ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო უწყების საქმიანობა შეაფასა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და ამოცანებზე

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო უწყების საქმიანობა შეაფასა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და ამოცანებზე.

📍 უმაღლეს საკანომდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

🔴 ქვეყნის გაერთიანება;

🔴 ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება;

🔴 ლტოლვილებისა და ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში მათი ინტელექტუალური, კულტურული, ფინანსური რესურსით საქართველოს გასაძლიერებლად;

🔴 ეკონომიკური წინსვლა და განვითარება;
ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

🔶 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანის – ქვეყნის გაერთიანების პრობლემის გადასაჭრელად ხშირად არის საუბარი სამი გზის არსებობის შესახებ. კერძოდ, ერთერთ გზად ქვეყნის გასაერთიანებლად თვლიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას; მეორე გზად მიჩნეულია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში; მესამე გზა კი, ეს არის პირდაპირი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომლის კონტროლის ქვეშ არის ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები.

🔶 „განვიხილოთ სამივე ვარიანტი. მიმაჩნია, რომ ნატოში გაერთიანების შესახებ რიტორიკამ განაპირობა საქართველოს ტერიტორიების 20% -ის დაკარგვა. ამის მიზეზი იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი. ის რიტორიკა, იმ სამხედრო ტექნიკის შემოტანა, რომელიც შემდეგ მშვიდად და უკლებლივ გადასცეს რუსეთს 2008 წელს.

🔶 მე მაშინაც ეჭვი მეპარებოდა, რომ ნატოს ჯარი შემოვიდოდა და დაიცავდა საქართველოს ტერიტორიას. დღეს კი, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, მე და ბევრი ჩემს ირგვლივ, დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ნატოს არცერთი ჯარისკაცი არ შემოვა და არ დაიცავს და არ იბრძოლებს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ნატოს მიმართ ლტოლვამ, სხვადასხვა ჩანაწერებმა, შეიარაღებამ განაპირობა და გამოიწვია ის მდგომარეობა, რაც დღეს უკრაინაში არის შექმნილი.

🔶 უღირდა კი უკრაინას ?….

🔶 როგორც ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან კენედმა განაცხადა 350 ათასი ჯარისკაცი არის დაღუპული უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან. განადგურებულია ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა დაკარგულია უკრაინის ტერიტორიის 20% და არა მგონია, რომ ეს უღირდა ქვეყანას. ჩვენ ძალიან ხშირად გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ამ ვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო მინსკის ხელშეკრულების შესრულება.

🔶 ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული და მიმაჩნია, რომ რაიმე სახის ურთიერთობა ნატოს ჯართან, საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის გზა ქვეყნის გადარჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

🔶 თქვენ კარგად გესმით, ბატონო მინისტრო, საქმის ვითარება და, ალბათ, არის საკითხები, რაზეც ხმამაღლა საუბარი რთულია, შესაძლოა, ამისთვის ნიადაგი არ იყოს ჯერ მომწიფებული, მაგრამ სიმართლე ერთია …

🔶 თქვენ მოგიწიათ მინისტრობა იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში ქვეყნების ტერიტორიების გადანაწილება მიდის და ამ პროცესში ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა, ვერ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ჩვენზე, პრაქტიკულად, არაფერი არ არის დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდობის პოლიტიკის შენარჩუნება, რასაც თქვენი უწყება დღეს აწარმოებს. მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება არის გზა იმის შესანარჩუნებლად და გადასარჩენად, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს სურვილია, რომ მას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თავად ევროკავშირსაც არანაკლებ უნდა სურდეს ამ გადაწყვტილების მიღება, სხვა შემთხვევაში ის ამიერკავკასიას დაკარგავს.

🔶 „გადაყვა მთელი ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ, როდესაც ეს სტატუსი არაფერს არ წარმოადგენს და არაფრის მომცემია. შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთის რესპუბლიკის მაგალითი, რომლსაც ათეული წლებია აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ქვეყნისთვის რაიმე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. საქართველოსთან მიმართებაში, კი არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რის გამოც არ მოგვენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო სამ ქვეყანას, შორის ყველანაირი პარამეტრებით იყო პირველ ადგილას“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 ფრიდონ ინჯიას თქმით, სტატუსის შესაფერადებლად და ქვეყნის გარკვეულ ჩარჩოებში მოსაქცევად გამოიგონეს 12 რეკომენდაცია, რომელიც ისევე როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ქვეყნისთვის არაფრის მომცემია. პრაქტიკულად, საქართველო უკვე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ვინაიდან მას განაცხადი ამის შესახებ გაკეთებული აქვს და ევროკავშირმაც მიიღო ქვეყნის განაცხადი და შევსებულია აქვს 2500- ზე მეტი კითხვა. ასეთივე სიტუაციაშია ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც რიგში დგას, მაგრამ არცერთი ქვეყნისთვის ევროკავშირს არ წაუყენებია მსგავსი მოთხოვნები, თუ პირობები კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

🔶 „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დღევანდელმა ხელისუფლებამ რა ძალისხმევასაც არ უნდა ჩადოს, და რა შეხვედრებიც არ უნდა აწარმოოს ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, ამ ვითარებაში ეს ნაბიჯები აზრს მოკლებულია. ქვეყნის დღევანდელმა ხელისუფლებამ მართლაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, და დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკურ ნებაზე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „თქვენ ჩაგითრიეს ამ პროცესებში და ყოველ წუთას გიწვეთ თავის მართლება. ნუ მოიკლავთ თავს. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იყოთ ღირსეული და მართლაც, რომ ღირსეულია თითოეული თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი.

🔶 მიმაჩნია, რომ თქვენ პირიქით, ევროკავშირს უნდა წაუყენოთ პირობა – ჩვენ ვიფიქრებთ შევიდეთ თუ არა ევროკავშირში. რადგან, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია თავისი უძველესი კულტურით, ტრადიციებით, ქართველი კაცის ოჯახთან დამოკიდებულებით, ქართველი კაცის შვილებთან დამოკიდებულებით, ოჯახის სიწმინდით, რომელიც თითოეული ქართველისთვის სალოცავი გახლავთ, სტუმართ-მასპინძლობით. ჩვენს ქვეყანაში დაიბადნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი ბუმბერაზი ადამიანები, როგორებიც იყვნენ შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და ასე შემდეგ. რომელთაც თავიანთი შემოქმედება დაუტოვეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს.

🔶 ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი ან სხვა რელიგიისადმი აგრესიული გამოვლინებები, და ევროპამ ეს უნდა ისწავლოს ჩვენგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔶 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ქვეყნის გაერთიანების გზაზე რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

🔶 „შენს საქმეს შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. შენს ტკივილს შენზე მეტად გულთან სხვა არ მიიტანს. ამიტომ თქვენ ეძებეთ ყველა შესაძლებლობას დიალოგისთვის საერთაშორისო დონეზე. გადაუწყვეტი არაფერი არის.
ამ შემთხვევაში არის გამოსავალი, და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირდაპირი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს, შესაძლოა, ჰქნოდეთ თავიანთი ინტერესები, რომელიც არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*