაჭერისკენაც ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს მოუწოდა.

🔸 „ამ დღეებში იყო ლგბტ პრაიდი და მთელი შეხლა-შემოხლა… მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, თუ თქვენი ნება იქნება, კანონპროექტი მზად არის, და ეს დღეს თუ არა ხვალ მაინც გასაკეთებელი გვექნება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 98% ამ პროპაგანდის წინააღმდეგია. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ სექსუალური უმცირესობა არსებობდეს, ისინი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა, გარკვეულწილად, შეზღუდული უნდა იყოს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს უნდა იყოს აკრძალული“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*