Category Archives: სიახლეები

ფრიდონ ინჯია მიესალმება „ქართული ოცნების“ რიგებიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის ფაქტს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება „ქართული ოცნების“ რიგებიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის ფაქტს.
როგორც მან ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ამით, ეს ადამიანები წინ აღუდგნენ გარედან ზეწოლას, ამ გადაწყვეტილებით მათ გაჯანსაღებისკენ მიყავთ საპარლამენტო გუნდი, სპექტრი, სადაც სხვადასხვა პარტიები არიან.

🔹 „ის ფაქტი, რომ ცალკეული დეპუტატები გამოეყვნენ „ქართული ოცნების“ რიგებს და შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ გარკვეულ თემებზე, ეს ალბათ მისასალმებელია და საჭიროა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან არის გარკვეული მნიშნელოვანი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დახვეწას იმისათვის, რომ საქართველო იყოს მართლაც დემოკრატიული სახელმწიფო.

🔹 „ევროკომისიის 12 რეკომენდაცია რომც არ ყოფილიყო, გარკვეული საკითხების დახვეწა, ისედაც იდგა დღის წესრიგში. მაგალითად, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

🔹 „მე მიმაჩნია, რომ არავითარი მსგავსი კანონი მისაღები არ არის, თუ კი ქვეყანაში იქნება კანონის უზენაესობა და კანონი ყველასთვის იქნება ერთი. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი კანონის მიღება არ იქნება საჭირო“,- განაცხადა დეპუტატმა.

🔹 დეპუტატის მოსაზრებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკავშირის გარკვეულ წრეებთან ერთად მოამზადა ისეთი კითხვარი, ისეთი დავალება, რომლის შესრულება შეუძლებელია. მაგალითისთვის, ასეთია პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ.

🔹 ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაცვლელია საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, როცა მოვა არჩევნები.

🔹„მიმაჩნია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რისთვისაც მან ყველა გზას უნდა მიმართოს, ეს იქნება დიპლომატიური, თუ სხვა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

📍 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

🔹 ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებულ კანონის პროექტს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ცვლილებებს შეეხება.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 15 სექტემბერს წარადგინა.

🔹 „კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც თავისი მოქმედების ფარგლებში, გააადვილებს საქართველოდან რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანების და მათი შვილების მოქალაქეობის მიღების საკითხს.“

🔹 პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საკუთრივ იდეის ირგვლივ დაინტერესება გამოთქვა და საკითხის სისტემურად და კომპლექსურად შესწავლის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, ფრიდონ ინჯიას თავმჯდომარეობით.

🔹 სამუშაო ჯგუფი მუშაობის პროცესში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიის, ასევე, სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

🔹 პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებისა და რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც ზემოთ აღნიშნული საკითხები ეხება.

🔹 სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

ფრიდონ ინჯია – ჩვენ ვირჩევთ მშვიდობის გზას და ეს საქართვლოს მოქალაქეების მტკიცე აზრია

🔹 “ლუკაშენკოს (ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელორუსიის პრეზიდნეტი) ჩასვლა აფხაზეთში რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა და არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით საკითხი სიღრმისეულად, ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, ხომ არ არის ეს საკითხი განსახილველი დიპლომატიის დონეზე და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ”.

🔹 “ჩვენ ვირჩევთ მშვიდობის გზას და ეს საქართვლოს მოქალაქეების მტკიცე აზრია”.

🔹 “ქართველი ხალხის სურვილია, რომ მოძმე ხალხთან ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობაში, როგორიც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში”.

„ხელისუფლებამ მაქსიმალური პირობები უნდა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ შრომითი მიგრაცია შემცირდეს“ – ფრიდონ ინჯია

📍 „ხელისუფლებამ მაქსიმალური პირობები უნდა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ შრომითი მიგრაცია შემცირდეს“ – ფრიდონ ინჯია

შრომითი მიგრაციის პრობლემებზე, უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერსების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის წინაშე შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენებით წარსდგნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი.

როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, შრომის ინსპექცია არ არის სათანადო დონეზე, ათასობით უცხოელი მუშაობს საქართველოში და ისინი არ არიან რეგისტრირებული.

„30 წლის განმავლობაში გამოცდილება უკვე უნდა დაგვეგროვებინა და საჭირო მექანიზმიც შეგვექმნა, თუნდაც მთავრობის დადგენილებით, რომ ყველა ტენდერი, რომელიც აღემატება 1 მლნ. ან 10 მლნ. ლარს, იქ უნდა იყოს წარმოდგენილი შრომის ინსპექცია და სამინისტრო და ჩადებული უნდა იყოს სათანადო პირობები, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი, აღრიცხვიანობა და შემოსავალი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ხელშეკრულება შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს დადებული აქვს, მხოლოდ გერმანიასთან, ისრაელთან და საფრანგეთთან, მაგრამ არ აქვს დადებული მეზობელ სახელმწიფოებთან, რის გამოც იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველნი არიან.

