Category Archives: კომენტარები

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, თვითონ მივიდეს ოპოზიციასთან” – ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს და ოპოზიციასთან სასაუბროდ თვითონ მივა.
ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას, სადაც ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია.
,,პრეზიდენტის საქმეა დღეს, რომ იყოს მედიატორი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და არა მედიატორები, რომლებიც მოდიან ევროპიდან. ეს ზუსტად პრეზიდენტის საქმეა. მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ეს სახელმძღვანელოდ მიიღო. მე საუბარი მქონდა პრეზიდენტთან, რომელმაც თქვა, რომ „ამ საქმეს აუცილებლად მოვკიდებ ხელს, შევარიგებ ხალხს”.
მომეჩვენა და ასევე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, თვითონ მივიდეს ოპოზიციასთან. დაახლოებით, ასეთი საუბარი იყო პირად საუბარში. თვითონ მივა იქ. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა მედიატორი იყო, თუ ერთი მხარე არ მოდის და მეორე მხარე მოდის. ამიტომ, პრეზიდენტი იმიტომაა ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება არ აქვს, რაც აქვს ფრიად საკმარისია იმისთვის, რომ მართლაც იყოს მედიატორი ჩვენს საზოგადოებაში“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

“მეტი დასავლეთი საქართველოში, მეტი ტექნიკური დახმარება და წარმომადგენლობა საქართველოში” – დავით ზილფიმიანი

“ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 ონლაინ-შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 “მეტი დასავლეთი საქართველოში, მეტი ტექნიკური დახმარება და წარმომადგენლობა საქართველოში – ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს არის ჩემი პირადი აზრიც და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძირითადი პოზიციაც” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არც მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა – ფრიდონ ინჯია

 არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არც მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
 როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტს უნდა ესაუბრა წლიურ ანგარიშზე, თუმცა მის გამოსვლაში საერთოდ არ ჩანდა, რას აკეთებს პრეზიდენტი.
 „როგორც ვიცი, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე, მაგრამ ამ გამოსვლისას ვერ ვნახე, რას აკეთებს საერთოდ პრეზიდენტი. აქ იყო დარიგება, პრეტენზიები გაურკვეველი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ზუსტად ის მედიატორი სახელმწიფო შტოებსა და უმრაველსობა-უმცირესობას შორის, რასაც ევროპელი მედიატორები აკეთებენ. მე არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არც მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 შეხვედრა თბილისში თურქეთის საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში, თურქული ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ავთანდილ ენუქიძე ეროვნული უმცირესობების ლიდერთა საბჭოს წევრებს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ავთანდილ ენუქიძე საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ლიდერთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
 შეხვედრაზე ძირითადად ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს აწუხებს.
 შეხვედრაში, მათ შორის, მონაწილეობდნენ ოსი ეროვნების დევნილები, აზერბაიჯანული, სომხური, ლიტველთა, პოლონელთა დიასპორების წარმომადგენლები და სხვები, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მათივე დიასპორების წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გარკვეული საკითხების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
საბოლოოდ დაიგეგმა მათთან პერიოდულად შეხვედრები.