საქართველოს არ დასჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თუკი სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს არ დასჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თუკი სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის გამოკითხვის შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს მხოლოდ ერთ პასუხს, რომ სახალხო დამცველი საქართველოს არ სჭირდება.

🔹 „დარწმუნებული ვარ, ეხლაც რომ ჩატარდეს გამოკითხვა, მივიღებთ პასუხს, რომ სახალხო დამცველი საქართველოს არ სჭირდება.“

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

🔹 „ჩემი პირადი ხედვაა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ სჭირდება, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კანონის უზენაესობა არ არის, და კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი უნდა იცავდეს საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანის რწმენას, ადათ-წესს, ისტორიას, კულტურას, უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებას. აქედან გამომდინარე, ავირჩიოთ სამშობლოს მოყვარული, ერთგული და ღირსეული პიროვნება.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ 4 დეპუტატის 19 სექტემბრის განცხადებას გამოეხმაურა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ 4 დეპუტატის 19 სექტემბრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დაფინანსების საკითხს, სადაც აღნიშნულია, რომ „ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ არის მიმართული.“

🔹 ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე მიმართა კოლეგებს, ყურადღებით გაეცნონ აღნიშნულ განცხადებას, რადგანაც მასში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია თავმოყრილი, რაზეც მასაც თავის საპარლამენტო გამოსვლებში არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება.

პარლამენტში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა გრძელდება

📍 პარლამენტში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გრძელდება.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ძირითადი ცვლილებები გააცნო და ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

🔹 „არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, შევცვალეთ წლიური პროგნოზები. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება თავდაპირველად დაგეგმილზე უფრო მაღალი – 8,5%, ასევე გვაქვს დამატებითი შემოსავლები, რომელსაც ორი მიმართულებით ვანაწილებთ. პირველი და მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტის დეფიციტის და ვალის შემცირება. დაახლოებით 700 მლნ ლარით მცირდება დაგეგმილი ვალის აღება. მეორე მიმართულება არის იმ აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ქვეყანას ვალდებულებად აქვს აღებული. ეს არის ბავშვთა სოციალური დაცვის მიმართულება, სოციალურად დაუცველთა დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს, რადგან ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით იზრდება.

🔹 „ეს საკმაოდ დიდი თანხაა და ბიუჯეტის ზრდა მისასალმებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ეს დამატებითი შემოსავალი. ამ მიმართულებით შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული კითხვები. თანხის გადანაწილებისას, პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ის საჭიროებები, რომელიც მიმდინარე წელს გამოჩნდა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

ევროპელი სოციალისტების საკანონმდებლო ინიციატივა

📍 ფრიდონ ინჯიამ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების თაობაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა

🔹 პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმდჯომარემ ფრიდონ ინჯიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „მოქალქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით წასულ პირთათვის და მათი შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ პროექტის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები იმ პირების და ასევე მათი შვილების მიმართ, ვისაც რიგი გარემოებების გამო – ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საომარი ვითარების პირობებში მოუწიათ ქვეყნის დატოვება და სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლა.

🔹 „აუცილებელია კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცაა ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში. ამის მაგალითია ისრაელი, საბერძნეთი… სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ქვეყნის გაძლიერებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, ამ ცვლილებების ამოცანა და სულისკვეთება ის არის, რომ მოვიზიდოთ ქართველები სამშობლოში დასაბრუნებლად.

🔹 „ქართველად დაიბადა, და სადაც არ უნდა დაიბადოს, ის ქართველია… მან არ იცის ენა, თუ არ შემოუშვი, ენას ვერასდროს ისწავლის“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ნაწილმა კანონპროექტის იდეასა და სულისკვეთებას მხარი დაუჭირა.

კანონი არ უნდა აძლევდეს საქმიანობის საშუალებას ისეთ ორგანიზაციას რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს – ფრიდონ ინჯია

👉 „კანონი არ უნდა აძლევდეს საქმიანობის საშუალებას ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“ – ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა რეგულირდებოდეს კანონით და კანონი არ უნდა აძლევდეს საქმიანობის საშუალებას ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ მივუშვით ყველაფერი… კანონის უზენაესობა ყველაფერს დაალაგებს. შესაძლოა ეს მტკივნეული იყოს პრემიერ-მინისტრის, პროკურატურისა თუ პარლამენტის მხრიდან, მაგრამ გასაკეთებელია… დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. კანონებიც არის მისაღები იგივე ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე. რომელ არხზე ნახავთ თუნდაც საფრანგეთში ან ინგლისში და სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ გინებას, ჩხუბსა და ცემა-ტყეპას, როგორც ჩვენთანაა. ერთი სიტყვაც რომ წამოსცდეს გაუგებარი, ცილისმწამებლური ვინმეს, მთელი ცხოვრება სასამართლოებში ატარებენ. ჩვენთანაც უნდა შეიქმნას მსგავსი პრეცედენტი…“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, დაახლოებით 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მოქმედებს და ფინანსდება „იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ინტერსი აქვთ, რომ საქართველოში იყოს მათი ხელისუფლება და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რომლებიც, ერთის მხრივ, აფინანსებენ მათ და მეორეს მხრივ მოითხოვენ, რომ ხელისუფლება გადააბარო დესტრუქციულ ოპოზიციას“.