ფრიდონ ინჯიას გამოსვლა 30.06.2023

📍 ბატონო პრემიერ მინისტრო,

🔶 რასაც მე ეხლა ვიტყვი ძირითად მოხსენებამდე, ამას არავინ არ გეტყვით, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ. მე გადავიტანე აფხაზეთის ომი და ვიცი იქ რა როგორ იყო პირველივე დღიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. როგორი ღალატის მოწმეები ვიყავით მე და ჩემი კოლეგა გია ბენაშვილი და რა გადაიტანა ქართველმა ხალხმა.

🔶 გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმის შესახებ, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნას.

🔶 საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც გამომდინარეობს და ეხება ქვეყნის გაერთიანებას, ეს გზავნილი გამოსაყენებელია და დასაწყებია პირდაპირი დიალოგი პირველ რიგში, – აფხაზებთან. თქვენ გაქვთ ის გამოცდილება და უნარი, რომ აწარმოოთ ეს მეტად დელიკატური საკითხი, რომელიც ეხება აფხაზების ღირსეულად დაბრუნებას ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც საქართველო ჰქვია. მე ხაზს ვუსვამ – ღირსეულად, სხვანაირად არ გამოვა. მე ვიცი მათი ხასიათი. მაშინ თქვენ შეძლებთ საქართველოში სტუმრად ჩამოსული დიდი რანგის სტუმრები არა საოკუპაციო ზოლთან მიიყვანოთ, არამედ გალამაზებულ აფხაზეთში. შემდეგი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში სოხუმის სტადიონზე ჩაატაროთ, როგორც ეს ახლა ბათუმში ხდება. მთავრობა ორი წელი სოხუმში გადაიყვანოთ სამუშაოდ, ორი წელი თბილისში და ასე რიგ-რიგობით. სოხუმის მთავრობას ღირსეული ადგილი უნდა დავუმკვიდროთ საქართველოს ხელისუფლებაში.

🔶 გექნებათ დიდი წინააღმდეგობები, ყეფა-ლანძღვის თანხლებით, მაგრამ აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ პლებისციტი კითხვით – უნდა ჰქონდეს თუ არა ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან?

🔶 ჩვენ ვიცით ქვეყნის მთავარი და მაქსიმალური ამოცანაა – ბატონო პრემიერ-მინისტრო, თუ თქვენს სიტყვებს დავესეხები, უზენაესი იდეა და მიზანია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საზღვრების ურღვეობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ: მათ შორის, – პორტები, რკინიგზა, საავტომობილო გზები, საზღვრები. აფხაზეთი იყო და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. აი, მაშინ ევროკავშირი აქეთ მოგვიკაკუნებს.

🔶 დავანებოთ თავი დავალებების შესრულებას, რომელიც უკვე შესრულებულია. გვეყოს თავის მართლება, მივხედოთ საქმეს! საქმეს რომელიც, რომ მართლაც საშვილიშვილოა.

🔶 წინასწარ გეტყვით, ეს არ შედის ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებში. ამისთვის მხნედ უნდა იყოთ.

🔶 დრო და სიტუაცია არ მეორდება.

🔶 გამოჩნდება მილიარდები, რომელიც აფხაზეთის აღორძინებაში ჩაიდება.

🔶 ეს თქვენი ისტორიული საქმეა, რომელიც უფალმა გარგუნათ. თქვენ ბატონო ირაკლი, ირაკლი და კახი!


🔶 ყველას უნდა გააგებინოთ ის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეა, ვის დაველაპარაკებით. ვუახლოვდებით დღეს, როდესაც გვაქვს შანსი, 2008 წლის უბედურება გამოვასწოროთ. ამიტომ, ნაცები და მათი მომხრეები, მათი ტელევიზიები გაჩუმდნენ და ხმა არ უნდა ამოიღონ. სხვა შემთხევაში, მართლაც, რომ დაადასტურებენ ქვეყნის ღალატს დაწყებული 2008 წლიდან დღემდე, თუ ადრიდან არა.

📍 ბატონო პრემიერ-მინისტრო,

🔶 ახლა კი, ის, რისი თქმაც მინდოდა.

