ფრიდონ ინჯია: „ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არავითარი არგუმენტაცია, რომ მხარი არ დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს“

🔷„ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არავითარი არგუმენტაცია, რომ მხარი არ დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს“. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე წარდგა.

🔷როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება ორმაგად კრიტიკული კონსტრუქციულ ჭრილში, ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხთან მიმართებაში.

🔷ფრიდონ ინჯიამ ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა როგორც არგუმენტირებული, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარადგინა არამარტო სამთავრობო პროგრამა არამედ, საკუთარი თავი.

🔷„ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისი გამოსვლა იყო დინჯი, მშვიდი და არგუმენტირებული. მან პარლამენტში წარადგინა არამარტო სამთავრობო პროგრამა, არამედ საკუთარი თავი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მომავალი პრემიერ-მინისტრის მხრიდან საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში პრინციპული და შეურიგებელი მიდგომის აუცილებლობაზე.

🔷„მიმაჩნია, რომ თქვენი მხრიდან მთავრობის წევრებთან მიმართებაში, რომლებიც დაინიშნებიან პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, უნდა იყოს შეურიგებელი და პრინციპული მიდგომა. ამ თვალსაზრისით არ უნდა არსებობდეს არავითარი დიფერენცირებული დამოკიდებულება. ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, ეს იქნება დიდი თუ პატარა გადაცდომა, გადაწყვეტილება უნდა იყოს მხოლოდ ერთი – დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. საქართველოში მოიძებნება საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასეთი პრინციპული მიდგომით ბევრი რამ სასიკეთოდ გადაწყდება ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის შექმნის თაობაზე, რომელიც მოემსახურება საჯარო სამსახურებს, რითაც ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეამცირებს სახელმწიფოს ხარჯებს.

🔷„ხელისუფლების მხრიდან ერთი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის შექმნა კონკურენციას გაუწევს კერძო სადაზღვეო კომპანიებს, რაც ამ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის და ამასთანავე, სახელწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვა მოხდება. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით თქვენგან მივიღე ჩემთვის მისაღები პასუხი, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება, და თუ სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტის 51% -ი ექნება, ამ ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიამ ასევე, ისაუბრა სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობისთვის ფულზე ხელმისაწვდომობა. მაგალითისთვის ფრიდონ ინჯიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მოიყვანა, სადაც 4 სახელმწიფო ბანკი არსებობს, რითაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება ისარგებლოს ე.წ. იაფი ფულით და გადაიხადოს მინიმალურად დაბალი პროცენტი გაცემულ სესხზე.

🔷„სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაატარა ჩინეთის ხელისუფლებამ, სიღარიბე მინიმუმამდეა დაყვანილი. ქვეყანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ვითარდება და ჩინეთი მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების სიაშია. ასევეა, სკანდინავიის ქვეყნებში.

🔷თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც პენსიონერებისთვის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი იყოს 26% -ი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ერთი სახელმწიფო ბანკის შექმნა გადაჭრის ქვეყნის წინაშე საბანკო სექტორში დღეს არსებულ პრობლემას. შეიძლება წინააღმდეგობები იყოს სავალუტო ფონდიდან, ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან, მაგრამ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. მით უმეტეს, როცა დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა ალტერნატიული ფულადი რესურსების მოძიების მსხვილი წყაროები“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷მისივე თქმით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე არსებული ფასები დარეგულირებას საჭიროებს და ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნითა და ყველა ქალაქში შესაბამისი სახელმწიფო სააფთიაქო ქსელის გახსნით.

🔷„სახელმწიფო ფარმაცევტულმა საწარმომ უნდა გამოუშვას ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რაზეც იმპორტიორები, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვთ ბაზარი, ხედავენ ყველაზე დიდ მოგებას. ეს არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიას, განცხადებით, როცა სახელმწიფო ფლობს როგორც საფინანსო, ფარმაცევტულ და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში საკონტროლო პაკეტის 51% -ს, მას აქვს სერიოზული ბერკეტი, გრძნობს თავს მყარად და დაცულად სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების შესრულებაში, და ამით სახელმწიფოში კერძო სექტორთან მიმართებაში, იქმნება ჯანსაღი კონკურენციის საფუძველი.

🔷როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითია, პანდემიის დროს, ჩინეთიდან შემოტანილი სახელწმიფოს მიერ წარმოებული ვაქცინები, რომელმაც ჯანსაღი კონკურენცია გაუწია გერმანიიდან კერძო ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ვაქცინებს, როგორც ფინანსური, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

🔷ფრიდონ ინჯიამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს, დამარცხების შემთხვევაში, ეყოთ გამბედაობა და აღიარონ დამარცხება, რათა არ განმეორდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ბოიკოტირება საპარლამენტო საქმიანობის.

🔷„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იყო მთავრობის მოწინააღმდეგე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივეცით ხმა კანონებს და პარლამენტის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნდა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ მხრივ ბევრჯერ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია.

🔷მთელი 5-6 თვის განმავლობაში, მეათე მოწვევის პარლამენტში ვიყავით მხოლოდ ორი პარტია – „ევროპელი სოციალისტები“ და „ქართული ოცნება“. სხვა პარტია პარლამენტში არ შემოდიოდა. ისინი ვერ შეეგუენ დამარცხებას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იყო ხელისუფლების მოწინააღმდეგე. თუ შენ საქართველო გიყვარს და ამ ქვეყნის შვილი ხარ, გვერდში უნდა დაუდგე იმ ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია. ამაში მე ვერ ვხედავ ვერაფერს დასაძრახს“, – მიაჩნია დეპუტატს.

🔷ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მსოფლიო დღეს დგას ახალი გადანაწილების ეტაპზე, რასაც თან ახლავს საკმაოდ რთული პროცესები, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარა ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა დიდი სიფრთხილე.

🔷„ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვმართებს დიდი სიფრთხილე. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევებთან მიმართებაში”, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა.

🔷„ბატონო ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ამით ბევრი რამ გამოჩნდება და სალაპარაკოც აღარავის ექნება. უნდა გაირკვეს სიმართლე“, – დასძინა დეპუტატმა.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*