„მე მაინტერესებს, რა შედეგს მივაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში? ჩემთვის შედეგი იქნებოდა: მათი უფლებების დაცვა, ვინც წასულია და საქართველოში მაქსიმალური პირობების შექმნა, რათა შემცირდეს შრომითი მიგრაციის მაჩვენებლები. ეს უკვე იქნებოდა შედეგი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მან მიმართა სამინისტროს წარმომადგენლებს ინიციატივით და განაცხადა, რომ უცხოეთში მოღვაწე თუნდაც 100 წარმატებული ექიმის საქართველოში დასაბრუნებლად, სამინისტროს ბიუჯეტიდან, (რომელიც 6 მლრდ. 237 მლნ ლარია), წელიწადში მხოლოდ 18 მლნ. ლარი იქნება საჭირო, იმისთვის, რომ მათ შევთავაზოთ ისეთი საშუალო ხელფასი, როგორიც, შესაძლოა, უცხოეთში ჰქონდეთ.

„მე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, გულით გეუბნებით და მხოლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე… ეს 18 მლნ. მოახმარეთ იმ ხალხის ჩამოყვანას, რომლებიც ასე სჭირდება საქართველოს და რომლებიც ძალიან გამოადგებიან ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერეპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარსდგა

📍 პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერეპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარსდგა.

🔹 „დღეს, საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების 95%-მდე გაყიდულია, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის. პროცენტული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში განაწილებულია სახელმწიფოებსა და კერძო კომპანიებს შორის დაბალანსებულად.

🔹 თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრი, პასუხს აგებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობაზე და მის ხარისხზე.

🔹 აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველა რაიონში, პირველ ეტაპზე უნდა იყოს თუნდაც ერთი მაინც, სამედიცინო დაწესებულება, რომელზედაც პასუხს აგებს სამინიტრო, ხოლო შემდეგ ეტაპზე სამედიცნო დაწესებულებები უნდა გაიხსნას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში და ეს სამედიცინო დაწესებულებები აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.
მეორე საკითხი ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ყოველთვის იყო სამაგალითო და წარმატებული. ეს დაწესებულება დღეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, მაგრამ იქ არ არის სახარბიელო მდგომარეობა და მოგმართავთ თხოვნით, გადახედოთ დღეს იქ არსებულ ვითარებას.

🔹 მიმაჩნია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა იყოს სახე, როგორც სამედიცინო პერსონალის, ჯანდაცვის სამინისტროსი, ასევე, მთლიანად საქართველოსი. მიიღეთ ზომები და თბილისში ერთი სამედიცინო დაწესებულება, მაინც გახადეთ სამაგალითო.

🔹 მე როგორც ქართველ კაცს, გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან სხვა ქვეყნებში და იქ მოღვაწეობენ როგორც ექიმები და საკმაოდ წარმატებითაც. პანდემიის დროს არაერთი ასეთი ქართველი ექიმი გვაძლევდა სასარგებლო რჩევებსა და დარიგებებს კოვიდთან ბრძოლის საქმეში.

🔹 ჩვენი სამშობლოს შვილები, რომლებმაც აქ მიიღეს განათლება, ან ნაწილობრივ მიიღეს განათლება საქართველოში და მერე სწავლა გააგრძელეს საზღვარგარეთ, სამწუხაროდ, დღეს, ჩვენს ხალხს არ ემსახურებიან.

🔹 ჩვენი წინადადებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს ვალდებულება, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა საქართველოდან წასული ქართველი ექიმები, ჩამოვიდნენ საქართველოში და ემსახურონ საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ან, მათი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ დღევანდელი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, რითაც ამაღლდება სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი.

🔹 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელ დახმარებათა ცენტრთან დაკავშირებით, სადაც დაახლოებით 1200 თანამშრომელი მუშაობს, მივიღე ინფორმაცია, რომ ცენტრის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე კალანდიას დროს, გაიცა დაპირება, რომ არსებული კოვიდ დანამატი, რომელიც დაახლოებით 600 ლარს შეადგენს, თანამშრომლებს გადაეცემოდათ ხელფასის სახით, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. დღეს ცენტრის დირექტორი გახლავთ ალექსანდრე კუტიბაშვილი და ეს ხალხი ითხოვს პასუხს ამ დაპირებაზე და მიმაჩნია, რომ მათ ამ საკითხზე პასუხი აუცილებლად უნდა მიიღონ.

🔹 იმედი მაქვს, ჩვენს წინადადებებსა და შენიშვნებს განიხილავთ და მიიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

🔹 მადლობას გიხდით თქვენ და მედიცინის ყველა მუშაკს იმ თავდადებული შრომისთვის, რომელიც გაწიეთ პანდემიის უმძიმეს პერიოდში.
გისურვებთ წარმატებებს“.