ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის, რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით გამოდის ინიციატივით შეიქმნას დროებითი უწყებათაშორისი სახელმწიფო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
როგორც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, ასეთი ტიპის კომისიას უნდა მიეცეს საგანგებო უფლებამოსილება, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.
„საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. მივიღეთ კითხვარი, რომლის პასუხების გაცემის შემდეგ ევროკავშირი გამოიტანს შესაბამის დასკვნას, თუ რამდენად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.
„მე წარმოდგენილი მქონდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო დროებითი უწყებათაშორისო სახელმწიფო კომიტეტი ან კომისია, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათავეში ჩაუდგებოდა პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ ამ კომისიას უნდა მიეცეს საგანგებო უფლება-მოსილება, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი, იმისათვის, რომ ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარებული იყოს მაქსიმალურად მოკლე დროში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის, რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.
„მოგვეცა უნიკალური შანსი და ეს უნიკალური შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც რითი შეუძლია, იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
დეპუტატმა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მიმართა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ შორის ბევრია განათლებული, პასუხისმგებლიანი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი მალე განთავისუფლდებიან გარკვეული ვალდებულებებისგან და შეუერთდებიან იმ ხალხს, რომელთაც მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.