“უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უკვე შეცვლილი არჩევის წესი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი კვორუმით, 90 დეპუტატის თანხმობით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, ვერ ხორციელდება და ვიღებთ არაეფექტურ, ყოველ 6 თვეში კომისიის თავმჯდომარის არჩევის პრაქტიკას, რაც არ არის სასარგებლო, მისაღები, და უფრო მეტიც, არის ხელის შემშლელი ფაქტორი კომისიის მუშაობის პროცესში. ეს არის მმართველი პარტიის მარცხი და უკან დახევა”.
ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ეუთო/ოდირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების განხილვა, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან კიდევ უფრო მჭიდრო შესაბამისობაში მოყვანა და სამომავლო თანამშრომლობის სფეროებისა და კონკრეტულად გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, „საარჩვენო კოდექსში ახალი ცვლილების თანახმად, არჩევნების პროცესი 70%-მდე ელექტრონული სისტემით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ 30%-მდე, Tu 30%-ზე ზევით, საარჩევნო უბნებზე იყოს დაწესებული საარჩევნო პროცესის განსაკუთრებული კონტროლი, რადგანაც სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე დიდი საშიშროება არჩევნების გაყალბების. ამიტომ, აუცილებელია, ამ კონკრეტული სიტუაციისადმი განსაკუთრებული მიდგომა, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით“.
ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ დღემდე დიდ პრობლემად რჩება არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გამოიხატება ამომრჩევლებისადმი ზეწოლაში.
„არსებულ პროექტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა გამკაცრებულია, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია საკმარისად. უნდა იყოს დასჯის ისეთი მეთოდი, რომ ადამიანს გაყალბება არ უღირდეს“- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.