დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ფრიდონ ინჯია

🔷 უკრაინაში ომი, ეს არის ომი საქართველოშიც, უკრაინაში ომის წაქეზება -საქართველოში ომის დაწყების სურვილის ტოლფასია – ფრიდონ ინჯია
🔷 დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ფრიდონ ინჯია.
🔷საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების რიტორიკა უკრაინაში ომის წამქეზებელია, რაც ავტომატურად საქართველოში ომის გამოწვევასაც ნიშნავს.
🔷 „თუ მაინცა და მაინც რეზოლუციას მიიღებს მმართველი პარტია, იქ არ უნდა იყოს წაქეზება და ისეთი რამ, რაც გააქტიურებს და შესაძლებელს გახდის უკრაინაში ომის დაწყებას. ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ეს არის ომი საქართველოშიც. წინა მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო დღევანდელ მდგომარეობამდე. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ იყოს დარღვეული მთელი ტერიტორია, თქვენი რიტორიკით ყველაფერი აქეთკენ მიდის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის რეზოლუციის პროექტის განხილვისას.
🔷 ის მოუწოდებს პარლამენტარებს ყურადღება მიაქციონ იმას, რომ სხვა ქვეყნები თავს იკავებენ მსგავსი დოკუმენტის მიღებისგან.
🔷 „ჯერ არ დაწყებულა პოლიტიკური ვაჭრობა, და არ ვიცით რა ხდება, რა იქნება, რა მოლაპარაკება მიდის, სად ამოგვაყოფინებენ თავს. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუნდაც, შეიარაღების მიწოდება, ეს არის ბიძგი ომისკენ. ჩვენ ომი არ გვინდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ომი არ იყოს“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ“ – ფრიდონ ინჯია

📍„ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მსჯელობა გაიმართა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შესახებ.
🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მოუწოდა როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას განახორციელონ „ბრძნული პოლიტიკა და ნუ გაიქცევიან ორთქლმავლის წინ“.
🔷 „ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმდენად გლობალური დაპირისპირებაა, რომ მთელ მსოფლიოს ეხება, ქვეყნების 99%, დაწყებული უკრაინის მეზობლებით, მსგავს რეზოლუციას არ იღებს. მარტო გამოვდივართ ჩვენ. ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. მე მეშინია, რომ დაიწყოს ომი და ამ ომში, რომელშიც დასავლეთი მონაწილეობას არ იღებს, ჩვენ აქედან უკვე ვერთვებით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔷 მისი თქმით, საქართვლომ თავისი ცალმხრივი პოზიციით, არ უნდა გააღრმავოს დაპირისპირება და არ უნდა იყოს წამქეზებელი ომისკენ, არამედ სიმშვიდისკენ მოუწოდოს მხარეებს, რადგან რუსეთი და უკრაინა, როგორც მოძმე ერები ერთ დღეს, შესაძლოა, კვლავ შერიგდნენ.
🔷 „უნდა დავიკავოთ ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ომში დაიკავა. ის ბრძნული პოზიცია შეშვენის ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქვეყანას. აქ ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. ორი დიდი „მონსტრი“ ომობს… თუ ხედავთ, რომ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ არ არის ისეთი დაპირისპირება როგორსაც ამბობთ, მაგრამ დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ეუბნებიან, არა, შენ უნდა იომო. დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თუ მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს ჩვენი მოძმე უკრაინა, ის ორი ოლქი – დონეცკი და ლუგანსკი რუსეთმა სცნოს, და აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოა. მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რეზოლუციაში კი არის ისეთი ელემენტები, რითაც ჩვენ, შესაძლოა, ზიანი მივიღოთ. ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველომ 3+3 ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველომ 3+3 ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.


🔷 როგორც ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, საქართველო პრაგმატულად უნდა მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამოდინარე.


🔷 „რაღაც სხივი გამოჩნდა. მაგალითად, ფორმატი 3+3… ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის ტვირთები, რომელიც ჩვენი პორტებიდან გადის, შეიზღუდოს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. მიიღე მონაწილეობა მოლაპარაკებებში, პრაგმატულად უყურე – თუ არის მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, ვაწერთ ხელს, როგორც ამას აზერბაიჯანი და თურქეთი აკეთებენ, რომლებმაც ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ვეებერთელა მოგება ნახეს, იმით, რომ თავისი პროდუქციით, ფაქტიურად, რუსეთის ბაზარი აიღეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


🔷 მისი თქმით, ფსევდო ლიბერალურმა პოლიტიკამ, რომელიც საქათველოში 30 წლის განმავლობაში იყო, შედეგი არ გამოიღო, და ქვეყანა დაინგრა.


🔷 „ჩვენი ურთიერთობა მრავალვექტორული უნდა იყოს, ყველას უნდა ველაპარაკოთ. ამიტომ, ნუ შეგვეშინდება რამე იარლიყების. ჩვენს გუნდში, ყველა ვუყურებთ პრაგმატულად არსებულ სიტუაციას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ისეთი რამე არ უნდა ჩავიდინოთ, რომ მერე მისასვლელი არ გვქონდეს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ნაადრევია.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტის შესახებ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ნაადრევია.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თუ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი უყაროს რეზოლუციის პროექტს, პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტს განსახილველად წარუდგენს „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში

📍 საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.
🔷 ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ უკრაინაში სარკისებურად მეორდება საქართველოს 2008 წლის მოვლენები.
🔷 „ერთმანეთში ორი დიდი “მონსტრი” არკვევს საქმეს და შენ ცხვირს ჰყოფ. ამასთანავე, არც კი იცი, რაზე საუბრობენ, არ იცი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა მისწერა რუსეთს დახურული პასუხით. შესაძლოა, ისეთი რამ წერია, რომ საერთოდ სამასხარაო გახდე … უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ უკრაინა, ასე რომ ვთქვათ, მეორე პლანზეა, იმას არც ეკითხებიან, დაპირისპირება აშშ- სა და რუსეთს შორისაა, და ჩვენ საერთოდ ვინ შეგვეკითხება რამეს“, – განაცხადა ინჯიამ.
🔷 მისი თქმით, საქართველომ ისტორიიდან გაკვეთილები უნდა მიიღოს და დასკვნები გამოიტანოს.
🔷 „გადავხედოთ, რა მოხდა 2008 წელს … გაკვეთილი, დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ, ხომ გაგაფრთხილეს … ცხონებული ეროსი კიწმარიშვილმა როდესაც ჩამოიტანა ეს ამბავი, მეორე დღეს ის მე შემხვდა და მითხრა, რომ მძიმე მდგომარეობააო, ჩვენებს აქ ვერ ვაკავებო. ხომ არ არის სარკისებურად? იმ დროს 2008 წელს ეს შეიარაღება მოდიოდა ყველა ქვეყნიდან, ახლა იქაც მიდის ყველა ქვეყნიდან, თუმცა ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ თქვა, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას და საერთოდ გამოვიყვანთ ჯარს აქეთო, ესენია – ხორვატია, ბულგარეთი … ხომ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა?“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔷 რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთს დიდად არ დააზიანებს.
🔷 „თუ რომელიმე ჩიპი არ მისცეს რუსეთს, იაროსლავის ოლქის გლეხს ან მუშას სულ არ აინტერესებს ეს შენი ჩიპი, ან კიდევ რუსეთის ხელმძღვანელობა შოპინგზე თუ არ წავა ელისეს მინდვრებზე, არაფერი ამით არ იქნება“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.