🔶 ჩვენ, პარტია „ევროპელი სოციალისტები“, უნდა გითხრათ, რომ არ წარმოვადგენთ დიდი ისტორიის მქონე პარტიას, გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტია იყო პირველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც ცნო დღევანდელი პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი კონცეფცია.

🔶 ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა და საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა.

🔶 ხელისუფლების საქმიანობა და ვალდებულება მოსახლეობის მიმართ უნდა ეყრდნობოდეს მოსახლეობის სოციალურ თანასწორობას, სადაც სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება ქვეყანაში არსებული ყველა სტრატეგიული ობიექტი, წიაღისეული, დარგი, საგადასახადო შემოსავალები, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

🔶 ამავდროულად, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი ბაზარი, კონკურენცია, კერძო საკუთრება, როგორც ეს ჩინეთშია.

🔶 აი, სწორედ ასეთ მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება უკვე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

🔶 ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბევრია პრობლემური საკითხები, რომლის გადაწყვეტა, თუ ამაში ხელს არ შეგიშლიან, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ.

🔶 საჭიროების შემთხვევაში, თამამად განახორციელეთ პლებისციტი, იმისთვის, რომ ხალხის ნება აღასრულოთ და მოსახლეობის მხრიდან გქონდეთ უფრო მეტი მხარდაჭერა.

🔶 1. შექმენით სახელმწიფო ბანკი ნორვეგიის, ჩინეთის და თურქეთის მაგალითზე. ამის თაობაზე ბევრჯერ მქონდა საუბარი. მაშინ მოსახლეობა, შეძლებს აიღოს კრედიტი 15-16% -ის ნაცვლად, მაქსიმუმ 5-6 % -ად და ქვეყანაში არ იქნება ბანკების მონოპოლია და მოსახლეობა
საბანკო მარწუხებში. ხოლო ის ჭარბი მოგება, რომელსაც მონოპოლისტი ბანკები იღებენ, მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება. დღეს ეს ერთი მილიარდი ლარია.

🔶 ეს იქნება ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება ბოლო 30 წლის განმავლობაში. საპროცენტო განაკვეთები იქნება როგორიც არის ამერიკაში, ევროპის წამყვან ქვეყნებში, იაპონიაში, სადაც ის სიმბოლურ ხასიათს ატარებს. წარმომიდგენია, რა ეკონომიური ბუმი იქნება საქართველოში.

🔶 2. როდესაც სახელმწიფო გამოისყიდის ან დაიბრუნებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, რომელიც ბევრ შემთხევაში ჩალის ფასად გაიყიდა, მაშინ არ გექნებათ სტრატეგიულ ობიექტებზე გაფიცვები. მიზეზი!.. ამ სტრატეგიული ობიექტების მფლობელების ზემოგების მიღების ჟინი.

🔶3. როდესაც თქვენ საზღვაო ქვეყანაში, გამოისყიდით ან დაიბრუნებთ ერთ საზღვაო პორტს მაინც, სიტყვას დაიბრუნებთ მე შეგნებულად ხაზს ვუსვამ, რადგანაც ბევრ შემთხვევაში გასხვისებები და გაჩუქებები კანონის დარღვევით ხდებოდა, შედეგად თქვენ შეგეძლებათ, იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყენებენ ჩვენს პორტებს, უკვე ესაუბროთ როგორც უფლებამოსილი პირი.

🔶 მისასალმებელია თქვენი გადაწყვეტილებები ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, სადაც საკონტროლო პაკეტი 51 %-ი სახელმწიფოს ექნება. თუმცა, ამ 11 წლის განმავლობაში ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება.

🔶 ცნობისთვის, ბოლო პორტი 60 მილიონ დოლარად გაიყიდა. პრაქტიკულად, პორტის რამდენიმე დღის შემოსავლის ფასად.

