პოლიტიკური წლის შეჯამება ფრიდონ ინჯია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში

🔷 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას არაობიექტურად მიაჩნია, საქართველოს პროკურატურის მიერ ლაშა შარუხიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, რომელმაც მცხეთის გამგეობის წინ ევროკავშირის დროშა დაწვა. დეპუტატის აზრით, ასეთი ქმედება არ ითვალსიწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხსიმგებლობას.

🔷ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში პოლიტიკური წლის შეჯამებისას განაცხადა.

🔷 „ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად.

არსებობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, სადაც ცალსახად არის აღნიშნული, თუ რა შემთხვევაში და რა როდის ისჯება ადამიანი. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმა ეხება მხოლოდ იმ ქვეყნების დროშების შებღალვას, იმ გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს, სადაც გაწევრიანებულია საქართველო, ან ქვეყანას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში, პიროვნება ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, 2000 ათასი ლარით“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა გადაცემაში შეაფასა 2023 წლის პოლიტიკური მოვლენები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მიღებულ კანონს რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოყვა და ქვეყანაში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალები პროტესტის მიუღებელ ფორმებს იყენებდნენ, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ პროცესებს არ დაუპირისპირა რადიკალური ნაბიჯი, წავიდა გარკვეულ დათმობაზე და უკან გაიწვია მიღებული კანონი.

🔷 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს როლი და ფუნქცია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი.

🔷 მისივე თქმით, უდიდესი როლი ენიჭება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაფორმებულ მემორანდუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორთან.

🔷 „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობა მართლაც რომ სტრატეგიულია და შეიძლება ითქვას, ამ მოცემულობაში გადამწყვეტიც კი იყოს. ძალიან დასაფასებელია საქართველოს ხელიუფლების მხრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. მიმაჩნია, რომ მომავალი წლიდან, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ურთიერთობის გასაფართოებლად და გასაღრმავებლად. ვინაიდან, ეს ურთიერთობა შესაძლოა საქართვლოსთვის გადამრჩენიც იყოს. ეს იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თუ სამეზობლო პოლიტიკის დალაგების თვალსაზრისით“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ამიერკავკასიაში, საქართველო არის კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის.

„საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც ყველა კონფესიას პატივს ვცემთ. საქართველო არის კარიბჭე, საუკეთესო გზა, მიმართულება აზიიდან, ჩინეთიდან და თუ ინდოეთიდან ევროპაში მოსახვედრად“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია „3+3 ფორმატის“ პროექტი, რომელიც რეგიონის ქვეყნების მიერ არის წარმოდგენილი და ამ პროექტში მონაწილების მისაღებად მიწვეულია საქართველოც. თუმცა, რიგი ფაქტორების გამო, საქართველო ამ პროექტში არ არის ჩართული.

🔷 „3+3 ფორმატის“ კონცეფციას და ამ ფორმატში ჩართული ქვეყნების საგარეო მიმართულების ხელმძღვანელების განცხადებებს თუ ჩავუღრმავდებით, აქ სხვადასხვა გარანტიებზეა საუბარი და ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გამოიყენოს საკუთარი ინტერესებიდან და ხალხის კეთილდღეობიდან გამომდინარე. თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ირანი, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და ჩვენ უნდა ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობები მათთან, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ურთიერთობა და პროექტების განხორციელება უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. სწორედ მაშინ ექნება ამ პროექტს განვითარება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, პირდაპირ დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

🔷„როდესაც პირდაპირ დიალოგზე მიდიხარ აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ეს დიალოგი მისაღები და მომგებიანი უნდა იყოს ყველა მხარისთვის. თუკი ჩვენ ვიქნებით „3+3 ფრომატში“ და მივიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური პორტფელი უფრო სავსე და მსუყე იქნება მოლაპარაკებების პროცესში. ხოლო თუ ჩვენ გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ეს ფაქტორიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნისთვის და გაგვიადვილებს დიალოგს იმ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია.

🔷 მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთობლიობაში ყველაფერი უნდა გამოიყენოს. „3+3 ფორმატში“ გამოთქმული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი უნდა გახდეს დიდი არგუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის გამთლიანების უმნიშვნელოვანეს საკითხზე დიალოგის პროცესში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა გადაცემაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ქვეყანამ უმძიმესი ორი წელი გაიარა და ხელისუფლებამ სახელმწიფოში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო. ასევე, თავიდან იქნა აცილებული არეულობა ქვეყენაში, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ხელით ევროპასა და ამერიკაში იგეგმებოდა. პრაქტიკულად, დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“.

🔷 მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 2024 წელი გახლავთ საპარლამენტო არჩევნების წელიწადი და პოლიტიკური ველზე მოასპარეზე პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ აქტიურობა, დეპუტატის აზრით, ხელისუფლებას მართებს მაქსიმალურად გამოიყენოს დღეს არსებული შესაძლებლობა და ხელიდან არ გაუშვას მოცემული შანსი პირდაპირი დიალოგისა ქვეყნის გამთლიანების საკითხთან დაკავშირებით.

🔷 „გასაგებია, რომ 2024 წლის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას მოცემული შანსი პირდაპირი დიალოგისა ქვეყნის გამთლიანების საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად არჩევნებს, მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს პირველ რიგში აუცილებლად და მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხელისუფლება მეტად უნდა ჩაერთოს და მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სოციალური პროექტების განხორციელების საკითხებში.

🔷 „საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს პარტიას, სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხელისუფლება ჩაერთვება და მეტ პასუხისმგებლობას აიღებს სოციალურ საკითხებზე მოქალქეებთან მიმართებაში. ყველაფერი საბაზრო ეკონომიკა არ არის და ამის კარგი მაგალითია ჩინეთი, სადაც არის საბაზრო ურთიერთობები და ამ დროს, სახელწიფოს მხრიდან რეგულირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები და ამას აკეთებს ისეთი დიდი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა მილიარდ ნახევარს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში კი, ეს გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.

🔷 მხედველობაში მაქვს, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების თვლსაზრისით სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიის შექმნა. მეორე, ეს არის საბანკო სექტორი. ის რაც ამ პატარა სახელმწიფოს საბანკო სექტორში ხდება სესხებზე საპროცენტო განაკვეთებისა და ბანკების კოლოსალურ მოგებასთან დაკავშირებით, ყოვლად დაუშვებელია. რაც არ უნდა მოუმატოს ხელისუფლებამ პენსიონერს პენსია, ხელფასი პედაგოგებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ არის მთავარი. მთავარია ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც დღეს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს იცხოვროს ნორმალურად. ყველა პროექტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლად. სოფლის დაცლისა და მოსახლეობის გადინების პროცესი გაგრძლედება, თუკი ხელისუფლება გვერდში არ დაუდგა თავის მოქალაქეებს.

🔷 ამასთანავე, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ააშენოს ისეთი სახელმწიფო, შექმნას ღირსეული ცხოვრების პირობები, სადაც ყველა ემიგრანტი დაუფიქრებლად დაბრუნდება სამშობლოში.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*