📍 ბატონო პრემიერ-მინისტრო,

🔶 ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად და ძირითად ამოცანად რჩება:

🔶 ქვეყნის გაერთიანება – ამ საკითხზე მნიშვნელოვანი რაც იყო, უკვე მოგახსენეთ დასაწყისში;

🔴 ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება;

🔴 ლტოლვილებისა და ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში, მათი ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალის ქართულ საქმეებში ჩართვა;

🔶 დღეს ბრძოლა მიდის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო არ გაერთიანდეს, არ განვითარდეს, ქვეყანაში არ გაიზარდოს შემოსავლები და ამ გზით მოახდინონ ხელისუფლების ჩანაცვლება, შემდეგ კი აგვაღებინონ კრედიტები და ამ გზით ფინანსურ ვალდებულებებში დაახრჩონ ქვეყანა. ჩვენი ვითომ კეთილმოსურნეები, ვადაგასული ამერიკის ელჩის კარნახითა და ხელძღვანელობით, ხმალამოღებული ებრძვიან, უპირისპირდებიან ყველა იმ შესაძლო მცდელობას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, რუსეთთან. ისინი რუს ტურისტებს კი არ ებრძვიან, არამედ – ჩვენს ხალხს, რომ მათ არ ჰქონდეთ შემოსავალი. სხვანაირად ვერ გერევიან და ამ გზით ხალხის განაწყენებით უნდათ ხელისუფლების შეცვლა.
იმდენად ზღვარს გადავიდნენ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები და ენჯეოები, რომ თავიანთი ყველა გამოსვლით, მოსახლეობას ნაცარს აყრიან თვალებში. ქვეყნის ყველა ეკონომიკურ, თუ სხვა სახის მიღწევებს, ფსევდო ევროპული ღირებულებების სანაცვლოდ, რუსეთუმეობად ნათლავენ.

🔶 ამას წლებია აკეთებენ და დღესაც გრძელდება უფრო გააფთრებით. მაინც მინდა მოკლედ შეგახსენოთ:
პირველი:

🔶 1. შარლ მიშელის ანტიკონსტიტუციური მემორანდუმი;

🔶 2. ევროპარლამენტის ორი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც იყო ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. ეს რეზოლუცია უმრავლესობამ მიიღო, თუმცა, მათ შორისაც არიან ევროპარლამენტარები, რომლებსაც ეს არ ეხებათ. მაგალითად, როგორებიც არიან მემარცხენე სოციალისტები ბატონი მიკ ვოლასი და ქალბატონი კლერ დეილი.

🔶 3. ევროპისა და ამერიკის მესვეურთა დავალებით, საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპარლამენტში თავისი ანტიქართული მოხსენებით გამოსულიყო.

🔶 სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელმა ბატონმა მიკ ვოლასმა მყისიერად, ადეკვატური პასუხი გასცა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიქართულ გამოსვლას ბრიუსელში. მან შეახსენა ზოგიერთ კორუმპირებულ პარლამენტარს, რომ მათ გაყიდეს სინდისი, ნამუსი და ევროპული ღირებულებები, როგორც გაყიდა სააკაშვილმა სამშობლო და უფრო მეტიც, შეგნებულად იცავენ დამნაშავეს, რომელიც მხილებულია ადამიანთა წამებაში და თანამოქალაქეთა უსამართლოდ დასჯაში.
ევროპარლამენტში სწორედ ამ პოლიტიკურ გუნდთან გვაქვს ჩვენ – პარტია – „ევროპელ სოციალისტებს“ დადებული გრძელვადიანი პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმება – მემორანდუმი, რომელსაც ამ დღეებში ხელი მოეწერა.

🔶 4 . ამერიკამ და ევროპამ, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი პროვოკაციული ქმედებებით, ეს იყო ნატოს ბუქარესტის სამიტი, თუ უკრაინის უპრეცედენტო შეიარაღება, პარალელურად შეაძლებინეს უკრაინას, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების უგულვებელყოფა, რამაც მსოფლიოში უკიდურესად დაძაბა ვითარება.

🔶 ჩვენ დღეს, რომ არ გაგვეთვალისწინებინა 2008 წლის ომის შედეგები და ავყოლოდით ამერიკა-ევროპის იმ ავანტიურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის 20%-ი გახდებოდა მინიმუმ 40%- ი, თუ მეტი არა. ეს კი, საქართველოს გაქრობის ტოლფასი იქნებოდა.

🔶 ქართველებს გვიყვარს პირველობა, მთელი რიგი მიმართულებებით, როგორც თქვენ დღეს აღნიშნეთ, მაგრამ ამავდროულად უნდა დაგიდასტუროთ, რომ ისტორიულად რეგიონში ყოველთვის პირველები ვიყავით და ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც, რისი დიდი იმედი მე არ მაქვს, იქაც პირველები ვიქნებოდით.

🔶 შემეკითხებით, რატომ არ მიგვიღებენ და რა არის ამის მიზეზი?

🔶 სტატუსის მიღება არ მიღებაზე არ ვსაუბრობ, ან იმ 12 საშინაო დავალებაზე. სტატუსი აქ არაფერ შუაშია, სტატუსი სჭირდებათ, როგორც მართვის ინსტრუმენტი.
ჩვენ განსაკუთრებული ხალხი და ქვეყანა ვართ, ეს საქართველოა. და რითი განვსხვავდებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან?

🔴 ჩვენი ისტორიით;

🔴 გავუძელით ყველა დამპყრობელს ჩვენი სიცოცხლისუნარიანობით;

🔴 ჩვენ გვაქვს ოჯახის ინსტიტუტი და განსაკუთრებული ნათესაური კავშირები, სადაც არიან, დედა და მამა, შვილები, ბებია და ბაბუა, დეიდა, მამიდა, ბიძა, ნათლია და ნათლული, სიყვარულით გამოწრთობილი ურთიერთობები, რომელსაც თაობიდან თაობას გადავცემთ ხოლმე;

🔴 ჩვენი ხალხი დაჯილდოებულია განსაკუთრებული სიყვარულისა და მეგობრობის ნიჭით;

🔴 ჩვენ გვაქვს რწმენა, გვყავს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე;

🔴 ჩვენ ვიცით შეუდარებლად, ზოგ შემთხვევაში, ჩვენს საზიანოდ, სტუმართ-მასპინძლობა;

🔴 ჩვენს ხალხში დიდი პოტენციალია, როგორც მეცნიერებაში, ასევე ხელოვნებაში, სპორტში, ჭადრაკში (ჭადრაკს მე ცალკე გამოვყოფდი), პოეზიაში, სამხედრო ხელოვნებაში;

🔴 ჩვენ ვართ სამშობლო – ვაზის, ხორბლის, თაფლის, მეტალურგიის, მედიცინის, ეს ხომ ჩვენი წინაპრების მონაპოვარია;

🔴 ჩვენ ვართ ერი მსოფლიოში უნიკალური დამწერლობით და ქართული ენით, რომელსაც ამდიდრებენ მეგრული და სვანური ენები;

🔴 ჩვენ გვაქვს ცეკვა „ქართული“, სადაც ჩადებულია დიდი ფილოსოფია, ცოდნა, სიყვარული, პატივისცემა, რიდი, სიწმინდე, სიცოცხლე და ქართველი ერის უკვდავება, მარადიულობა; (ლადო კახაძე)

🔶 სწორედ ეს ყველაფერი ეწინაღმდეგება ევროკავშირის და ამერიკის ულტრალიბერალურ და მტაცებლურ კონცეფციას. მათ არ სჭირდები ამაყი ერი.

🔶 მათ, ფსევდოლიბერალურ ძალებს, უნდათ უსახელო, უისტორიო, არა ტრადიციების მქონე ერი. ერი, რომელსაც არ გააჩნია თავისი რწმენა, სიამაყე, არა აქვს თავისი ხედვა, მაგრამ ამასთანავე, მათ უნდათ საქართველოს ტერიტორია, და შემდგომ აქ ჩაასახლონ ამ თვისებებისგან განთავისუფლებული ხალხი. ხალხს, რომელსაც ერთი ხელის დაკვრით მიაღებინებენ ერთსქესიანთა ქორწინებას და ხელს შეუწყობენ ასეთი ტიპის ცხოვრების წესის პროპაგანდას. ან შეიძლება დაგვავალდებულონ ისეთი კულტურის მოყვანით, რომელიც აქ არაა ტრადიციული, ან არ ხარობს, ხოლო ჩვენს სათაყვანებელ ვაზზე გვითხრან – ამას იტალია, ესპანეთი, ან რომელიმე სხვა ქვეყანა უკეთ მოიყვანსო! როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

🔶 გვებრძვიან, როგორ?

🔶 1. სკოლიდან დაწყებული, საქართველოდან დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წაყვანით. ამით ჩვენი ინტელექტუალური ქონება გაედინება და ქვეყნა სუსტდება. განათლების სისტემა მოშალეს და გადავედით უნარ-ჩვევების სწავლებაზე. ეხლა ახალი მინისტრის მოსვლით იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.

🔶 – რადგანაც ჩვენი რწმენა, ღმერთის სიყვარული მათ ხელს უშლის ერის და ქვეყნის დამონებაში. ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, პატრიარქს. წლებია ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება საპატრიარქოსთან ბრძოლაში და მისი იმიჯის შელახვაში.

🔶 2. დიდი წინააღმდეგობაა ქვეყანაში იმისთვის, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ. ამის წინააღმდეგი არიან სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში მოკალათებული ფსევდო ლიბერალები. ამისთვის ყველანაირი არგუმენტი მოჰყავთ, ოღონდ ისინი საქართველოში არ დაბრუნდნენ. ძირითადად ეს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები და ირანია. პირველი რიგის არგუმენტები მოჰყავთ – ქვეყნის უსაფრთხოება, მაშინ, როდესაც ქვეყნის დაცლა ძირძველი მოსახლეობისგან მათთვის თითქოსდა უსაფრთხოებას არ წარმოადგენს, მეორე – ან ენის არცოდნა.

🔶 ეხლა მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არა საკმარისი.

🔶 ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყველაფრის პოზიტიურის.

🔶 ფერხდება პარლამენტში ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი „მოქალაქეობის შესახებ“ ამავე მიზეზების გამო.

🔶 რატომ უნდა მიგვიღონ ევროკავშირში?
ევროკომისრები თუ ცივი გონებით იხელმძღვანელებენ და არა ისე, როგორც ჩვენს მიმართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და კარგი უნდათ ევროპისთვის, აუცილებლად უნდა მიგვიღონ.

🔴 ჩვენ ამიერკავკასიის გასაღები ვართ.

🔴 საქართველო ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა რეგიონში თავისი პოტენციალით ის წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ შუა დერეფანს. აჰა, თქვენი აბრეშუმის გზა.

🔴 საქართველო და ქართველები ყოველთვის იყვნენ ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ფუძემდებლები. საქართველოს საუკუნეების მანძილზე ტოლერანტული ქვეყანა იყო და არის, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე. ამიტომ ევროპას შეუძლია ბევრი რამ აიღოს და ისწავლოს საქართველოსგან. ამით ევროპა გამდიდრდება.

🔴 საქართველოს ბევრი ტრადიცია აქვს, რომლის გაზიარება ევროკავშირისთვის სასურველი და მისაღები იქნებოდა.

🔶 ჩვენ ასეთები ვართ, გადაწყვიტონ.
დარწმუნებული ვარ, საქართველო ნებისმიერ შემთხევაში გაბრწყინდება. საქართველოს უნახავს დიდი იმპერიები, გაერთიანებები, წარმატებული ქვეყნები და ისიც უნახავს, თუ როგორ დაშლილან და გამქრალან ისინი ისტორიის ფურცლებიდან.

🔶 საქართველო უპირველეს ყოვლისა!
გისურვებთ პრინციპულ და შეუპოვარ ბრძოლაში გამარჯვებას საქართველოს ინტერესების დასაცავად! წარმატებები თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, და თქვენთან ერთად საქართვლოს.

🔶 დღეს დარბაზში მიმდინარე პოლემიკიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საქართველოში გამოჩნდნენ ფაშისტური რიტორიკის მქონე ადამიანები, როგორც ეს იყო ფაშისტურ გერმანიაში, როდესაც ებრაელები და ბევრი სხვა ეროვნების ადამიანები მიუღებლებად ითვლებოდნენ. შენ ებრაელო, შენ რუსო, შენ ზანგო..!

🔶 გთხოვთ, დადგეთ საქართველოში ისტორიულად არსებული ტოლერანტობის სადარაჯოზე, რათა მსგავსი რიტორიკა ჩვენს ქვეყანაში არ ისმოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*